Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


ომის ”დიპლომატიური ექო“ ფინეთში. სტატია, რომელსაც გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, ფინეთის დედაქალაქში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველი დღის დეტალებს ასახავს.

„დასავლეთი მოსკოვს აკრიტიკებს“, „ქართული მხარის პოზიცია“ და „რუსეთი კვლავ ყველას წინააღმდეგ“ - ამ ქვესათაურების მიხედვით, გაზეთი სამიტის მთავარ აქცენტებს გამოყოფს და ასკვნის, რომ თავისი მოსაზრებებითა და სიხისტით სამიტზე შეკრებილი 55 ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი რუსეთი საქართველოს შესახებ დეკლარაციის დაბლოკვას შეძლებს, რადგან ეუთოზე გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება.

„ირაკლი ალასანია - სასურველი ლიდერი მემარჯვენეებისთვის“ – გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში კი წაიკითხავთ, რომ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს შორის მიმდინარე აქტიური კონსულტაციების ეტაპზე ვრცელდება ხმები, თითქოს არ არის გამორიცხული, ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიის ერთობაში ლიდერის ფუნქცია გაეროში საქართველოს წარმომადგენელს ირაკლი ალასანიას დაეკისროს. მემარჯვენეთა ერთ-ერთმა წევრმა მანანა ნაჭყებიამ „24 საათთან“ საუბარში დაადასტურა გავრცელებული ხმები მემარჯვენეთა ლიდერის დავით გამყრელიძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრების თაობაზე. “ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა საუბარი ლიდერის თემატიკას არ ეხებოდა“, - ამბობს მანანა ნაჭყებია და დასძენს, რომ მემარჯვენეებსა და ირაკლი ალასანიას შორის შექმნილ ვითარებაზე საერთო ხედვა არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ალასანია. ამავე სტატიაში მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების გაერთიანების ლიდერად ირაკლი ალასანიას კანდიდატურაზე საუბარს დღეისათვის არსებით საკითხად არ მიიჩნევენ რესპუბლიკელები.

”სუბარი პოლონეთის პრეზიდენტის ჯილდოზე უარს ამბობს” – ეს გაზეთ ”რეზონანსის” მოწინავეა, რომლის თანახმადაც, გუშინ პოლონეთში, აუშვიც–ბირკენაუს სიკვდილის ყოფილ ბანაკში, საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის პოლონეთის რესპუბლიკის „დამსახურების ოქროს ჯვრით“ დაჯილდოების ცერემონია უნდა შემდგარიყო, ადამიანის უფლებების სფეროში გაწეული ღვაწლისათვის. თუმცა ჯილდოზე თავაზიანი უარი სოზარ სუბარმა ლეხ კაჩინსკის მას შემდეგ გაუგზავნა, რაც შეიტყო, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს სახალხო დამცველის დაჯილდოება პრეზიდენტ სააკაშვილთან შეათანხმა.

თურქი მესხების 40–მდე ორგანიზაცია გაერთიანდა, საქართველოში დაბრუნების მსურველთა განცხადების მიღების ვადა 4 კვირაში იწურება – რეპატრიაციის თემას დღეს ასევე „რეზონანსი“ ეხება. გაზეთის ცნობით, სამხრეთ საქართველოდან 1944 წელს დეპორტირებულთა უკან დაბრუნების საქმეში ჩაერთვება თურქეთში ახლახან ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, „თურქი მესხების კონგრესი.“ ამ ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა პრესამ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, კონგრესში 11 ქვეყანაში არსებული 40–მდე ორგანიზაცია შევიდა.

გაზეთ „ვერსიის“ სტუმარია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ბადრი ბიწაძე, რომელიც, გაზეთის ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციას აყალიბებს. „საზღვრის უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის“ მთავარი ფუნქცია, ბადრი ბიწაძის შეფასებით, საზღვრის დაცვა იქნება. ”ვერსიასთან” საუბარში ბადრი ბიწაძე ლაპარაკობს იმაზეც, თუ რატომ არ გაუჩნდა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიას მისი დაკითხვის სურვილი. იციან, სიმართლეს ვიტყოდიო,–აცხადებს ბიწაძე და „ვერსიას“ ამ სიმართლის ზოგიერთ დეტალს უმხელს: „სიმართლე ერთია – ომი ჩვენ დავიწყეთ! ერთ ამბავს გიამბობთ. 7–ში, დაახლოებით დილის 7 საათზე, ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ყვითელი ავტობუსი ვნახე. მძღოლები ამბობდნენ, ცხინვალში აუცილებლად უნდა შევიდეთო. ავტობუსებით კი, საქართველოს დროშები და 3 ტრიბუნა მიჰქონდათ. დღემდე ვფიქრობ, ის სამი ტრიბუნა ვისთვის იყო. მე ყური მოვკარი, იმ დღეს, ანუ 7 აგვისტოს, დღის 12 საათზე, ცხინვალში მიტინგი ყოფილა დანიშნული“, – უთხრა ”ვერსიას” სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ.
XS
SM
MD
LG