Accessibility links

logo-print

ეროვნული ბანკი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ პირობად მცურავი გაცვლის კურსის


ეროვნული ბანკი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ პირობად მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმის არსებობას ასახელებს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმის ფარგლებში განხორციელდება.

ამაღლობელმა მნიშვნელოვანი უწოდა ქვეყანაში გაცვლის კურსის რყევების შერბილებას სავალუტო ბაზარზე, განსაკუთრებით, საქართველოს პირობებში, როდესაც მოსახლეობისათვის ე. წ. "ნომინალურ ღუზას" სწორედ ლარის გაცვლის კურსი წარმოადგენს და მოკლევადიანი გადაწყვეტლებების მიღებაც მისი დინამიკიდან გამომდინარე ხდება. ლარის გაცვლის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევის თავიდან აცილებისა და სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორმხრივ სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს, - განაცხადა ამაღლობელმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს თანდათანობით შეამცირებს.
ამერიკის მთავრობის მიერ გადმორიცხული 250 მლნ დოლარი წლის ბოლომდე დაიხარჯება, - განაცხადა მიმდინარე კვირას ფინანსთა მინისტრმა. თანხა ბიუჯეტში შეტანილ ბოლო ცვლილებებშია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ გადმორიცხვა ამერიკიდან დროულად ვერ მოხერხდებოდა, საბიუჯეტო ხარჯები ევროობლიგაციებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარებოდა. ახლა ევროობლიგაციების თანხა მომავალ წელს დაიხარჯება.

ევროკავშირის მიერ საბჭოთა კავშირის ექვსი ყოფილი წევრისთვის შემუშავებული ახალი პროგრამა _ „აღმოსავლეთის პარტნიორობა~ - მათთვის 350 მლნ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ეს თანხა ამ ქვეყნებში ფინანსური დახმარების სახით დემოკრატიის განვითარებასა და საბაზრო რეფორმას უნდა მოხმარდეს. პროგრამის მონაწილეებს შორის საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია და მოლდოვა არიან. ფული თავისუფალი ვაჭრობის ენერგეტიკული თანამშრომლობის, საზღვრების გამაგრებისა და სოციალური ინსტიტუტების შეთახმების რეალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზომ აღნიშნა, რომ ამ პროგრამის რეალიზაციისკენ ევროკავშირს საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტმა უბიძგა.

მიმდინარე კვირას ხელი მოეწერა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსების შესახებ ორ ხელშეკრულებას, 13 მილიონი ევროს საერთო ღირებულებით. აქედან 10 მილიონი ევრო აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კასპის, გორისა და ქარელის რაიონების 9 სოფელში სახლების მშენებლობისათვის გამოიყოფა, 3 მილიონი ევრო კი სურსათის უვნებლობის და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად მიიმართება.

მიმდინარე კვირას ფოთის პორტის 100%-იანი მფლობელი არაბული კომპანია `რაკ ინვესტმენტი გახდა~. ფოთის პორტის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი 49%-ის არაბული კომპანიისთვის მიყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კომპანია, რომელიც უკვე იყო პორტის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ორი წლის განმავლობაში ფოთში უკვე არსებული პორტის მახლობლად ახალ მოდერნიზებულ ტერმინალს ააშენებს. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 200 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება და 20 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ არაბული კომპანია პორტის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, `ოქროს აქციით~ გათვალისწინებული ყველა პირობა კვლავ ძალაში რჩება - მფლობელს არ შეეძლება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად.

ფოთის პორტის 51%-იანი წილი და ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობები, მათზე დამაგრებული 300 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით `რაკ ინვესთმენთს~ გაზაფხულზე გადაეცა, რაშიც არაბულმა კომპანიამ 90 მლნ დოლარი გადაიხადა. დარჩენილი 49% კი ამჟამად კომპანიამ 65 მლნ დოლარად იყიდა.

პროექტ „თბილისი ცენტრალის" განხორციელებისთვის კი 5,5 მილიონი დოლარი გამოიყო. საქართველოს თანხა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩაურიცხეს. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 30 მლნ დოლარს, საიდანაც 17 მლნ დოლარს ეს ორი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფი გაიღებს. „თბილისი ცენტრალი" ცენტრალური რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შენდება და თანამედროვე სავაჭრო ცენტრი იქნება. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს რკინიგზის სადგური შეუფერხებლად იმუშავებს, დაცული იქნება მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოება.

რაც შეეხება რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის მეორე მსხვილ პროექტს _ ცეკავშირის შენობის რეკონსტრუქციას, მისი დაფინანსებაც ამავე დონორების დახმარებით მოხდება და პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45-50 მილიონი დოლარი იქნება. ცეკავშირის შენობაში სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. შენობაში განთავსდება როგორც საოფისე, ისე საცხოვრებელი ფართები. საცხოვრებელი ბლოკის ნაწილი, სავარაუდოდ, „არმანის" დიზაინით აშენდება.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია `ბრენტის~ ტიპის 30 ათას ტონა და `ურალსის~ ტიპის 1500 ტონა ნავთობს აუქციონზე ყიდის. კორპორაცია კუთვნილი ნავთობის რეალიზაციას ახდენს, რომლის წილი შესაბამის კომპანიებთან წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებით არის დადგენილი. საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის მიღება კი კვლავ გადაავადეს. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე მიიღო. 2009 წლის 1 იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედებულიყო ბენზინისა და დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, რომლის ამოქმედების შემდეგაც საწვავის შემოტანა აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან შეუძლებელი გახდებოდა, ვინაიდან იქ წარმოებული საწვავი ვერ დააკმაყოფილებდა ახალი სტანდარტის პირობებს. მთავრობის გადაწყვეტილება საწვავზე ახალი სტანდარტის მიღების გადავადებასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იქნება აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავი. შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს იაფი საწვავი. დღეისათვის საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ყველაზე დაბალფასიანი საწვავი სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტირდება, რომლის ფასი 1,05-1,20 ლარის ფარგლებშია, რაც 3-წლიანი მინიმუმია.

საინტერესო სიახლეებია ავიაბაზარზე: ავიაკომპანია „ევროლაინი~ რეისებს ახალი თვითმფრინავით, შAAB-340-ით შეასრულებს. თვითმფრინავი „ევროლაინმა~ ლიზინგით, მართვის უფლებით მოიპოვა და უახლოეს მომავალში მგზავრებს განახლებულ რეისებს შესთავაზებს. კერძოდ, 10 დეკემბრიდან თბილისი-სტამბულის რეისები კვირაში 4-ჯერ, თბილისი-ლუგანსკის მიმართულებით 3-ჯერ, თბილისი-დონეცკის მიმართულებით 2-ჯერ, ხოლო თბილისი-ოდესას მიმართულებით ერთხელ შესრულდება.
5 დეკემბრიდან კი ევროპის უმსხვილესმა ავიაკომპანია ,,კარგოლუქსმა~ საქართველოს მიმართულებით რეგულარული სატვირთო რეისების განხორციელება დაიწყო. `კარგოლუქსი~ რეგულარულ სატვირთო რეისებს ლუქსემბურგი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით, კვირაში ერთის სიხშირით, პარასკეობით განახორციელებს. ფრენები ბოინგ-747 ტიპის საჰაერო ხომალდით მოხდება.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა, შესაძლოა, მომავალში ფრენების სიხშირე გაზარდოს.

თურქული და ბრიტანული კომპანიები კი სამცხე-ჯავახეთში 80-მეგავატიან ჰესს ააშენებენ. თურქულმა „ანადოლუ ინდასტრი ჰოლდინგმა~ და ბრიტანულმა `ენერგონ ინტერნეშენელმა~ შესაბამისი განაცხადით ქართულ მხარეს უკვე მიმართეს. ჰესის მშენებლობაში 140 მლნ დოლარი ჩაიდება და მისი წლიური გამომუშავება 420 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს. თურქულ კომპანიას მფლობელობაში ჰესის 51% ექნება, ბრიტანულს – 49%.

`ნაბუკოს~ პროექტში საქართველოს სომხეთით შესაძლო ჩანაცვლების იდეა კი მიმდინარე კვირას დაიხურა.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთი აზერბაიჯანის მონაწილეობით განსახორციელებელ ვერც ერთ პროექტში - მათ შორის ვერც „ნაბუკოსაში" - ვერ ჩაერთვება, ვიდრე აზერბაიჯანის ტერიტორიები ექნება ოკუპირებული. „ნაბუკოს~ პროექტი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის - საქართველოსა და თურქეთის გავლით, ბოსფორის სრუტით - ევროპის ქვეყნებისათვის მიწოდებას ითვალისწინებს. შესაძლოა, პროექტში ჩაერთოს ყაზახეთიც, რომლის ბუნებრივი აირიც ამავე გზით ასევე ევროპას მიეწოდება. ამ საკითხზე ყაზახეთთან ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარი იყო იმაზეც, რომ, შესაძლებელია, „ნაბუკოს~ პროექტის განსახორციელებლად არა შაჰ-დენიზის გაზსადენი, არამედ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენი გამოიყენონ. თუმცა ამ ეტაპზე ამ იდეას წერტილი ხანგრძლივი დროით დაესვა.
XS
SM
MD
LG