Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბომბეიში ტერორის ტალღის შემდეგ: აშშ-ის დიპლომატიური გააქტიურება სამხრეთ აზიაში


ბომბეიში გასული კვირის კოორდინირებული თავდასხმების შემდეგ, აშშ დიპლომატიის გააქტიურებით ცდილობს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას.

ინდოეთი, როგორც ცნობილია, “პაკისტანში მოქმედ ელემენტებს” ადანაშაულებს თავდასხმების ორგანიზებაში. დღეს ორივე ქვეყანას ესტუმრნენ აშშ-ის უმაღლესი რანგის ოფიციალური წარმომადგენლები: ინდოეთში სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩავიდა, პაკისტანში კი შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი მაიკლ მალენი.

დელიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პრიორიტეტი უწოდა თანამშრომლობას, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლას, რათა მომავალში მოხერხდეს ტერაქტების თავიდან აცილება.

[კონდოლიზა რაისის ხმა] “ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც, იმედია, გავწევთ ინდოელ ოფიციალურ პირებთან ერთად, არის საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ვისარგებლოთ ინფორმაციით, როგორ გამოვიყენოთ ის პრევენციის მიზნით. ახლა ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. დიახ, ეს ხალხი უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე საშინელი ქმედებების გამო, რაც მათ ჩაიდინეს. მაგრამ მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ახალი თავდასხმის პრევენცია”.

რაც შეეხება ინდოეთის ხელმძღვანელობას, ის ტერორისთვის პასუხისმგებლებზე ამახვილებს ყურადღებას. ბომბეის იერიშების ერთადერთმა მონაწილემ, რომელიც ხელში ჩაუვარდათ ინდოელ სამართალდამცველებს, გამოძიებას უთხრა, რომ “ლაშკარ-ე ტაიბას” წევრია (საქმე ეხება მუსლიმანი ექსტრემისტების აკრძალულ ორგანიზაციას), რომ მას და იერიშების სხვა მონაწილეებს პაკისტანში წვრთნიდნენ პაკისტანის არმიის ყოფილი ოფიცრები და რომ თავდასხმების მონაწილეები გემით ჩაიყვანეს ინდოეთში პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიდან.

ახლა ინდოეთი პაკისტანისაგან მოითხოვს ზომების მიღებას, მათ შორის 20 ეჭვმიტანილის ექტრადიციას ინდოეთში, რაზეც პაკისტანი უარს ამბობს. პრეზიდენტი ასიფ ზარდარი ირწმუნება, რომ შეისწავლიან მტკიცებულებებს, მაგრამ ეჭვმიტანილების ექტრადიციას არ აპირებენ - მათ პაკისტანის კანონებით გაასამართლებენ.

ამ დაძაბულობის ფონზე ჩავიდა ინდოეთში ამერიკული დიპლომატიის ლიდერი, პაკისტანს კი სამხედრო ძალების ხელმძღვანელი ეწვია. ადმირალი მაიკლ მალენი დღეს ისლამაბადში მართავდა შეხვედრებს, თუმცა, პაკისტანელთა პოზიციაზე განცხადებაც კონდოლიზა რაისმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ პირობა დადო, რომ სრულად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

გამოძიებას ინდოეთში, ადგილობრივ ძალებთან ერთად, აწარმოებს ამერიკელი გამომძიიებლების ჯგუფი. მათ უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ბომბეის თავდასხმებში მონაწილე ექსტრემისტების ვინაობისა და მათს გეგმასთან დაკავშირებული დეტალების დასადგენად.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რობერტ ვუდსმა განაცხადა ვაშინგტონში, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას, “გადამწყვეტი მნიშვნელობა” აქვს პაკისტანის, ინდოეთისა და ავღანეთის თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან - ამ გამოძიების მსვლელობაში.

[რობერტ ვუდსის ხმა] “პაკისტანი ტერორიზმის ფრონტის ხაზზეა, ისევე როგორც ინდოეთი, ისევე როგორც ავღანეთი. პაკისტანელებს გაცნობიერებული აქვთ ეს საფრთხე. საჭიროა, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა. პირველ რიგში საჭიროა, პაკისტანმა მონაწილეობა მიიღოს ამ თავდასხმების გამოძიებაში. გაჰყვეს ყველა კვალს, რა მიმართულებითაც უნდა მიდიოდეს ისინი და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან”.

რა შედეგები მოჰყვება რეგიონში შეერთებული შტატების დიპლომატიური გააქტიურებას, ეს მალე გამოჩნდება. მაგრამ აქამდე ინდოეთს ბევრჯერ დაუჩივლია, რომ პაკისტანს ან არ შეუძლია, ან არ სურს ზომების მიღება ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიიდან ებრძვიან ინდოეთს.
XS
SM
MD
LG