Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას მოახდენს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე ბომბეის თავდასხმები?


მას შემდეგ, რაც ბომბეის ამ დღეებში ტერორის ტალღამ გადაუარა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა დღითიდღე მწვავდება.

ასეთი დაძაბულობა აღარ ახსოვთ 2001 წლის დეკემბრის შემდეგ, როცა თავდასხმამ ინდოეთის პარლამენტზე სამხედრო დაპირისპირების პირას მიიყვანა ეს ორი ქვეყანა. მათ შორის დაძაბულობა კი დიდ შეშფოთებას იწვევს არა მარტო იმის გამო, რომ ინდოეთსაც და პაკისტანსაც ატომური იარაღი აქვთ. კოორდინირებულმა თავდასხმებმა (მათ შორის იყო თავდასხმები ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროზე) ბომბეიში სულ ცოტა 171 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტერაქტების შემდეგ იზრდება პაკისტანზე ზეწოლა, რომ აღკვეთოს მის ტერიტორიაზე არსებული ტეროროისტული ორგანიზაციების საქმიანობა.

კვირას ღამით პაკისტანის ჯარებმა იერიში მიიტანეს ბომბეის ტერაქტებში ეჭვმიტანილ ისლამისტებზე. როგორც იტყობინებიან, სულ ცოტა ოთხი ადამიანი დააპატიმრეს ქაშმირის რეგიონში, როცა უშიშროების ძალებმა რეიდი განახორციელეს ისლამისტური ორგანიზაცია ლაშკარ-ე-ტაიბას საწვრთნელ ბაზაზე, ქაშმირის პაკისტანური ნაწილის დედაქალაქ მუზაფარაბადის მახლობლად.

უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა თქმით, დაკავებულია ბომბეის ტერაქტების ორგანიზატორი ზაქი-ურ-რეჰმან ლახვი. ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, მისი ვინაობა დაასახელა ბომბეის ტერაქტების დროს დაკავებულმა ერთადერთმა ცოცხლად გადარჩენილმა თავდამსხმელმა.

ინდოეთის უშიშროების სამსახურები იტყობინებიან, რომ ლახვიმ და ინდოეთში ლაკარ-ე-ტაბის ოპერაციების ხელმძღვანელმა, იუსუფ მუზამილმა, ტელეფონით გასცეს ბრძანება თავდამსხმელებს.

ლაშკარ-ე-ტაიბა პაკისტანის უშიშროების სამსახურების დახმარებით შეიქმნა 80-იან წლებში, ქაშმირის ინდურ ნაწილში ბრძოლისთვის.

ანალიტიკოსების აზრით, რეგიონში ვითარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია, პაკისტანის ჯარებმა შეწყვიტონ გასამხედროებული დაჯგუფებების განხილვა ისლამაბადის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევ იარაღად.

მიმომხილველები მიუთითებენ იმ გარემოებაზეც, რომ ლაშკარ-ე-ტაიბას წინააღმდეგ რეიდის სამიზნე არ ყოფილა ჯიჰადის ლიდერი და ამ ორგანიზაციის დამაარსებელი ჰაფიზ საიდი, რომელიც ლაჰორში ცხოვრობს.

სხვათა შორის, ისლამისტები აღიარებენ, რომ ბანაკი, რომელზეც განხორციელდა კვირას რეიდი, 2004 წლამდე მართლაც გამოიყენებოდა ლაშკარ-ე-ტაიბას მიერ ქაშმირში ინდოეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ, მათი თქმით, უკანასკნელ ხანებში ბანაკი საქველმოქმედო მიზნებით გამოიყენება.

ტერორმა ბომბეიში შესაძლოა გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ერთი შეხედვით მოულოდნელ შედეგს მოასწავებს. იმის მაგივრად, რომ გაძლიერდეს ბრძოლა ტერორზე სავარაუდოდ პასუხისმგებელ ისლამისტ ექსტრემისტებთან, მოხდება პირიქით - ექსტრემისტებს მეტი თავისუფლება მიეცემათ.

მიზეზი მარტივია: ინდოეთი, რომელიც პაკისტანში ბაზირებულ ძალებს აკისრებს იერიშების პასუხისმგებლობას, სავარაუდოდ თავს მოუყრის სამხედრო მოსამსახურეებს პაკისტანთან საზღვრის გასწვრივ. საპასუხოდ პაკისტანიც - სამხედრო მოსამსახურეებს განათავსებს აღმოსავლეთში, ინდოეთის საზღვართან, საამისოდ კი მოუწევს იმ ათიათასობით ჯარისკაცის დისლოკაციის შეცვლა, რომლებიც ახლა დასავლეთ პაკისტანში არიან განთავსებული ისლამისტ ექსტრემისტებთან საბრძოლველად.

ლაშკცარ ე ტაიბანი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც 2001 წელს ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმის შემდეგ აიკრძალა. პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ექსტრემისტებს აკისრებს პასუხისმგებლობას რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისთვის. მაგრამ დელიში მოღვაწე პოლიტოლოგ კანჩან ლაქსმენის შეფასებით, პრეზიდენტი ზარდარი ცდილობს ყურადღება ჩამოაცილოს პასუხისმგებლობას, რომელიც შესაძლოა უშუალოდ პაკისტანის ხელისუფლებას ეკისრებოდეს ბომბეიში კოორდინირებულ ძალადობასთან დაკავშირებით:

“ფაქტია, რომ ლაშკარ-ე ტაიბას მჭიდრო კავშირები აქვს თალიბანთან და ალ ყაიდასთან. ეს მართლაც ასეა. მაგრამ რაც შეეხება პრეზიდენტ ზარდარის მოსაზრებას, რომ ლაშკარ ე ტაიბას რეგიონული ომის გამოწვევა სურს, ამას ყურადღება გადააქვს მთავარი პუნქტიდან, რომ გამოძიების ცენტრში პაკისტანი დგას”.

1947 წელს ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ინდოეთმა და პაკისტანმა სამჯერ იომეს მათ შორის გაყოფილი და ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევი ქაშმირის რეგიონის გამო. დავა არ მოგვარებულა: ინდოეთი ქაშმირს თავისად მიიჩნევს, არადა, უმეტესწილად მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონზე პრეტენზია აქვს პაკისტანსაც, რომელიც ხელს უწყობდა სეპარატისტულ მოძრაობას ინდოეთის ქაშმირში. თუ სეპარატისტები თავდაპირველად არარელიგიური ნაციონალისტები იყვნენ, მოგვიანებით ისინი პაკისტანში მოქმედ ისლამისტებს შეუერთდნენ და ბრძოლა გამოუცხადეს ინდური ქაშმირის ადმინისტრაციას.

2001 წლის 13 დეკემბერს ინდოეთის პარლამენტზე თავდასხმის შემდეგ, ინდოეთმა მილიონამდე ჯარისკაცს მოუყარა თავი პაკისტანთან საზღვარზე - რასაც პაკისტანმა თავის აღმოსავლეთ, ინდოეთის გასწვრივ საზღვარზე, 120ი ათასი სამხედრო პირის განთავსებით უპასუხა. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ გარემოებამ ფაქტიურად მოქმედების თავისუფლება მისცა თალიბანს და ალ ყაიდას პაკისტანის დასავლეთში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება.

იგივე შეიძლება განმეორდეს ახლაც, ბომბეიში ტერორის ტალღის შემდეგ: თუ ინდოეთი, სადაც ანტიპაკისტანური განწყობა მატულობს, ისევ გაზრდის სამხედრო კონტინგენტს პაკისტანის საზღვართან, პაკისტანი ასეთივე ნაბიჯს გადადგამს. ათიათასობით ჯარისკაცს, ამჟამად თალიბებსა და ალ ყაიდას რომ ებრძვიან ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონში, ინდოეთის საზღვართან ჩადგომა მოუწევს.

პაკისტანელ ანალიტიკოს მაჰმუდ შეჰს მოვუსმინოთ: “თუ ინდოეთი კარგად ჩაუფიქრდება ამ საკითხს, მიხვდება, რომ პაკისტანის მთავრობის დასუსტება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ექსტრემისტულ ძალებს პაკისტანში. ეს კი კონტრპროდუქტიული იქნება ინდოეთისთვისაც. და თუ ინდოეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა პაკისტანს ყურადღებას გადაატანინებს თავის აღმოსავლეთის საზღვრებისაკენ, და ხელს შეუშლის მის კამპანიას ექსტრემისტების წინააღმდეგ, ესეც ინდოეთს ავნებს, რადგან, როგორც ვხედავთ, როცა ტერორიზმი და ექსტრემიზმი თანდათან იკრებს ძალას პაკისტანში- იგივე მოელის ინდოეთსაც”.

მეტიც - ინდოეთს და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირება უმძიმესი დარტყმა იქნებოდა, ზოგადად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ქაბულელი ანალიტიკოსი ნასრულა სტანკაზაი განმარტავს:

“თუ ინდოეთმა და პაკისტანმა ომი წამოიწყეს, ან სხვა რაიმე მოქმედებამ ძირი გამოუთხარა რეგიონულ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, ეს ვფიქრობ, ხელს შეუწყობს რეგიონში ტერორიზმის გაძლიერებას. ტერორისტები შეძლებენ რეგიონში სახელმწიფოთა სისუსტით სარგებლობას, გამოიყენებენ შანსს რეგიონში ახალი თავშესაფრების მოსაძებნად. ეს კი განსაკუთრებით სახიფათო იქნება, რადგან ავღანეთში სუსტი მთავრობა გვყავს, ხოლო ირანი ისედაც ხელს უწყებს ყველა ანტიამერიკულ მოძრაობას ამ რეგიონში”.

მართალია, ექსპერტების ვარაუდით, საქმე ომამდე არ მივა, მაგრამ ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის გამწვავება კარგს არაფერს მოასწავებს სამხრეთ აზიისთვის - თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში, რომლის მოსახლეობაც ერთ-ერთი უღარიბესია მსოფლიოში, კიდევ უფრო იმატებს სამხედრო ხარჯები.
XS
SM
MD
LG