Accessibility links

logo-print

რას ნიშნავს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და მისი ვალდებულებები საქართველოსათვის?


2-3 დეკემბერს ბრიუსელში

ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად იქცა. ბრიუსელში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, რომელსაც კვირის ბოლოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოვალეობაც დაეკისრა. კვირის საავტორო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ ბათუ ქუთელია ისაუბრებს იმაზე, თუ რა ვალდებულებების შესრულებას აკისრებს ნატოს ახალი მექანიზმი, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, საქართველოს სამხედრო უწყებას. ბათუ ქუთელიასთან ინტერვიუ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის მსვლელობის დროს იქნა ჩაწერილი.

3 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იმავე დღეს გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ყველა ჟურნალისტს აინტერესებდა გაეგო, თუ რას ნიშნავს ყოველწლიური ეროვნული პროგრამები საქართველოსა და უკრაინისათვის - ეს არის პროცედურა საბოლოო გაწევრიანებისათვის თუ კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი ყბადაღებული მაპის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მისაღებად. საქართველოს დელეგაცია, რომელშიც თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილე ბათუ ქუთელიაც შედიოდა, ამტკიცებდა, რომ საქართველოსათვის ეროვნული პროგრამა სწორედ იმ დატვირთვისა იქნება, რაც მაპი იყო ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის:

[ბათუ ქუთელია] ”ეს ინიციატივა, როგორც მოგეხსენებათ, იყო ბრიტანულ-ამერიკული და იგი ზუსტად შეესაბამება იმ ძირითად ელემენტებს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას. კერძოდ, ეს არის შედეგებზე, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. შესაბამისად, ნატომ, როგორც ორგანიზაციამ, გააფართოვა თავისი მიდგომა იმ ქვეყნებისადმი, ვისაც სურს გაწევრიანდეს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწიოს შედეგებს. რა მექანიზმით მოხდება ეს და რა მექანიზმებს აირჩევენ, ამ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული. მაპი, ბუნებრივია, რჩება როგორც ნატოს ერთ-ერთი მექანიზმი. არის ქვეყანა - მაკედონია, რომელიც არის მაპის წევრი და მაპი არ გაუქმებულა. თუმცა ასევე შეიძლება იყოს განხილული სხვა ალტერნატივაც, გამომდინარე იქიდან, თუ რა შედეგებს მიაღწევს და რა მექანიზმებს გამოიყენებს ამ შედეგების მისაღწევად ესა თუ ის ქვეყანა. ამ კომუნიკეს საშუალებით უფრო ფართოვდება მოქმედების არეალი ჩვენთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისათვის, და ალიანსის იმ ქვეყნებისთვისაც, ვინც დაინტერესებულია დაეხმაროს საქართველოს, მიაღწიოს ამ მიზანს. ხოლო მიზანი, ბუნებრივია, არის ნატოში გაწევრიანება და არა მაპის მიღება.”(სტილი დაცულია)


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ კომუნიკეში ჩაიწერა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოსა და უკრაინისათვის შემდგომ დახმარებას რეფორმების განვითარებაში, რომელთა მიმდინარეობასაც თავად ალიანსი შეამოწმებს. როგორც ბრიუსელში ითქვა, რეფორმები სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკურ სისტემას და მართლმსაჯულებას, არამედ სამხედრო სფეროს, რომელიც ყველაზე წარმატებით რეფორმირებულ სტრუქტურად ითვლებოდა აგვისტოს ომამდე. მაგრამ რა სახის უნდა იყოს დახმარება საქართველოს უსაფრთხოების სფეროსათვის - ტექნიკური თუ მეთოდოლოგიური? საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ერთიც და მეორეც:

[ბათუ ქუთელია] ”ნებისმიერი თანამშრომლობა, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიცაა უსაფრთხოება, ბუნებრივია, პირველ რიგში, მოითხოვს მის კონცეპტუალურ დახვეწას და შემდგომ მის ხორცშესხმას კონკრეტული მექანიზმებით. ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ეს ახალი მექანიზმი გვაძლევს საშუალებას, რათა მოვიყვანოთ სისრულეში ჩვენი გეგმები ნატოსთან თავსებადობის კუთხით და შემდგომ განვახორციელოთ ყველა ის ღონისძიება, რათა ყველა პარამეტრით დავუახლოვდეთ ალიანსს.”(სტილი დაცულია)

ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ რა ახალ პარამეტრებზეა ლაპარაკი, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ არც ამ შემთხვევაშია რაიმე ახალი:

[ბათუ ქუთელია] ”ეს პარამეტრები იგივეა. ეს არის ის ხუთი ძირითადი თავი, რა ფორმატშიც ჩვენ ვთანამშრომლობდით ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის პროგრამით. და უკვე აქ არის უფრო დეტალური რეფორმები. თავდაცვის სამინისტროს კუთხით გეტყვით, რომ ეს არის იგივე თავდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმა, ზუსტად ისე, რომ ის იყოს აბსოლუტურად თავსებადი[ნატოსთან] და ასევე იყოს შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემა სრულად იყოს განხილული ნატოს თავდაცვის დაგეგმარების ციკლში როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, თავისი შესაძლებლობით და კონტრიბუციით. და, ბუნებრივია, ეს იქნება ჩვენი მხრიდან ტექნიკურად შესასრულებელი ის ვალდებულებები, რაც შემდგომში შესაძლებელს გახდის შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას.”(სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, საქართველოს არაერთგზის მიცემული ”საშინაო დავალების” ხელახლა შესრულება მოუწევს,- ასეთია ნატოს მინისტერიალის დასკვნა, რომელსაც საქართველოში 9 თვე ელოდნენ. ამ ”საშინაო დავალების” შესრულება კი სამხედრო სფეროში 5 დეკემბრიდან სწორედ ჩემს თანამოსაუბრეს დაეკისრა, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული მოულოდნელი ცვლილებების შედეგად. თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა დავით კეზერაშვილმა და მის ნაცვლად სამხედრო უწყების გაძღოლა პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა ბათუ ქუთელიას დააკისრა. 34 წლის ქუთელიას უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ”ვარდების რევოლუციის” გზით ხელისუფლებაში მოსული მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ქუთელიას ჯერ საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის, ბოლო დანიშვნამდე კი თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 4 წლის განმავლობაში საქართველოში ოთხი თავდაცვის მინისტრი შეიცვალა. ბათუ ქუთელია რიგით მეხუთეა და, თანაც, ჯერჯერობით მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი.
XS
SM
MD
LG