Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”სააკაშვილის სულელური კარუსელი”, ”მთავრობაძე გარდაიცვალა”, ”სამთავრობო გადახალისება, რომელიც ხალხს ხალისს უკარგავს”, ”მიშას შოუ გრძელდება,

საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს”, ”ხელისუფლებას ნორმალური არჩევნების ჩატარებას ვაიძულებთ” - დღევანდელი პრესა სამთავრობო ცვლილებების ლოგიკას იკვლევს.

”ვერსია”, ”კულუარულ ინფორმაციაზე” დაყრდნობით, წერს, რომ ოპოზიციასა და სააკაშვილის გუნდს შორის საიდუმლო კონსულტაციები მიმდინარეობს. ამბობენ, რომ სააკაშვილი თანახმაა დათმოს ყველა მინისტრი, ძალოვნების გარდა. სწორედ ამიტომ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები შედგება და პარლამენტში შესული ოპოზიცია ”ნაციონალებთან” ერთად კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ ამ გეგმის დეტალების შესათანხმებლადაა წასული დავით ბაქრაძე ამერიკაში”, - წერს ”ვერსია”, რომელსაც თავის მოსაზრებებს უზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილი: ”ვფიქრობ, ვაშაძის დანიშვნა იყო პასუხი ვაშინგტონისთვის, რომ თუ აშშ ალასანიას უშვებს ქართულ ორბიტაზე, მაშინ საგარეო ვექტორი, შესაძლოა, რუსეთის მიმართულებითაც შეიცვალოს”. ”ვერსია” ესაუბრა კულტურის მინისტრად დანიშნულ ნიკოლოზ რურუას, რომელიც ამბობს: ”იმ პოსტზე რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა ეს გამოწვევა მაინტერესებს”.

რურუას დანიშვნაზე რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში აღნიშნავს: ”ეს უფრო მოხსნაა, ვიდრე დანიშვნა... რაღაც სფეროს ჩამოაცილეს. მით უმეტეს, მისი მეგობრები, ბიზნესმენები, დაპატიმრებულები არიან. თავის დროზე სასტუმროები უნდა აეშენებინათ. ვინც ყაზახი ინვესტორები ჩამოიყვანეს, კაჭარავა და რამიშვილი, იგივე ზარალა, დაუპატიმრებიათ, როგორც ახლა მითხრეს. რაღაცნაირად, ეტყობა, მის მიმართ ეჭვებია”, - ამბობს ზურაბიშვილი. ”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუ ქალთა პარტიის ლიდერ გუგული მაღრაძესთან. ”ჩვენთან მთავარია სკამი და არა ქვეყნის კეთილდღეობა. ამიტომ არის საჭირო, რომ პოლიტიკაში მაღალი ზნეობის ადამიანები იყვნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ-ახალი პარტიების შექმნით ისევ ის ხალხი აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, რომელსაც ხელისუფლება პირადი მერკანტილური ინტერესების გასატარებლად სჭირდება. ხალხმა ისეთი ხელისუფლების მოსვლა უნდა მოითხოვოს, რომელიც ყველაზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებს”, - ამბობს გუგული მაღრაძე.

”რეზონანსი” სააკაშვილის გუნდიდან გიგა ბოკერიას შესაძლო წასვლაზე წერს, თუმცა ამ ვარაუდებს გაზეთი გამოთქვამდა მანამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დღეს მოადგილეებს შორის გიგა ბოკერიასაც დაასახელებდა. ”რეზონანსი” თავდაცვის ახალ მინისტრზეც წერს. გაზეთი ექსპერტებს ესაუბრა. ირაკლი სესიაშვილი: ”ბათუ ქუთელიასთან შედარებით, სიხარულიძეს აქვს გარკვეული გამოცდილება, რომელიც უკვე გარკვეულ ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა. კარდინალურ ცვლილებებს და მდგომარეობის გაუმჯობესებას თავდაცვის სამინისტროში არ ველოდები. სანამ არ შეიცვლება ეს ხელისუფლება და სანამ არ ჩამოყალიბდება ნორმალური, განვითარებული სახელმწიფო, ყველა ეს ცვლილება იქნება კოსმეტიკური”, - ფიქრობს სესიაშვილი. არც მეორე ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე, ელის ცვლილებებს, რადგან, მისი აზრით, დავით სიხარულიძეს არ გააჩნია გამოკვეთილი ხედვები და პრინციპები.


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG