Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სამთავრობო ცვლილებების შეფასებას იძლევიან


საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებს ოპოზიციამ უკვე უწოდა მორიგი ”ელვისებური კარუსელი”.

პოსტები დატოვეს განათლების, თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე - უშიშროების საბჭოს მდივანმა. ერთი დღით ადრე გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ. ხელისუფლება ამ ცვლილებებს აფასებს როგორც დროულ და საჭირო ნაბიჯს მსოფლიო კრიზისისა და რუსეთის ზეწოლის ფონზე, ხოლო ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას ირაკლი ალასანიას ხელისუფლებიდან წასვლის ფაქტს უკავშირებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მორიგი პიარაქცია ამ ფაქტის გადასაფარავად მოაწყო.


ახალი საკადრო ცვლილებების შემდეგ მთავრობაში ადგილები ასე გადანაწილდა:

თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მისმა მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ, შეცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის, ადგილას მისი ყოფილი მოადგილე, რამდენიმე თვის წინ კულტურის მინისტრად დანიშნული, გრიგოლ ვაშაძე მოვიდა. განათლების ახალი მინისტრი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა გვარამია იქნება. კულტურის მინისტრის სავარძელი რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, ზურაბ აბაშიძეს, შესთავაზეს. თანამდებობა დატოვა უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა სად, ჯერ ცნობილი არ არის.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ელვისებურ კარუსელს გადადგომის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას განცხადებამ დაასწრო, რომელიც მან 4 დეკემბერს დაწერა საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის სახელზე.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს პირველი საკადრო ცვლილებები იყო, რომელიც საზოგადოებისათვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი:

[მიხეილ სააკაშვილი] ”ჩვენ ახლა ვართ მსოფლიო კრიზისის და რუსული აგრესიის შედეგების ორმხრივი წნეხის ქვეშ და მართლაც საჭიროა გაბედული და არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა. ეს პირველი შემთხვევაა, რომ წინასწარ ეს ყველაფერი პრესაში არ გაჟონილა. ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვეკითხებით, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ და, მეორე მხრივ, შეგვიძლია კოორდინირებულად მუშაობა, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი სპეკულაცია და ინტრიგები. ეს ხალხი, რომელიც თქვენ გაუშვით, ნამდვილად არც ერთი არ არის გადასაგდები, ისინი ნამდვილად დიდი დამსახურების მქონე ადამიანები არიან.”

ასე შეაფასა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინდელი გადაწყვეტილება.
ახალი მინისტრების რეაქციები ასეთ იყო:

გრიგოლ ვაშაძემ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში თქვა:

[გრიგოლ ვაშაძე] ”აბსოლუტურად დაზაფრული ვარ, ნახევარი საათის წინ გავიგე ეს ყველაფერი.”

თუმცა რამდენიმე საათში ვაშაძემ დაამატა:

[გრიგოლ ვაშაძე] ”ყველა მინისტრის მოადგილემ, ასევე ელჩმა დაწეროს განცხადება. არავითარი კადრების დაწიოკება არ იქნება, მაგრამ ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ყველა კანდიდატურას, როგორ გამოიჩინა ამ ხალხმა თავი ან არ გამოიჩინა.”(სტილი დაცულია)

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ წინ საინტერესო სამუშაო ელის, მით უმეტეს, რომ განათლების სფეროში ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა:

[ნიკა გვარამია] ”ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს წინადადება და მოულოდნელი ამპლუაა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაოა.”

ზურაბ აბაშიძემ მოსაფიქრებლად ერთი დღე ითხოვა:

[ზურაბ აბაშიძე] ”მაქვს კიდევ ერთი დღე და პრემიერს ხვალ ვაცნობებ პასუხს. მაქვს გარკვეული ოჯახური პრობლემები, ასევე პირადი გეგმები, ეს ყველაფერი უნდა კარგად ავწონ-დავწონო და ისე გადავწყვიტო.”

დღეს კი ზურაბ აბაშიძემ კულტურის მინისტრის პოსტზე უარი განაცხადა და თქვა, რომ ის საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში გააგრძელებს მუშაობას. რას შესთავაზებს მას გრიგოლ ვაშაძე, ჯერჯერობით უცნობია.

ოპოზიციისათვის კი ახალი სამთავრობო ცვლილებები ირაკლი ალასანიას გადადგომის გადასაფარი პიარ-აქციაა. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, აზრით:

[კახა კუკავა] ”ეს ნაბიჯი ალასანიას გადადგომის პროპაგანდისტული გადაფარვაა. დღეს მიხეილ სააკაშვილი მას აღიქვამს თავის მთავარ საფრთხედ. სწორედ ამ რეჟიმში მუშაობდა ”რუსთავი 2”, რათა წარმოეჩინა, რომ ”გადადგა ყველა ელჩი, მათ შორის ირაკლი ალასანიაც” და შეფარული ყოფილიყო ამ მოვლენის პოლიტიკური ხასიათი.” (სტილი დაცულია)

კუკავა ამბობს, რომ არა მხოლოდ ალასანიას ოპოზიციურ ფლანგზე გადანაცვლებას უნდა ველოდეთ, არამედ ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების მხრიდან რადიკალურ განცხადებებსაც:

[კახა კუკავა] ”ჩვენ უნდა ველოდოთ განცხადებებს ხელისუფლების ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირებისგანაც. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნიკა რურუა აპირებს განცხადების გაკეთებას ძალიან მალე, რომ მიხეილ საააკშვილის საქმე არის წასული.” (სტილი დაცულია)

”ახლების” ერთ-ერთი ლიდერიც, ფიქრია ჩიხრაძე, ავითარებს კახა კუკავას აზრს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სჩვევია მისთვის კრიზისულ პერიოდში მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა, ჩიხრაძის თქმით:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”აღარანაირი მნიშვნელობა არა აქვს რატომ ნიკა გვარამია გადაიყვანეს განათლების სამინისტროში ან ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში და მანამდე კულტურის მინისტრად. ეს იყო აბსოლუტურად ულოგიკოდ გაკეთებული რამ ერთადერთი რამის გამო, რომ გადაეფარათ ხელისუფლებისათვის ძალიან არასასიამოვნო ფაქტი - ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან წასვლისა.”(სტილი დაცულია)

ფიქრია ჩიხრაძე ირაკლი ალასანიას ფიგურის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს და იხსენებს:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”თავის წინა თანამდებობებზე ყოფნის დროს, როგორც კი ალასანია რაიმე ინიციატივას გამოიჩენდა, მას მაშინვე უცვლიდნენ თანამდებობას და სხვა პოსტზე გადაყავდათ და როდესაც ის გაეროში გადაიყვანეს, ექსპერტული მოსაზრება იყო ასეთი, რომ სააკაშვილმა რეიტინგული ფიგურა მოიცილა თავიდან.” (სტილი დაცულია)

”ახლები” ალასანიას მიმართ სიმპათიას არ მალავენ. გახშირდა საუბარი იმის შესახებაც, რომ ირაკლი ალასანია, შესაძლოა, რესპუბლიკელებისა და ”ახლების” გვერდით ვიხილოთ. ეს ორი პარტია აქტიურ კონსულტაციებს მართავს და, შესაძლოა, ერთიანი ალიანსის სახით წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ფიქრია ჩიხრაძე ამბობს:

[ფიქრია ჩიხრაძე] ”ჩვენ ჩვენს სიმპათიას მისი ფიგურისადმი ღიად ვაცხადებთ და ვამბობთ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან სერიოზული პოზიტივის მატარებელი ქართული პოლიტიკისათვის და მისი აქტიური გამოყენება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ მას ხელს, თუკი ის თავად იქნება განწყობილი, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას მიჰყოს ხელი.” (სტილი დაცულია)

პოლიტიკოსების მიერ საკადრო გადანაცვლების შეფასება ასეთია:

[კახა კუკავა] ”ერთადერთი ცვლილება, რომელიც არის პროგრესული, არის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოცვლა. საქართველოს ეყოლება მინისტრი, რომელიც საქართველოს არ შეარცხვენს არც ერთ ფორუმზე. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის შეცვლას, ეს არასერიოზულია. თუ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა აგვისტოს მოვლენებზე, რატომ არ ეკისრებოდა ეს პასუხისმგებლობა მის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას?”(სტილი დაცულია)

გუშინდელი დღის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ირაკლი ალასანიას მიერ პოსტის დატოვებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს ფაქტი ქართულ პოლიტიკაში ბევრ სიახლეს მოიტანს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG