Accessibility links

სომხეთისა და საქართველოს პრემიერებმა ერთმანეთი პირადად გაიცნეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარქისიანმა საქართველოსთან ურთიერთობას სტრატეგიული უწოდა

და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს მოუგვარებელი საკითხები. ამის დასტურად, სომხეთმა და საქართველომ ორი მწვავე საკითხი ოპერატიულად გადაწყვიტეს: ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების რედაქტირებულ ვარიანტს და ნორაშენის სომხურ ეკლესიაში შეჩერდა უკანონო რეკონსტრუქცია, რამაც მთელი სომხური თემი აალაპარაკა.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას მეგობრული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო ფონი ახლდა. ვიზიტამდე საკმაოდ გამწვავდა თბილისში, ლესელიძის 41 ნომერში მდებარე ნორაშენის სომხური ეკლესიის საკითხი, რამაც სომხური თემის საპროტესტო გამოსვლა გამოიწვია. 27 ნოემბერსა და 3 დეკემბერს სომხეთში გამართულ აქციებზე ”კულტურული ვანდალიზმი” უწოდეს მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვარის მამის სახელობის ტაძრის სიახლოვეს დაწყებულ მშენებლობას, რის გამოც ხელყოფილ იქნა ნორაშენის ეკლესიის ეზოში არსებული სომხური საფლავები. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქარის” ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, მსგავსი მშენებლობა შეუთავსებელია ქართულ ტოლერანტობასთან:

[ალექსანდრე ელისაშვილი] ”ზოგადადაც ასეთი დავები ეკლესიებს შორის უნდა წყდებოდეს, ჩემი აზრით, მეცნიერების დონეზე, ისტორიკოსების დონეზე და არა, ვთქვათ, იქ ამწეკრანების გამოყენებით და საფლავების დანგრევით. 21-ე საუკუნეში თბილისში, რომელიც თავს იწონებს თავისი ტოლერანტობით, - და სავსებით სამართლიანადაც, -ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. არადა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, როცა ერთ-ერთმა ქართველმა მამაომ ბულდოზერი მიაყენა და იქ ერთი საფლავის ქვა დაზიანდა. ამან აღაშფოთა სომხური თემი თბილისში - და არამხოლოდ თბილისში, სხვათა შორის.”


როგორც თბილისში მყოფმა სომეხმა ჟურნალისტებმა უთხრეს რადიო ”თავისუფლებას”, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის ოფიციალური სტუმრობა სწორედ ამ უკმაყოფილების ჩაცხრობას და იმის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არ არსებობს მოუგვარებელი კულტურული და ეკონომიკური პრობლემები. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ნორაშენის ეკლესიის საკითხი პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო:

[ეკატერინე შარაშიძე] ”იყო საუბარი და ორივე პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმას, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და სომხეთის პატრიარქები შეხვდებიან და გადაჭრიან ყველა იმ პრობლემას, რომელიც წამოიჭრა.”(სტილი დაცულია)

საქართველოსა და სომხეთის ეკლესიის მეთაურების შეხვედრამდე, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია ნორაშენის ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით, შეწყდა ყოველგვარი მშენებლობა სადავოდ ქცეული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ძეგლზე გამოცხადდა ”მორატორიუმი”, სანამ ორმხრივი კომისია არ შეისწავლის ძეგლის კუთვნილების საკითხს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას ბრძნულს უწოდებს სომხურენოვანი გაზეთის, ”ვრასტანის”, რედაქტორი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ პრობლემა თითქმის მოგვარებულია:

[ვან ბაიბურთი] ”მე ვთვლი, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობა არის იმ დონეზე, რომლისაც ყველას შურს. სერიოზულად გეუბნებით! და პრობლემები ჩვენ არა გვაქვს. იყო ერთი პატარა პრობლემა ნორაშენთან დაკავშირებით და ის, რომ საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მამა ტარიელი გადაიყვანა სხვა ადგილას, მე მგონია, რომ ჩვენ უკვე პრობლემები აღარა გვაქვს.”(სტილი დაცულია)

თუმცა პრობლემები საქართველოსა და სომხეთს შორის ნამდვილად არსებობს. როგორც სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა 10 ნოემბრის ”ფრანკფურტერ ალგემაინესთან”” ინტერვიუში განაცხადა, ზოგჯერ ეს უთანხმოება ”ფუნდამენტურ ხასიათს” ატარებს. აქ საქმე ეხება, პირველ ყოვლისა, ურთიერთობას რუსეთთან, რომელთანაც, საქართველოსგან განსხვავებით, მეზობელ სომხეთს მჭიდრო პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. სომხეთი საგრძნობლად შეაშფოთა საქართველოს გამოსვლამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან. ამიტომ საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა 9 დეკემბერს სასწრაფოდ ხელი მოაწერეს ცვლილებათა პროექტს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაში, რათა დსთ-დან გამოსვლას არ მოჰყვეს შესაძლო უკუშედეგი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG