Accessibility links

logo-print

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


ბოლო ორი კვირაა, რეგიონალურ პრესაში ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ თემად პედაგოგებისთვის პრეზიდენტის სტიპენდიის მინიჭება რჩება.

საქართველოს პედაგოგებს შორის 500 რჩეული მიმდინარე წლის ნოემბრიდან, მომავალი წლის ივნისის ჩათვლით, პრეზიდენტის საჩუქარს - თვეში 200 ლარს - მიიღებს. მთელ საქართველოში ამ ხუთასი პედაგოგის გამოსავლენად კონკურსი ადგილობრივ რესურსცენტრებში ჩატარდა. როგორც რეგიონალური გაზეთების მასალებიდან ირკვევა, ზოგ ქალაქში კონკურსმა მშვიდობიანად ჩაიარა, ზოგან კი დიდი მითქმა–მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია.

„ჩემი ხარაგაულის“ გასული კვირის ნომერში დაწვრილებით იყო მოთხრობილი, რა ღირსეული კანდიდატები გამოვლინდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. პრეტენზია გამარჯვებულების მიმართ არავის ჰქონია. მიმდინარე კვირის პრესა კი სხვა სურათს ავლენს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ, საჯარო სკოლის პედაგოგების აზრით, კახეთში სტიპენდიები პოლიტიკური ნიშნით განაწილდა და ის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ, რომლებიც არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ აქტიურობდნენ. უკმაყოფილონი არიან ახალციხის რესურსცენტრში ჩატარებული არჩევნებითაც. „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნდა თამუნა უჩიძის სტატია „არჩევნები ნაცნობ–მეგობრობით“. რესპონდენტები ერთხმად ამბობენ, რომ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა. ამავე გაზეთში ქვეყნდება აღუნიკ აივაზიანის სტატია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 13 პედაგოგისთვის სტიპენდიების მინიჭების შესახებ. აქ არჩევნებმა, როგორც ჩანს, მშვიდად ჩაიარა. „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი ნატო გოგელია ჩოხატაურის შესახებ გვიამბობს. იქაური რესპონდენტების აზრით, არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და სტიპენდია იმ პედაგოგებმა მიიღეს, რომლებსაც მხარს რესურსცენტრის უფროსი ეთერ წილოსანი და ადგილობრივი თანამდებობის პირები უჭერდნენ.

მიმდინარე კვირას საინტერესო ამბები ხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტებთან დაკავშირებით. ლაგოდეხის საკრებულომ გამგეობას ბიუჯეტი დაუწუნა ხარჯების გამჭვირვალობის და მიზნობრიობის კუთხით. საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი წვერავამ – რადიო „ჰერეთს“ განუცხადა, რომ თუ გამგეობის მიერ შესწორებული ბიუჯეტი საკრებულოს ისევ არ მოეწონება, მაშინ გამგებლის დათხოვნის საკითხი დადგება. გამგეობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი ოზურგეთის საკრებულომაც დაიწუნა. როგორც ჟურნალისტი თეა იოსელიანი გვიამბობს, ამის მიზეზად მეტისმეტად გაბერილი და არამიზნობრივად მიმართული თანხები დასახელდა. გამგეობას ბიუჯეტი დაუბრუნეს და თან შეუთვალეს: სანამ თითოეული თეთრი ზუსტად არ იქნება გაწერილი, ბიუჯეტს დამტკიცება არ უწერიაო.

ამასობაში, გურჯაანის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს - 27 წლის გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც მანამდე თბილისის პროკურატურაში, უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მისი კონკურენტი სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ნოდარ ჩიტოშვილი იყო, რომელსაც საკრებულომ მხარი არ დაუჭირა. თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბეჭდავს იურისტების კომენტარს, რომ კონკურსის პირობებს სწორედ არჩეული გიორგი ჩივიაშვილი ვერ აკმაყოფილებდა, რადგან მას მენეჯერად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება არ გააჩნდა.

„გურია ნიუსი“ და „გურიის მოამბე“ იუწყებიან, რომ დაკავებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის რწმუნებული ჯიმშერ მდინარაძე. დაკავების სავარაუდო მიზეზი, ორივე გაზეთის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარება შეიძლება იყოს. გურიის მხარეში ამ მიზეზით, თურმე, უკვე რამდენიმე რწმუნებულია დაკავებული.

ბათუმის „ტელეარხი 25“ და გაზეთი ”ბათუმელები“ კი ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო გაერთიანებას იუწყებიან. „ბათუმელების“ ცნობით, შესაძლოა, ირაკლი ალასანია სწორედ ამ გაერთიანების ლიდერად მოგვევლინოს.
XS
SM
MD
LG