Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა საგადასახადო და საბაჟო შეღავათების განხილვა დაიწყო


საქართველოს მთავრობის ინიციატივის საფუძველზე, პარლამენტმა საგადასახადო და საბაჟო კოდექსების ცვლილებათა პროექტის განხილვა დაიწყო.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება კოდექსის 200-ზე მეტ მუხლს, მათ შორის საშემოსავლო გადასახადსა და დივიდენდების გადასახადს - ეს გადასახადები ხუთ-ხუთი პროცენტით შემცირდება. დაახლოებით ამავე მოცულობით შემცირდება მოგების გადასახადიც.

აგვისტოს კონფლიქტისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად საქართველოს დასუსტებული ეკონომიკის გამოცოცხლება ქვეყნის მთავრობამ შემდგომი ლიბერალიზაციის გზით გადაწყვიტა. მეწარმეებმა სწორედ გადასახადების შემცირება დაასახელეს საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად. ეს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა. ასოციაციის ხელმძღვანელის ანი ქათამიძის კომენტარი:

[ანი ქათამიძის ხმა] „ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, ძალიან ბევრი ალტერნატიული აზრები მოვისმინოთ, თუ როგორ შეიძლება ბიზნესის დახმარება-რეაბილიტაცია...“

საქართველოს მთავრობამ ამ სამივე მოთხოვნის დაკმაყოფილება სცადა და საგადასახადო და საბაჟო კოდექსების ცვლილებები მოამზადა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, საშემოსავლო და დივიდენდის გადასახადის 5 პროცენტით შემცირების გარდა, დაახლოებით ამავე მოცულობით მცირდება მოგების გადასახადი. ქონების გადასახადთან დაკავშირებითაც მთელი რიგი ცვლილებებია, რომელთა არსი გადასახადის შემსუბუქებაა:

[გია ხუროშვილის ხმა] „ეს გახლავთ ერთგვარი შეთანხმება...“

გია ხუროშვილის განცხადებით, ცვლილებები შეეხება საბაჟო პროცედურებსაც. მათი ნაწილი ან გაუქმდება, ან კიდევ გამარტივდება. მკვიდრდება სხვადასხვა ფერის დერეფნების სისტემა, რომელიც გამოარჩევს კეთილსინდისიერ გადამხდელს ნაკლებად სანდო გადამხდელისგან და მათთვის შესაბამის საბაჟო პროცედურებს აწესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნაკლო საბაჟო ისტორიის მქონე კომპანიის ტვირთი მწვანე დერეფანში ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაივლის. სხვა შეფერილობის დერეფნებში სხვაგვარი წესები იმოქმედებს, რაც, მთავრობის აზრით, საბაჟო ადმინისტრირებას გააუმჯობესებს და თან გაამარტივებს კიდეც.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის განცხადებით, მთავრობის მიერ მომზადებული საგადასახადო და საბაჟო ცვლილებები მაქსიმალურად გაამარტივებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას:

[გიორგი მელაძის ხმა] „როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კუთხით...“

დაახლოებით იმავე მოსაზრებას გამოთქვამს საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილი. მისი განცხადებით, საგადასახადო ცვლილებების დიდი ნაწილი ანტიკრიზისულ საბჭოზე ოპოზიციის ინიცირებულია:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ...“

ასევე მცირდება ქონების გადასახადი და მარტივდება სხვადასხვა პროცედურები. საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი, მთავრობის მოთხოვნით, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს, მათი ამოქმედება კი მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება.
XS
SM
MD
LG