Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოხმაურება ნატოს მინისტერიალზე


ნატოს გადაწყვეტილებას, არ მიანიჭოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოსა და უკრაინას, სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა. როგორია ეს რეაქციები უცხოეთში?

რამდენად რეალისტურად წარმოუდგენიათ ექსპერტებს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა?

ნატოში რუსეთის ელჩი, დმიტრი როგოზინი აღტაცებას ვერ მალავდა: 2 დეკემბერს, როცა ნატოს მინისტერიალზე გაირკვა, რომ საქართველოსა და უკრაინას არ აძლევენ MAP-ს, ის გახარებული იძლეოდა ტელეკომენტარებს: [როგოზინის ხმა] “უკრაინამ და საქართველომ არ მიიღეს ეს გეგმა. მის ნაცვლად მიიღეს სუროგატი, რაღაც გაღრმავებული თანამშრომლობა. მაგრამ ეს MAP არ არის. ამიტომ იმათი ზრახვები, ვინც რუსეთთან მიმართებით ყინულოვანი პოზიციიდან გამოდიოდა, დაინგრა”.

ნატოს მინისტერიალის გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო უწყებამაც. დმიტრი როგოზინს, ერთი შეხედვით, აქვს სიხარულის საფუძველი: 8 თვის მანძილზე საქართველოსა და უკრაინას მეორედ გაუცრუვდათ MAP-ის მიღების იმედი. ორივე შემთხვევაში (როგორც ნატოს წლევანდელი აპრილის სამიტზე ბუქარესტში, ისე ახლა, ბრიუსელის მინისტერიალზე) MAP-ზე ალიანსის უარის მიზეზებს შორის ერთ-ერთი მთავარი იყო რუსეთის კატეგორიული წინააღმდეგობა. და კიდევ: ბუქარესტშიც და ბრიუსელშიც აშკარა იყო პოზიციების სხვაობა ალიანსში. აშშ, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციის დაჩქარების მოთხოვნისას, რამდენიმე მოკავშირის, უწინარეს ყოვლისა გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობას ხვდებიან.

პოზიციების სხვაობა შეუმჩნეველი არც როგოზინს დარჩენია: [როგოზინის ხმა] “განხეთქილება ნატოში, უდავოდ, სახეზეა და ის სულ უფრო გაღრმავდება, რაც უფრო შეეცდება ნატო კიდევ უფრო გაფართოებას, გასიებას, გაბერვასა და ა.შ.”

მაგრამ თუ აქვს ნატოს - როგოზინის მიერ ასე ემოციურად წარმოსახული - პროცესის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გაგრძელების რეალური პერსპექტივა?
[ლუკასის ხმა] “ჩემი აზრით, ეს არის უკრაინასა და საქართველოში ნატოს სწრაფად გაფართოებაზე ოცნების დასასრული. ვფიქრობ, ნატო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას უკრაინასთან და საქართველოსთან, მაგრამ სამხედრო რეფორმებისა და მოდერნიზაციის სპეციალიზებულ პროგრამებზე. ეს თანამშრომლობა ცნება “წევრობის” გარეშე წარიმართება”. ამ ვარაუდს გამოთქვამს ბრიტანეთის ავტორიტეტიან ჟურნალ “ეკონომისტის” ანალიტიკოსი ედვარდ ლუკასი.

ზოგადად, ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ: შეცდომა იქნებოდა ჩავთვალოთ, რომ ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი პერმანენტულად ასეთი დარჩება. ნავთობის გაიაფების ფონზე რუსეთში ეკონომიკური დაღმასვლის პროცესი მიმდინარეობს, რასაც უცხოეთში მისი გავლენის შესუსტება ახლავს. ამას გარდა, იანვარში მუშაობას შეუდგება შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამას ადმინისტრაცია:

[სმოლარის ხმა] “ჩემი აზრით, პრეზიდენტ ობამას მმართველობისას ევროპა და ამერიკა უკეთ გაუგებენ ერთმანეთს. ეს კი, არა მგონია, რუსებს სიხარულის საფუძველს აძლევდეს”,- ამბობს ვარშაველი პოლიტოლოგი ეუგენიუშ სმოლარი.

ჟურნალ “ეკონომისტის” ანალიტიკოსი ედუარდ ლუკასი კი ორ რჩევას იძლევა ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველოსა და უკრაინისთვის: საჭიროა სამხედრო რეფორმების გაგრძელება და ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მომენტამდე მოცდა. [ლუკასის ხმა] “ჩემი აზრით, ნატოში და ვაშინგტონის მომავალ, ობამას ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ რამდენიმეწლიანი აუცილებელი სამხედრო რეფორმების შემდეგ, საქართველო და უკრაინა შესაძლოა, წევრობის უფრო დამაჯერებელი კანდიდატები გახდნენ და შესაძლოა, ფართო პოლიტიკური კონტექსტიც უფრო ხელსაყრელი იყოს”.

ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, როგორც ცნობილია, მარტო სამხედრო სფეროს მზადყოფნა არ არის საკმარისი: საქართველოსაც და უკრაინასაც პოლიტიკის სფეროში, დემოკრატიზაციის და სტაბილიზაციის მხრივ, დიდი და რთული სამუშაო აქვთ გასაწევი. მაგრამ, დაბრკოლებების მიუხედავად, ედუარდ ლუკასის შეფასებით, რამდენიმე წელიწადში საქართველოც და უკრაინაც შეიძლება ვიხილოთ ალიანსში: [ლუკასის ხმა] “წარმოიდგინეთ, თუ სამ წელიწადში გვეყოლება სტაბილური მთავრობა უკრაინაში; სხვა ძალა საქართველოს ხელისუფლებაში; რუსეთი, რომელიც დაკავებულია საკუთარი პრობლემებით და ვაშინგტონის ადმინისტრაცია, რომელიც მეტი პოპულარობით სარგებლობს - ასეთ პირობებში, ნატოს გაფართოება შესაძლოა, სიგიჟედ აღარ მოგვეჩვენოს. არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს, ის კი არა - ადვილი შესაძლებელია”.

ედუარდ ლუკასს ამ შეფასების საფუძველზე წარმოუდგენია, რომ, დაახლოებით სამ წელიწადში შესაძლოა, შეიქმნას პირობები ნატოში საქართველოსა და უკრაინის გასაწევრიანებლად.
XS
SM
MD
LG