Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სიხარულიძე თავდაცვაში რეფორმების გაგრძელებას რადიკალური საკადრო ცვლილებების გარეშე გეგმავს


10 დეკემბერს მოვალეობის შესრულებას შეუდგა თავდაცვის ახალი მინისტრი დავით სიხარულიძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხედრო უწყებაში რეფორმების გაგრძელებას გეგმავს,

ოღონდ რადიკალური საკადრო ცვლილებების გარეშე. ახალი მინისტრის პირველივე საჯარო განცხადებამ სკეპტიკურად განაწყო დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სწორედ საკადრო რეფორმები და რეორგანიზაცია სჭირდება ჰაერივით რუსეთთან ხუთდღიან ომში დამარცხებულ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მინდა თავდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებულ სხვა მოლოდინებსა და შეფასებებზე უფრო ვრცლად გესაუბროთ.

თავდაცვის ახალი მინისტრი დავით სიხარულიძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოთხშაბათ დილით ჩამოფრინდა საქართველოში და სულ მალე სხვა კოლეგებთან ერთად პირველ სამთავრობო სხდომას დაესწრო. საქმე ის გახლავთ, რომ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახალი დანიშვნები, თუკი ის მინისტრთა ერთ მესამედზე ნაკლებია, არ საჭიროებენ პარლამენტში დამტკიცებას. შესაბამისად, სამომავლო გეგმებზე დავით სიხარულიძე ჟურნალისტებთან საუბრობდა როგორც ლეგიტიმური თავდაცვის მინისტრი:

[დავით სიხარულიძე] ”რა თქმა უნდა, რეფორმები გაგრძელდება და რეფორმები იქნება მიმართული იქითკენ, რომ უზრუნველყოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და უზრუნველყოს ჩვენი ნატოსთან თავსებადობა. ასევე გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან.”(სტილი დაცულია)

ტრადიციის თანახმად, ახალი თავდაცვის მინისტრები რეფორმებს საკადრო ცვლილებებით იწყებენ - ცვლიან აპარატის უფროსს და უშუალო მოადგილეებს. თუმცა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ მისთვის მთავარია სისტემის ინსტიტუციური სრულყოფა და არ აპირებს რადიკალურ საკადრო ცვლილებებს:

[დავით სიხარულიძე] ”საკადრო ცვლილებები განხილვის სტადიაშია, მაგრამ ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები სისტემაში არ იქნება.”

ახალი თავდაცვის მინისტრის ამ პირველმა საჯარო განცხადებამ გააოცა დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ომში განცდილი მარცხის შემდეგ სამხედრო უწყების საკადრო პოლიტიკა სერიოზულ რევიზიას საჭიროებს. ირაკლი სესიაშვილმა, დირექტორმა არასამთავრობო ორგანიზაციისა ”სამართალი და თავისუფლება”, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სისტემური საკადრო და საორგანიზაციო ცვლილებების გარეშე ახალ თავდაცვის მინისტრს გაუჭირდება რეალური რეფორმების განხორციელება:

[ირაკლი სესიაშვილი] ”ახალ მინისტრს მოუწევს საკმაოდ სერიოზული და მტკივნეული რეფორმების გატარება, მათ შორის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით - იმდენად, რამდენადაც მე ვფიქრობ, რომ ის არაეფექტური მოქმედება ომის დროს, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოწვეული, იყო არაკომპეტენტური კადრების არსებობის გამო.”(სტილი დაცულია)

სხვა სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ დავით სიხარულიძეს არ ექნება ისეთივე კარტ-ბლანში საკადრო და საორგანიზაციო საკითხებში, როგორიც ჰქონდათ მის წინამორბედებს, დავით კეზერაშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის განუზომელი ნდობით სარგებლობდნენ. ამ ფონზე ახალი თავდაცვის მინისტრის მისია მოკრძალებული ეჩვენება სამხედრო აკადემიის ყოფილ უფროსს, გადამდგარ პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს, რომელიც დავით სიხარულიძეს იმ პერიოდიდან იცნობს, როდესაც იგი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა:

[გიორგი თავდგირიძე] ”მე დავით სიხარულიძეს ვაკვირდებოდი, როცა ის იყო ირაკლი ოქრუაშვილის მოადგილე. და, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მას კარგად უნდა სცოდნოდა იმავე აკადემიის აუცილებლობა, მან არაფერი არ გააკეთა იმისთვის. ერთი ხმაც კი არ ამოუღია იმისთვის, რომ დაეცვა აკადემია და იმ პროგრამის დასაცავად, რომელიც ახალდაწყებული იყო და საკმაოდ ეფექტიანიც იყო.”(სტილი დაცულია)

გიორგი თავდგირიძის მოსაზრებას ეთანხმება სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ახალ მინისტრს ურჩევს სამხედრო სისტემიდან უსამართლოდ გაყრილი პროფესიონალი ოფიცრების დაბრუნებაზე იზრუნოს:

[ირაკლი ალადაშვილი] ”მთავარი იქნება, თუ დავით სიხარულიძე მოახდენს დაბრუნებას იმ პროფესიონალებისა, რომლებიც, სხვათა შორის, მაშინ გაუშვეს ჯარებიდან, როდესაც ოქრუაშვილი იყო მინისტრი და თავად ის - მინისტრის მოადგილე. თუ ეს მოხდება, მაშინ ვნახოთ.”(სტილი დაცულია)

კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი ისაა, ეყოფა თუ არა დრო და რესურსი ახალ თავდაცვის მინისტრს რაიმეს შესაცვლელად. სტრატეგიის საკითხთა ექსპერტი კახა კაციტაძე ფიქრობს, რომ ცალკეული მინისტრების შეცვლა საქმეს ვერ შეცვლის:

[კახა კაციტაძე] ”ამ პოლიტიკურ სიტუაციაში და მმართველობის ასეთი სტილის არსებობაში, მოლტკეც რომ მოიყვანო, ვერავინ ვერაფერს ვერ შეცვლის. ანუ შესაცვლელია მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემა და ახალი საკადრო ცვლილება აქ არაფერს არ უშველის.”(სტილი დაცულია)

დავით სიხარულიძე რიგით მეხუთე თავდაცვის მინისტრია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივი იყო მინისტრობა მისი წინამორბედის, დავით კეზერაშვილისა, რომელმაც სამხედრო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ორ წელიწადზე მეტი დრო დაყო. დავით კეზერაშვილმა სამუშაო კაბინეტი 9 დეკემბერს ყოველგვარი კომენტარის გარეშე დატოვა.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG