Accessibility links

საქართველოს პატრიარქი ქვეყნის მთავრობას ურჩევს, გამოიყენოს მედვედევთან მისი მოლაპარაკების შედეგები


სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე 9 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა.

შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვიც ესწრებოდა. რუსეთის სახელმწიფოს მეთაურებისა და საქართველოს პატრიარქის საუბრის დეტალები, ძირითადად, უცნობი რჩება, თუმცა თბილისში დაბრუნებულმა კათალიკოს- პატრიარქმა ამ შეხვედრის შედეგების კომენტირებისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დევნილების მშობლიურ კუთხეებში დაბრუნების მომხრეა.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის გარდაცვალების გამო ჩავიდა. დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალის დასრულების შემდეგ მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. სასარგებლო და კეთილგანწყობილი–ასე შეაფასა ეს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შემდეგი განაცხადა:

[საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ხმა]“რუსეთის პრეზიდენტი მომხრეა ლტოლვილების დაბრუნებისა და საზღვრების გახსნის, საელჩოების ამოქმედებისა. თითქმის ყველა საკითხში თანხმობა იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს, უნდა გააგრძელოს ეს კურსი და ვფიქრობ ასევე, რომ ეს მოგვიტანს კარგ შედეგებს.“(სტილი დაცულია)

რუსეთთან დიალოგის განახლებას ამ ეტაპზე დაგვიანებულად მიიჩნევს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძე, რომელიც, ამასთანავე, იტოვებს იმედს, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქისთვის მიცემულ სიტყვას არ გადავა, მაგრამ...

[თორნიკე შარაშენიძის ხმა]“ მას შემდეგ, რაც აგვისტოში ეს მოვლენები მოხდა და რუსეთმა ცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ახლა უკვე, ჩემი აზრით, ძალიან გვიანია და ძალიან რთულია. აქამდე შეიძლებოდა საუბარი რუსეთთან, შეიძლებოდა კიდევ იქამდე, სანამ ოფიციალურად ცნობდა ამ ტერიტორიებს. ახლა, ჩემი აზრით, ძალიან რთულია. და რას მოითხოვს რუსეთი იმის სანაცვლოდ, რომ დააბრუნოს ლტოლვილები, ოღონდ უსაფრთხოდ და ღირსეულად, ოღონდ არა ისე, მათ პირობებზე - ლაპარაკობდნენ რუსულად, სწავლობდნენ რუსულად. ეს ჩემთვის, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია ძალიან.“(სტილი დაცულია)

რუსეთთან დიალოგის განახლების პირობა, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის აზრით, არ შეუცვლია საქართველოს მთავრობას. საქართველოს დეოკუპაციის გარეშე დევნილების მშობლიურ კუთხეებში დაბრუნება მას შეუძლებლად მიაჩნია:

[თემურ იაკობაშვილის ხმა]“ წავიდნენ რუსები და სოფლებსაც ავაშენებთ, სკოლებსაც აღვადგენთ, საავადმყოფოებსაც ავაშენებთ, ამბულატორიებსაც, სპორტულ დარბაზებსაც და ყველაფერს. წავიდნენ, დაგვანებონ თავი. არ ვიცი მე, მოლაპარაკებების პროცესს რას უძახით, რუსების წასვლას რა მოლაპარაკება უნდა. როგორც შემოვიდნენ, ისე აიკრან გუდა–ნაბადი და წავიდნენ.“

იმ წუთებში, როდესაც ჩვენ თემურ იაკობაშვილს ვესაუბრეთ, საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების გასვლის პროცესი თითქმის დასრულებული იყო. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ რუსები შორს არ წასულან - მათ სოფელ სინაგურში გადაინაცვლეს, რომელსაც ეგრეთ წოდებული ოსეთის სახელმწიფოს ადმინისტრაციულ საზღვრებში განიხილავენ. სხვათა შორის, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პერევიდან რუსი ჯარისკაცების ეგრეთ წოდებული უკან დახევა საქართველოს პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის ერთ–ერთ შედეგად შეაფასა. გადაჭარბებულია თუ არა ეს შეფასება, დრო გამოაჩენს.

საქართველოს პატრიარქი კი ქვეყნის მთავრობას რუსეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრის პოზიტიურად გამოყენებას ურჩევს. 12 დეკემბერს მან რუსეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის დეტალები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესაც გააცნო. იმ მთავარი გზავნილებიდან, რომელიც საქართველოს პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრას მოჰყვა, თავად დევნილებმა ყველაზე მნიშვნელოვნად სწორედ მშობლიურ სოფლებში მათი დაბრუნების შესაძლებლობა მიიჩნიეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და დევნილებისათვის უსაფრთხოების პირობების ამ გზით შეცლას უმთავრეს ამოცანად სახავს, დევნილთა ნაწილი ახლაც მზადაა დაბრუნდეს:

[დევნილის ხმა]“ მე ჩემს თავს მე მოვუვლი. მომცენ ფული და ისევ გავსწევ იქა, სადაც მე მინდა. მერე იქ წავალ, სადაც მე მინდა. რატო არ დავბრუნდები, რა, ოსები ხალხი არ არიან?! ოსებმა კი არ გამოგვრეკეს, ამათ გამოგვრეკეს. რასა ჰქვია ოსეთი! იმას არა ჰქვია ოსეთი და არც არასოდეს დაერქმევა. ის საქართველოა და საქართველო იქნება, მაგრამ მე გარანტია უნდა მომცეს ამან. ისეც შევალ, მაგრამ მერე მეუბნებიან, იმას გამოგიყვანთ, მოღალატეს გამოგიყვანთო.“ (სტილი დაცულია)

ამ მოკლე ჩართვიდანაც ჩანს, რომ ცხინვალის რეგიონიდან ადგილნაცვალი მოსახლეობის გასაჭირი არა მარტო დასახლების, გამოკვებისა და, გნებავთ, დასაქმების პრობლემებით შემოიფარგლება. საქმე ეხება ღირსებისა და პატივის შემლახავ პირობებს, რომლებშიც ისინი დღეს აღმოჩნდნენ. ეს უკვე სხვა თემაა და ამ საკითხზე ჩვენ უახლოეს დღეებში უსათუოდ შევჩერდებით. დასასრულ კი გეტყვით, რომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ცხინვალისა და ხეობების სოფლებიდან დევნილებმა 12 დეკემბერს, აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართეს.

XS
SM
MD
LG