Accessibility links

როგორია ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა ამერიკას, რუსეთსა და საქართველოს შორის


მაშინ როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე ძალის დემონსტრირებას განაგრძობს და საერთაშორისო

თანამეგობრობის მოწოდებებს უგულებელყოფს, მოსკოვის ქმედებების მიმართ კრიტიკულ განწყობას გამოხატავს ამერიკის როგორც მოქმედი, ასევე მომავალი ადმინისტრაცია. კვირას, ტელეკომპანია ”ენ-ბი-სის” (NBC) ეთერში გამოსვლისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა ბარაკ ობამამ რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და მოსკოვს, პოლიტოლოგების აზრით, პირველი მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამერიკას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობის ბედზე.

რუსეთმა, რომელიც ნავთობის მაღალი ფასის წყალობით გამდიდრდა, ვერ გამოიყენა შეთავაზებული შანსი გამხდარიყო საერთაშორისო საზოგადოების წევრი და ემოქმედა 21-ე საუკუნის პრინციპების მიხედვით, - დაახლოებით ამ სიტყვებით გამოხატა იმედგაცრუება 7 დეკემბერს ტელეკომპანია ფოქსისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. რამდენიმე დღის წინ კი მანვე გამოხატა იმედი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ფასეულობების დაცვას აუცილებლად განაგრძობს.

სწორედ საერთაშორისო ნორმების პატივისცემისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს რუსეთს ამერიკის პრეზიდენტად არჩეული ბარაკ ობამა 7 დეკემბერს ტელეკომპანია ”ენ-ბი-სისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”როცა საქმე საქართველოს ეხება და მეზობელი ქვეყნებისთვის შექმნილ საფრთხეს, რუსეთის ქმედებები, მე ვიტყოდი, შეუთავსებელია საერთაშორისო ნორმებთან,” - ამბობს ობამა და დასძენს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა შესაძლებელია ცალკეული მიმართულებებით (მაგალითად - იარაღის გაუვრცელებლობისა და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით); თუმცა, ამავე დროს, ვაშინგტონმა მოსკოვს უნდა გაუგზავნოს ნათელი სიგნალი და მოუწოდოს იმგვარად მოქმედებისკენ, რომ არ დააფრთხოს მეზობლები.”

ამერიკის მომავალი პრეზიდენტის პოზიცია არ გაჰკვირვებიათ ქართველ პოლიტოლოგებს, რადგანაც ბარაკ ობამა მსგავს განცხადებებს ჯერ კიდევ პრეზიდენტობისთვის ბრძოლის პროცესში აკეთებდა. პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მისი ბოლო განცხადების უკან ამჯერად სხვა მიზეზსაც ხედავს:

(კვაშილავას ხმა) ”ალბათ ეს იყო გარკვეული დაბალანსება აშშ-ის პასიური პოზიციისა ნატოს ბოლო მინისტერიალზე და, გარკვეულწილად, მინიშნებაც იმისაკენ, რომ შეერთებულ შტატებს ახსოვს თავისი მოკავშირე... და, შესაძლებელია, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ საქართველოსთვის აშშ-ის დამოკიდებულება უფრო დადებითისკენ შეიცვალოს.” (სტილი დაცულია)

დაახლოებით რას შეიძლება ნიშნავდეს ცვლილება დადებითისკენ? რამდენად აქტიური და ქმედითი იქნება ობამას ადმინისტრაციის მხარდაჭერა? პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ ნაკლებად ხმამაღალი განცხადებები, შესაძლოა, უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს:

(გოგოლაშვილის ხმა) ”ძნელია საუბარი რაღაც ისეთ ხისტ პოლიტიკაზე... ბუშის ადმინისტრაცია ალბათ იყო უფრო ღიად მხარდამჭერი... მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის, რომ, შესაძლოა, ობამას ადმინისტრაციას ჰქონდეს უფრო დიდი გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე, ვიდრე ბუშისას... და ამ თვალსაზრისით, მისი მხარდაჭერა, შეიძლება ნაკლებად აქტიური, იყოს უფრო რეზულტატიანი.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ ამერიკის პოზიცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე. რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორების იმედს გამოხატავს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც 8 დეკემბერს რუსეთის პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში, ქართულ ენაზე გადაიხადა. თუმცა იმ პირობებში, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე კვლავაც განაგრძობს ძალების შეუზღუდავ დემონსტრირებას, სამომავლო ურთიერთობები ჯერ ისევ ბუნდოვანია. საქართველო მზად არის რუსეთთან განიხილოს ყველა საკითხი, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის გარდა - ასეთია თბილისის უცვლელი პოზიცია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში გამოხატა.
პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა პრაქტიკულად გამორიცხულია:

(კვაშილავას ხმა) ”მანამ, სანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი არ იქნება უარყოფილი რუსეთის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.” (სტილი დაცულია)

სწორედ ამავე აზრს გამოხატავს გრიგოლ ვაშაძე ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა საქართველო თავის ტერიტორიაზე არასოდეს დაუშვებს რუსეთის სამი დიპლომატიური მისიის არსებობას. ბუნებრივია, იგულისხმება თბილისი, ცხინვალი და სოხუმი.
XS
SM
MD
LG