Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებს ქვეყნის აბუჩად აგდებად მიიჩნევს


არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას - ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს - საქართველოს პრეზიდენტი უპირისპირებს ორ კონკრეტულ მიზეზს,

რომელთა გამოც, მისი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს. მიხეილ სააკაშვილის მიერ 11 დეკემბერს, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, დასახელებული ფაქტორები არადამაჯერებლად ეჩვენება ახალ ოპოზიციურ კავშირს. ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალები უკან დახევას არ აპირებენ.

”ჩვენ არჩევნების არ გვეშინია, რადგანაც ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, თუ როგორ ხდება არჩევნების სწორად და სამართლიანად მოგება. მაგრამ აქ არჩევნების საკითხი არ დგას, აქ არ დგას პირადი ეგოს საკითხი... აქ არის საკითხი - ვიქნებით თუ არა ჩვენ ქვეყანა და ვიქნებით თუ არა ჩვენ წარმატებულები... თქვენ ეს ყველაზე კარგად გესმით, თუ როგორ ურტყამს ბიზნესთანამეგობრობას ხშირი არჩევნები,” - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებს 11 დეკემბერს საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ხშირად ჩატარებული ვადამდელი არჩევნები ქვეყნის იმიჯს შეურაცხყოფს:

(სააკაშვილის ხმა) ”თუ ჩვენ აბუჩად გვინდა ავაგდებინოთ ჩვენი ქვეყანა და წელიწადში 2-3 არჩევნები ვატაროთ ყოველ ჯერზე, როცა ვინმე იქნება უკმაყოფილო არჩევნების შედეგებით... ყოველ ექვს თვეში ითხოვდეს ახალი არჩევნების ჩატარებას... ჩვენ, ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო აღარა ვართ.” (სტილი დაცულია)

მეორე მიზეზი, რის გამოც საქათველოში ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, პრეზიდენტის აზრით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფულის ფუჭ, წინდაუხედავ ხარჯვას უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მაგალითი მოჰყავს:

(სააკაშვილის ხმა) ”კატა-ძაღლივით იყვნენ ერთმანეთთან ჩემი მეგობრები იუშჩენკო და ტიმოშენკო და იძულებული იყვნენ, რომ შერიგებოდნენ ერთმანეთს და უარი ეთქვათ არჩევნებზე, იმიტომ რომ კრიზისია და უკრაინას, რომელიც ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანაა, არა აქვს ფული იმისათვის, რომ ხარჯოს არჩევნებზე... ამ პირობებში, როდესაც ყველა ამბობს ამაზე უარს, ჩვენ უცებ გამოვაცხადოთ, რომ ვნიშნავთ არჩევნებს და, ესე იგი, მთელი წელი ვხარჯავთ ფულს არა ჩვენს ხალხზე, ფულს, რომელიც არა გვაქვს... არა ეკონომიკაზე, არა განვითარებაზე, არა საქართველოს გადარჩენაზე, არამედ ვხარჯავთ ფულს პოლიტიკოსებზე და მათ პოლიტიკურ კამპანიებზე...” (სტილი დაცულია)

რა არის არჩევნები? - შეკითხვას სვამს პრეზიდენტი და უპასუხებს: ”ეს არის ათობით და ასობით მილიონი ლარის ხარჯვა პოლიტიკურ კამპანიაზე, კონკრეტული პოლიტიკოსების გაყვანაზე პარლამენტში თუ პრეზიდენტად...” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს, მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ფულს ყველაფერზე ხარჯავს, დემოკრატიის გარდა, და რომ არჩევნები ბიზნესმენებს, მართლაც, ურტყამს, მაგრამ სულ სხვა კუთხითა და სიძლიერით. აქვე ხიდაშელი სულ სხვა კალკულაციას იშველიებს:

(ხიდაშელის ხმა) ”საერთოდ, არჩევნები საქართველოში - მე მინდა, რომ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ გაიგოს - 13 მილიონი ჯდება. ამდენი იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი არჩევნებისთვის... სააკაშვილი როდესაც ასეულობით მილიონზე ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს იმ ფულზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დახარჯა ბიზნესმენებისთვის - უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ - ფულის შეწერით და ადამიანების მოსყიდვისთვის... ჩვენ ზუსტად ამის წინააღმდეგი ვართ, ამის წინააღმდეგ ვიბრძვით და ამას აღარ დავუშვებთ. ჩვენ მხოლოდ არჩევნების დანიშვნას კი არ მოვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს... და შოუში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ.”

რესპუბლიკური პარტიის გარდა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილი ბოლო პერიოდში არაერთმა პოლიტიკურმა ძალამ გამოთქვა. მათ შორის, ახალმა მემარჯვენეებმაც, რომლებმაც 8 დეკემბერს რესპუბლიკელებთან ერთად ახალი პოლიტიკური გაერთიანება დააარსეს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე დასახულ მიზნებზე უკვე ალიანსის სახელით ლაპარაკობს:

(გამყრელიძის ხმა) ”ჩვენი ამოცანები იქნება: უმოკლეს ვადაში საზოგადოება, ქვეყანა მოვამზადოთ ვადამდელი არჩევნებისთვის; უზრუნველვყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არჩევნების გზით და მოვახერხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.” (სტილი დაცულია)

ქვეყანა რიგი სერიოზული პრობლემების წინაშე რომ დგას, ამას ხელისუფლებაც აღიარებს. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად, როგორც უკვე ვთქვით, ვადამდელ არჩევნებს არ მიიჩნევს. გამოსავლად პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს ”დიალოგს ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ხელისუფლებასა და ბიზნესთანამეგობრობას შორის”.გამოსავლად დასახელებულია ”დემოკრატიის ახალი ტალღა”, რომელთანაც არასაპარლამენტო ოპოზიციას მისხალი ნდობაც კი აღარ აკავშირებს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG