Accessibility links

logo-print

განახლებული მთავრობის პირველი სხდომა


მორიგი საკადრო კარუსელის დატრიალებისა და ახალი მინისტრების ძირითადი ნაწილის შესაბამის სამინისტროებში წარდგენის შემდეგ, საქართველოს მთავრობა პირველ სხდომაზე შეიკრიბა.

სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა და მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სხდომის წარმართვა პრემიერ–მინისტრს დაავალა.რა პრიორიტეტებს უსახავს მიხეილ სააკაშვილი მინისტრთა განახლებულ კაბინეტს და იკითხება თუ არა ეს პრიორიტეტები ახალი მინისტრების კომენტარებში?


საქართველოს განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი მისთვის უჩვეულოდ მოკლე და კონკრეტული სიტყვით წარდგა. მან მინისტრებს მუშაობაში წარმატება უსურვა, კაბინეტის გადახალისება უპრეცედენტო მასშტაბით ახალი სისხლის გადასხმად შეაფასა და აღნიშნა, რომ, მსოფლიო კრიზისის ფონზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პირობებში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის ბრძოლაში მთავრობას რამდენიმე მთავარი ამოცანის შესრულება მოუწევს. კერძოდ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ ახალი დანიშვნები მინისტრთა კაბინეტში ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა და მთავრობა, ბევრად უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ინსტიტუტებს და დავუახლოვდეთ ევროპას, უზრუნველვყოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და სწორი გზით წარვმართოთ შეიარაღებული ძალების მშენებლობა და რეფორმირება.“

მოთხოვნები კი, რომელთა შესრულებაც მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას დაავალა, შემდეგია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ ეს არის კოორდინირებული მუშაობა, შეთანხმებული მუშაობა ერთმანეთთან, ეს არის საკითხების ღრმა ცოდნა და ჩაღრმავება და ეს არის მუდმივი ურთიერთქმედება ჩვენს ხალხთან, ჩვენს საზოგადოებასთან. მუდმივი დანახვა იმისა, სადა ვართ, საითკენ მივდივართ, რა პერსპექტივები გვაქვს, როგორ უნდა ვიაროთ ამ ამოცანების გადასაწყვეტად. ამოცანები არის, გამოწვევები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ამ კრიტერიუმების პირობებში მთლიანად თავს გავართმევთ ამ ახალი ამოცანების სათანადო დონეზე შესრულებას.“

ასე დაასრულა განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე სიტყვა მიხეილ სააკაშვილმა და სხდომის გაძღოლა პრემიერ–მინისტრს დაავალა. გრიგოლ მგალობლიშვილმა, თავის მხრივ, მთავრობის ახალ შემადგენლობას ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად 18 თვიანი სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულება და ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე დაბრუნება განუსაზღვრა, რომელიც აგვისტოს მოვლენებამდე ჰქონდა:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა]“ მე მინდა ყველა ჩვენს ახალ კოლეგას კიდევ ერთხელ მივესალმო და ვუსურვო წარმატებები ამ რთულ და, ამასთანავე, ძალზე მნიშვნელოვან საქმიანობაში.“

აგვისტოს მოვლენების შემდეგ საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ცვლილება პირველს სწორედ პრემიერ–მინისტრს შეეხო. გრიგოლ მგალობლიშვილის პრემიერ–მინისტრად დანიშვნიდან გასული თვე-ნახევრის განმავლობაში კი საკადრო ცვლილებები მთავრობაში უკვე 2–ჯერ განხორციელდა. პრემიერ–მინისტრის მიერ ნახსენებ ახალ კოლეგათა რიცხვში, უფრო კი საკადრო კარუსელში, სულ 8 მინისტრი იგულისხმება. მათგან 3 - კერძოდ, გარემოს დაცვის, იუსტიციისა და კულტურის მინისტრები - ცვლილებების პირველ ტალღაში მოექცა, დანარჩენი 5 კი - მეორე ტალღაში. ახალი მინისტრებიდან გრიგოლ ვაშაძე ერთადერთია, რომელსაც ორივე ტალღამ გადაუარა. კულტურის მინისტრად მუშაობის რამდენიმე კვირის შემდეგ იგი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. ექსპერტების შეფასებით, მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა რუსეთთან ურთიერთობების განახლების მცდელობას უკავშირდება.

[გრიგოლ ვაშაძის ხმა]“ ჩვენი პოლიტიკა არ შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან ყოველთვის იყო მოფიქრებული, გააზრებული და ღრმა პატივისცემით სავსე რუსეთის მიმართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, ჩვენ არ შევსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე და ჩვენ 5 წელი ვიმეორებდით გაწვდილი ხელით–დავჯდეთ, მოვილაპარაკოთ, ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ. ერთადერთი, რასაც არც ქართველი ხალხი და არც ქართული ხელისუფლება არ დააყენებს ეჭვის ქვეშ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. დანარჩენი ყველაფერი არის მოლაპარაკების საგანი.“(სტილი დაცულია)

ახალი მინისტრები - მათ შორის გრიგოლ ვაშაძე - შესაბამის სამინისტროებში პრემიერ–მინისტრმა 10 დეკემბერს წარადგინა. მინისტრების წარდგენას ქრონოლოგიურად მთავრობის სხდომა მოჰყვა, რომელზეც მინისტრების სამოქმედო გეგმები მსჯელობის საგანი არ გამხდარა. მთავრობის სხდომის დღის წესრიგი 19 საკითხს ითვალისწინებდა.
ახალი მინისტრები სამოქმედო გეგმებს უახლოეს მომავალში წარადგენენ, თუმცა ამთავითვე აცხადებენ, რომ თავიანთი უწყებების ძველი პრიორიტეტების ერთგულნი იქნებიან. რაც შეეხება სხდომის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს, განათლების მინისტრი ნიკა გვარამია პირველი რიგის ამოცანად სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სახავს:

[ნიკა გვარამიას ხმა]“პასუხისმგებლობის გრძნობა - ეს არის მთავარი - როგორც სკოლის, ასევე მშობლის, რითაც ჩვენ მივაღწევთ უსაფრთხო სკოლებს. მერე, რა თქმა უნდა, იქნება მთელი რიგი ტექნიკური ღონისძიებები.“

კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ კი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული კულტურის საზღვარგარეთ ექსპორტს მიაქცევს, პირველი სამუშაო დღე ასე დაგეგმა:

[ნიკა რურუას ხმა]“ ჩამოდის საქართველოში ძალიან ცნობილი დოკუმენტალისტი ლატვიიდან, რომელსაც უნდა შევხვდე და რომელსაც აქვს ხვალ პრემიერა თავისი ფილმისა, რომელსაც ჰქვია საბჭოთა ისტორია, და ამ ადამიანს უნდა ვაჩვენო, დავათვალიერებინო დღეს საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.“

მთავრობის სხდომის დღის წესრიგში 19 საკითხი შევიდა.
საქართველოს განახლებული მთავრობის პირველ სხდომას კაბინეტი თითქმის სრული შემადგენლობით დაესწრო.




XS
SM
MD
LG