Accessibility links

საპროტესტო გამოსვლები საბერძნეთში


საბერძნეთის მთავრობაზე ზეწოლა იზრდება. ქვეყნის უდიდესმა პროფკავშირებმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს მას მერე, რაც ამბოხება, რომელიც ოთხი დღის წინ დაიწყო, მრავალ ქალაქს მოედო.

მთელი ქვეყნის მასშტაბით იხურება კომპანიები, პარალიზებულია ტრანსპორტი და საზოგადოებრივი მომსახურება. ყოველივე ეს დაიწყო მას მერე, რაც შაბათს ათენში პოლიციამ 15 წლის მოზარდი მოკლა. მაგრამ იმის შემდეგ, რაც პროფკავშირები და პოლიტიკური ოპოზიცია შეუერთდა სტუდენტების მიერ ორგანიზებულ ამბოხებას, მდგომარეობა ფართო მასშტაბის სოციოპოლტიიკური კრიზისის ფორმებს იღებს.

პოლიციასა და მეამბოხეებს შორის წუხელანდელი სასტიკი შეტაკებების შედეგად საბერძნეთის დედაქალაქის ქუჩები დღეს ნამსხვრევებით არის მოფენილი. გადამწვარია მაღაზიები და მანქანები, ქალაქის თავზე კვამლი და ცრემლმდენი გაზი ჩამოწოლილა.

ღამის განმავლობაში მეამბოხეებმა გზა გაიკვლიეს საბერძნეთის პარლამენტის კიბეებისკენ, სადაც შენობის დასაცავად მისულ პოლიციასთან გამართეს ბრძოლები.

საკანონმდებლო ორგანოს წინ ხელჩართული ბრძოლები კიდევ უფრო ნათელს ხდის მეამბოხეთა მიზანს: მათ პრემიერ-მინისტ კოსტას კარამანლისის კონსერვატიული მთავრობის ჩამოგდება სურთ.

რადიკალი სტუდენტები, რომლებიც უძღვებიან მეამბოხეებს, მარტონი არ არიან. მათ საბერძნეთის პოლიტიკური და პროფკავშირული წრეების წამყვანი ძალები შეუერთდა. უდიდესი ოპოზიციური პარტიის, სოციალისტური პარტიის ლიდერმა, გეორგიოს პაპანდრეუმ კარამანლისს და მის კაბინეტს გადადგომისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ერთადერთი სამსახური, რაც მთავრობამ შეიძლება გაუწიოს ქვეყანას, არის გადადგომა.

ორი მთავარი პროფკავშირი, რომელიც საბერძნეთის მუშახელის თითქმის ნახევარს აერთიანებს, აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლებით ქვეყნის სრულ პარალიზებას ახდენს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად. გაფიცვა ამბოხების დაწყებამდე იყო დაგეგმილი, მაგრამ მისი ახლა დაწყება კიდევ უფრო მეტ ძალას კრებს ანტისამთავრობო ამბოხებას.

რატომ დაიწყო დემოკრატიის აკვნად ცნობილ საბერძნეთში არეულობები ასე სწრაფად? მისი საბაბი გახდა შაბათს ათენში პოლიციის მიერ თხუთმეტი წლის ბიჭის მოკვლა. თუმცა ამ ტრაგიკული შემთხვევით არ შეიძლება აიხსნას არეულობების მასშტაბი და ინტენსივობა. ნათელია, რომ მიზეზი სხვა რამ არის.

ცხადია, ყველა არ ეთანხმება მეამბოხეებს. მაგალითად, ეს ქალი, რომელსაც რეიტერის კორესპონდენტი გამოესაუბრა ათენის ქუჩაში:

[ბერძენი ქალი] "ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა. მრცხვენია, რომ ბერძენი ვარ. სრულიად იმედგაცრუებული ვარ."

კარამანლისმა არეულობებისთვის დემოკრატიის მტრებს დასდო ბრალი და არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმის თაობაზე, რომ გადადგომას ფიქრობს.

მაგრამ კარამანლისის მთავრობა უკანასკნელ ხანებში სულ უფრო მეტად არაპოპულარული ხდება. განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რამაც კიდევ უფრო დიდი დატრყმა მიაყენა საბერძნეთის ისედაც პრობლემებით აღსავსე ეკონომიკას.

მაღალია უმუშევრობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის; გაძვირდა ცხოვრება; სიღატაკე კი, რომელიც რეალურად არასოდეს დაუძლევიათ ევროპის კავშირის ამ ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, კვლავ იზრდება.

ამას დაუმატეთ საზოგადოების განრისხება სკანდალების სერიებით, რომლებშიც მინისტრები იყვნენ ჩათრეული. ამას დაურთეთ ზაფხულში ტყეების ხანძრებთან დაკავშრირებული კრიზისი, რომელსაც, საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, მთავრობამ თავი ვერ გაართვა.

არ უნდა დავივიწყოთ არც ისტორია. ბერძნული რადიკალური ელემენტების მიდრეკილება ანარქიისადმი, რაც წლების განმავლობაში გამოიხატებოდა თავდასხმებში იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც კაპიტალიზმს განასახიერებენ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ანარქისტებიც შეუერთდნენ სტუდენტურ გამოსვლებს.

ყველაფერი ეს ქმნის ერთობ რთულ ვითარებას, რომელმაც კარამანლისი შეიძლება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აიძულოს.
XS
SM
MD
LG