Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 761-ე გამოშვება


წამყვანი:
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განახლებული ეთერით დაბრუნების ფონზე, დღეს ყოველკვირეულ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიაში" ვიმსჯელებთ სიტყვის თავისუფლებაზე; განვაგრძობთ გასულ კვირაში დაწყებულ საუბარს უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების პრობელმებზე; წარმოგიდგენთ ახალ დოკუმენტურ ფილმს ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიაზე. ბოლოს კი გიამბობთ სუხიშვილების ანსამბლის კონცერტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა აქ, რადიო “თავისუფალი ევროპა”-რადიო “თავისუფლების” შტაბ-ბინის მასპინძელ ქალაქ პრაღაში. გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.
[მუსიკა]

წამყვანი:
ამ კვირაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, - როგორც მისმა ხელმძღვანელებმა განაცხადეს, - განახლებული ეთერით დაბრუნდა. მათივე განმარტებით, არხი საზოგადოების ინტერესთა შესაბამისი იქნება და მაყურებელს როგორც შემეცნებით და გასართობ, ასევე პოლიტიკურ და ანალიტიკურ პროგრამებს შესთავაზებს. დეკემბრიდან პოლიტიკური ტელედებატების აღდგენას აპირებს ტელეკომპანია „იმედიც,“ რომელსაც ამ სახის პროგრამების მომზადებას, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, კანონი არ ავალდებულებს. ქართული ტელესივრცის ამ განზრახვათა კავშირს რეალურ სიტყვის თავისუფლებასთან საზოგადოებისა და მასმედიის მკვლევარები ნაკლებად ხედავენ. თემას ნინო როდონაია განაგძრობს.

[ნინო როდონაიას სიუჟეტი: იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]

,,შემიძლია და მინდა...” კონვენციები და რეალობა

წამყვანი:
ყოველი წლის 3 დეკემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს გაეროს მიერ დაწესებულ “უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს”. წელს ეს დღე უნარშეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციას ეძღვნებოდა, რომელსაც საქართველო უკვე მიუერთდა. როგორ შეხვდა ამ დღეს საქართველო? ირღვევა თუ არა უნარშეზღუდულთა უფლებები? როგორ ცხოვრობენ ისინი? ამ თემაზე ერთი კვირის წინ უკვე მოისმინეთ სიუჟეტი “მეათე სტუდიაში”. მარინა ვაშაყმაძე განაგრძობს საუბარს უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების პრობლემებზე.

[მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტი: იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]

”ომისა და მშვიდობის ზღვარზე”

წამყვანი:
”ომისა და მშვიდობის ზღვარზე” - ასე ჰქვია ჟურნალისტ ნინო პოპიაშვილის დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა 2 დეკემბერს შედგა თბილისის კინოს სახლში. სურათის ჩვენებას ჩვენი კოლეგა, გიორგი გვახარია დაესწრო.

გიორგი გვახარია:
არავინ იცის, შესაძლებელი გახდებოდა თუ არა დღეს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ასეთი პროექტის განხორციელება - გადაღება ფილმისა, რომელიც ჟურნალისტმა ნინო პოპიაშვილმა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო - დაიწყო თავის ცხინვალელ, ვლადიკავკაზელ მეგობრებთან ერთად იმის იმედით, რომ ეს ახალი დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორი ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიას უბრუნდება, ორი ხალხის ”შემრიგებლის” როლს ითამაშებდა.

[ნინო პოპიაშვილის ხმა] ”ეს არის მეორე ფილმი. პირველ ფილმს ჰქვია ”ქართულ-ოსური მოზაიკა” და იქ არის წარმოდგენილი, ძირითადად, იმ ადამიანების შეხედულებები, რომელთაც კარგი მოგონებები აქვთ ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე..ჩვენ გადავწყვიტეთ ახალგაზრდების შესახებ გადაგვეღო ფილმი - რას ფიქრობენ, რა მოლოდინები აქვთ, რა ახსოვთ პირველი კონფლიქტიდან, შეუძლიათ თუ არა იფიქრონ ერთობლივ მომავალზე და ა.შ.”

ახალგაზრდები, მართლაც, ფიქრობენ ”ერთობლივ მომავალზე”... ფიქრობენ ფილმში... უფრო სწორად, ფილმის პირველ ნაწილში - ის ახალგაზრდები, რომელთაც უკვე ბუნდოვნად ახსოვთ 90-იანი წლების დასაწყისი, როცა ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი დაღვარეს... მაგრამ ამ, როგორც ფილმის ავტორმა გვითხრა, ”მომავალ პროექტებს” ბოლო მოეღება აგვისტოში, როცა საომარი მოქმედებები განახლდება. ”ყველასთვის მოულოდნელადო”, ამბობს ნინო პოპიაშვილი...და, პირველ რიგში, ცხადია, თავისი ფილმების გმირებს გულისხმობს - ვლადიკავკაზელ, ცხინვალელ ახალგაზრდებს - ქართველ და ოს დევნილებს, რომელთაც ფილმის პირველ ნაწილში თითქმის დავიწყებული ჰქონდათ წარსულის ტკივილები.


[ნინო პოპიაშვილის ხმა] ”ფილმი თითქმის დასრულებული იყო, როცა ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო აგვისტოს მოვლენები და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი აგვისტოს მოვლენების ჩვენების გარეშეც დასრულდებოდა, მუშა-ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა ეს სათქმელიც.
დავიწყეთ თავიდან მასალის შეკრება. ძალიან მალე - ცხრაში, ათში - დავიწყეთ გააზრება, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა. პრაქტიკულად ფილმი ორადაა გაყოფილი - ქრონოლოგიურადაც ასეა: 25 წუთი აგვისტოს მოვლენებამდე და 25 წუთი აგვისტოს მოვლენების შემდეგ.”

მოხდა ის, რაც იშვიათად ხდება კინოში - მათ შორი, დოკუმენტურ კინოში: ისტორიის - შესაძლებელია, ვიღაცისთვის ”დაგეგმილმა”, მაგრამ უმრავლესობისთვის მოულოდნელმა - განვითარებამ, თავად გააგრძელა ფილმი, ე.ი. არ მისცა საშუალება ავტორს შეეკრა ფილმი თავად დოკუმენტური კინოს კანონების მიხედვით - პროლოგით, თემის განვითარებით, ფინალით...რომელ ფინალზეა ლაპარაკი, როცა არავინ იცის, რა იქნება ხვალ...დოკუმენტური კინოს რომელ კანონებზეა ლაპარაკი ქვეყანაში, რომელიც ახალი ომის საშიშროების ქვეშ იმყოფება... ასეთ დროს ხვალინდელ დღეზე მსჯელობა შეუძლებელი ხდება...

[ნინო პოპიაშვილის ხმა] ”კარგად ჩანს რა იმედები იყო, რა დაიმსხვრა, რა არ გამართლდა და რა მოლოდინებია ახლა.”

კარგად ჩანს ფილმში, განსაკუთრებით თუ ერთმანეთს შევადარებთ შედარებით მშვიდ და ოპტიმისტურ პირველ და საყურებლად ძალიან მძიმე მეორე ნაწილს. ორივეში მიზანი მიღწეულია - ბალანსი სრულიად დაცულია...ნინო პოპიაშვილს ვკითხეთ, რამდენადაა შესაძლებელი ამ ფილმის გაგრძელება - კონფლიქტი ხომ არაა დასრულებული... პირიქით, სულ უფრო მეტად მძაფრდება.

[ნინო პოპიაშვილის ხმა] ”თუ იქნება ინტერესი, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამ კუთხით. ჩვენ ხომ ძალიან ცოტა რამ ვიცით ერთმანეთის შესახებ, განსაკუთრებით ახალგაზრდების შესახებ - ქართველი და ოსი ახალგაზრდები ხომ ერთმანეთს არ იცნობენ. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ამ სახის დიალოგი მაინც - ინფორმაციის გაცვლა მაინც.”

გიორგი გვახარია, რადიო “თავისუფლება”. თბილისი

[მუსიკა]

წამყვანი:
თუ გიორგი გვახარიას კინოში წასვლა მოუხდა ყოველკვირეულ რადიოჟურნალ “მეათე სტუდიისთვის” დღევანდელი სიუჟეტის მოსამზადებლად, ოქროპირ რუხაძე დაესწრო კონცერტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრაღაში გაიმართა.

[ოქროპირ რუხაძის სიუჟეტი: იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა]
XS
SM
MD
LG