Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აწამებენ თუ არა ადამიანებს საქართველოში?


სახალხო დამცველი, ვიდრე პარლამენტის წინაშე წარდგება, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს საზოგადოებას აცნობს.

სოზარ სუბარმა ამჯერად 2008 წლის პირველ ნახევარში აღრიცხულ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუჩინარების ფაქტებზე ილაპარაკა. ომბუდსმენის ოფისში გამართულ შეხვედრას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინდა გაუწყოთ, რომელ სახელმწიფო უწყებებში აწამებენ ადამიანებს და როგორ რეაგირებს კანონდარღვევებზე მართლმსაჯულების სიტემა.

გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება ან დამცირება. წამებას და არაჰუმანურ მოპყრობას ასევე კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. და მაინც, უკანასნელი წლების განმავლობაში მიღწეული გარკვეული პროგრესის მიუხედავად, როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, საქართველოში დღემდე აწამებენ ადამიანებს:

[სოზარ სუბარის ხმა] „პროგრესი არის ის, რომ აღარ სცემენ ყველა დაკავებულს. პოლიციაში ვინც მიჰყავდათ, ადრე ყველას სცემდნენ. ახლა ყველას აღარ სცემენ და მუდმივად მიდის აპელირება, რომ ამ პროგრესს მივაღწიეთ და რატომ არ ხდება ამის აღნიშვნა.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის თქმით, გარდამტეხი აღმოჩნდა 2005 წელი, როცა სახალხო დამცველის აპარატის ფართომასშტაბიანმა მონიტორინგმა წინასწარი დაკავების საკნებში შედეგი გამოიღო. ასევე იკლო დაკავების დროს ეჭვმიტანილთა ლიკვიდაციის ფაქტებმა, რასაც ვერ ვიტყვით წამებასა და ძალის არამართლზომიერ გამოყენებაზე.

[სოზურ სუბარის ხმა] „15 ნოემბერს სემეგრელოს რეგიონში, სენაკში, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლებიც იქნენ სასტიკად ნაცემი და ერთ-ერთ ადამიანს. ამ ცემისა და წამების შედეგად, მოსტყდა ფეხი. ასეთ საქმეებზე გამოძიება ან არ ხდება, ან, თუ ხდება, სრულიად არაადეკვატური შედეგით სრულდება.“(სტილი დაცულია)

სახალხო დამცველის ანგარიშში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის სხვა არაერთი ფაქტია აღრიცხული. სოზარ სუბარი ასახელებს პოლიციის, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტების იმ თანამშრომელთა გვარებს, რომლებიც ადამიანთა წამებაში, მკვლელობაში, გატაცებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში იმხილებიან, თუმცა ომბუდსმენის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ამბობს, რომ, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხს პოლიციელებიც აგებენ:

[შოთა ხიზანიშვილის ხმა] „სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის პოლიციელები განთავისუფლდნენ სამსახურიდან. ნაწილს დისციპლინარული სასჯელი მიესაჯა, ნაწილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, ნაწილი კი დააკავეს.“ (სტილი დაცულია)

ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ძირითადად, ადგილი აქვს სასჯელაღსრულების სისტემაში. ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, განმარტავს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „დღეს წამებამ მიიღო აბსოლუტურად სხვა ფორმა. აწამებენ იმისათვის, რომ პატიმრები იყვნენ დამონებული და დაშინებული და ისინი ვერ ბედავდნენ პროტესტის გამოხატვას ვერანაირ უფლებადარღვევებზე. ყოველ წუთას პატიმრები ელოდებიან სპეცნაზის შეჭრას და დარბევას.“(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძის თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ვითარება მონიტორინგის თვალსაზრისითაც დამძიმდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება მესამე სექტორის სრულ იგნორირებას ახდენს:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] „არ გვაქვს შესაძლებლობა იგივე პენიტენციურ სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში განვახორციელოთ ელემენტარული მონიტორინგი. ფაქტიურად, არის ყრუ კედელი აღმართული სამოქალაქო საზოგადოებასა და ამ სტრუქტურებს შორის და რეალურად იქ შეღწევა არის ძალიან რთული. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვიყენებთ, არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საქმეები, როცა ჩვენი ადვოკატები ეხმარებიან კონკრეტულ დაზარალებულებს. მხოლოდ მათი და ოჯახის წევრების საშუალებით ვახერხებთ გარკვეული ინფორმაციის გამოტანას და იმ ფაქტების დაფიქსირებას, რომელსაც ადგილი აქვს საქართველოში.“ (სტილი დაცულია)

თუმცა, არც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უარყოფენ იმას, რომ წამების მასშტაბმა საგრძნობლად იკლო. ეკა ბესელია, ლიდერი პარტიისა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“, ამბობს, რომ ამის მიზეზი თვალთვალისა და მიყურადების ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებაა. და კიდევ:

[ეკა ბესელიას ხმა] „არსებობს უფრო სხვა მეთოდები ახლა, რაც არ იყო ადრე. ფსიქოლოგიური ზემოქმედების, ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზემოქმედების მეთოდები ახლა გაცილებით მეტია.“ (სტილი დაცულია)

მასშტაბებისა და მეთოდების გარდა, ასევე შეიცვალა წამების მიზანი და შინაარსი. „დემოკრატიული განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი, ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ შევარდნაძის დროს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ერთადერთი საფუძველი - ფინანსურ-კორუფციული დაინტერესება ჰქონდა, რევოლუციის შემდეგ კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] „გაჩნდა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური დაინტერესება იმისთვის, რომ რეჟიმს ჰქონდეს მტკიცე ბერკეტი და დასაყრდენი და შსს იყოს ხერხემალი სახელმწიფოსი. ასე რომ, მაშინ თუ ეს იყო კორუმპირებული, ფინანსურ მიზნებზე ორიენტირებული დარღვევა, დღეს ეს არის პოლიტიკური მიზნებით განპირობებული დარღვევა, როდესაც ხელისუფლება აი, ამ ბერკეტებით ცდილობს ჰყავდეს დაშინებული ხალხი; სწრაფად და ეფექტურად, თუმცა არასამართლიანად, აწარმოოს სამართალდამცავი საქმიანობა ქვეყანაში.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG