Accessibility links

logo-print

პუტინის ტრადიციული მარათონული პრესკონფერენცია


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ყოველწლიური მარათონული პრესკონფერენცია გამართა და რუსეთის მოსახლეობის შეკითხვებს გასცა პასუხი.

პრესკენფერენციების ეს სერია, რომელიც ტელევიზიით და რადიოთი გადაიცემა ხოლმე პირდაპირ ეთერში, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში დაიწყო.

სტილით და ტონით პრემიერ-მინისტრ პუტინის მარათონული გამოსვლა თუ პრესკონფერენცია ცოტათი თუ განსხვავდებოდა პრეზიდენტ პუტინის მსგავსი გამოსვლებისგან.

მუქ ლურჯ კოსტუმში გამოწყობილი პოლიტიკოსი დაუსრულებლებლად აქებდა მიღწევებს, მოჰყავდა ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები. იგი იმავე ლიდერად მოგვევლინა, რაც ის იყო დმიტრი მედვედევის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე.

მოდერატორის შეკითხვას, როგორ გრძნობს თავს ახალ სავარძელში, პუტინმა უპასუხა, "მთავარია არა სავარძელი, არამედ ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო სამსახურთან. ეს არ არის ჩემთვის ახალი საქმეო".

ისევე, როგორც წარსულში, ახლაც პუტინს ათობით შეკითხვას უსვამდნენ როგორც სტუდიაში მსხდომნი, ისე რუსეთის სხვადასხვა კუთხეში მყოფი თანამემამულეები.

შეკითხვები ამჯერადაც მოზომილი იყო და, როგორც წესი, ქვეყნის საშინაო პრობლემებს ეხებოდა. თუმცა ისინი პუტინს საშუალებას აძლევდა საგარო პოლიტიკური კურსის შესახებაც ესაუბრა.

წელს პუტინს დიდი დროის დათმობა მოუწია მზარდი ეკონომიკური კრიზისისთვის. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ეკონომიკური პრობლემებისთვის პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა:

[პუტინის ხმა] "კრიზისი დაიწყო შეერთებულ შტატებში, რომელიც ამ ქვეყნის ფინანსურმა და ეკონომიკურმა ხელისუფლებამ კრიზისამდე მიიყვანა და შემდეგ დააავადა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მოწინავე ქვეყნის ეკონომიკა. ცხადია, ეს ჩვენც შეგვეხო."

ამავე დროს პუტინი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. მან იმედი გამოთქვა, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირობებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში დადებითი ცვლილებები მოხდება.

ამასთან, პუტინმა გააფრთხილა რუსეთის მეზობლები, რომ მოსკოვი შეუწყვეტს მათ ბუნებრივი აირის მიწოდებას, რომელიც უკრაინის გავლით მიედინება ევროპისკენ, თუკი კიევი არ გადაიხდის გაზის სრულ საფასურს ანდა მის თავისთვის გადმოტუმბვას შეეცდება.

კითხვა-პასუხის ამ ყოველწლიურ სერიაში პუტინისთვის ძალზე იშვიათად დაუსვამთ უხერხული შეკითხვები და ისინი ყოველთვის წინასწარ მომზადებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. გამონაკლისი არც წლევანდელი შეხვედრა ყოფილა. მისი ერთადერთი მნიშვნელობა ის შეიძლება იყოს, რომ წელს პუტინი კვლავაც აგრძელებს ტრადიციას, თუმცა კი აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი.

ასეთი სურათი მრავალ მიმომხილველს კიდევ უფრო არწმუნებს იმაში, რომ პუტინი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი რჩება და შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს პრეზიდენტის თანამდებობაზე, როცა დმიტრი მედვედევს ვადა ამოეწურება 2012 წელს. ან იქნებ მანამდეც.
XS
SM
MD
LG