Accessibility links

logo-print

რუსეთის ჯარებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან უკან დაიხიეს


რუსმა ოკუპანტებმა, როგორც იქნა, დაიხიეს უკან საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ჯავის რაიონის მოსაზღვრე ამ ქართულ სოფელში მეთვალყურეებს და პოლიციელებს შესვლის საშუალება მხოლოდ 12 დეკემბერს მიეცათ. პერეველებისთვის თითქოსდა დასრულდა 4 თვიანი ოკუპაცია, თუმცა 12 დეკემბერს მათგან რუსები შორს არ წასულან: ისინი სოფელს დილით გაეცალნენ, მაგრამ მახლობლად გამაგრდნენ და დისლოკაციის ახალი ადგილიდან საღამოს სოფლის მიმართულებით გარკვეული მანევრები განაახლეს. იმაში გასარკვევად, თუ რა ხდებოდა სოფელში, პერეველებს პრაღიდან დავუკავშირდი.

ოკუპანტები სოფელ პერევიდან უკან დახევას რომ აპირებდნენ, ამ სოფლის მკვიდრმა, თომა შუკაკიძემ, თავად რუსი ოფიცრებისგან შეიტყო:

[თომა შუკაკიძის ხმა] ”თვითონ გვითხრეს, რომ ამ ადგილს ტოვებდნენ. შემდეგ ჩვენი თვალით დავინახეთ, როგორ აშალეს ბანაკი. სასიხარულო ისაა, რომ სოფლის შემოსასვლელ-გასასვლელს ვეღარ გააკონტროლებენ და სოფლიდან წავიდნენ. სამწუხაროა, რომ შორს არ წასულან და ახლომახლო გამაგრდნენ.”

რუსები სოფლის მახლობლად, ოსებით და ქართველებით დასახლებულ მეზობელ სოფელში გამაგრდნენ. აქედან გამომდინარე, პერეველები ოკუპანტების წასვლას და სოფელში ქართველი პოლიციელების შესვლას დიდი სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ ამ სიხარულს რუსი სამხედროების უკან დაბრუნების შიში ახლდა:

[მირიან შუკაკიძის ხმა ] ”რა თქმა უნდა, დიდი ხანი ველოდით. წავიდნენ, მაგრამ ახლოს არიან. მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვეშინია უკან არ დაბრუნდნენ. ”

პერევის კიდევ ერთი მკვიდრის, მირიან შუკაკიძის, შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდა.. რუსმა სამხედროებმა, მართალია, 12 დეკემბერს დილით საჩხერის რაიონის სოფელ პერევთან გახსნილი უკანონო ბლოკ-საგუშაგო დატოვეს და სოფლიდან რამდენიმე კილომეტრით უკან დაიხიეს, მაგრამ საღამოს, მას შემდეგ, რაც სოფელში ქართველი პოლიციელები შევიდნენ, რუსებმა პერევს ისევ მიაკითხეს. სოფლის შესასვლელში რუსი სამხედროების ერთი ჯავშან-მანქანა და 20-მდე ჯარისკაცი ისევ დაბრუნდა. სოფლის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ, რომელსაც 12 დეკემბერს საღამოს დავუკავშირდი, პერევში რუს სამხედროთა ერთი ნაწილის დაბრუნების ფაქტი დაადასტურა და გვითხრა: ისევ აქ არიან, მაგრამ პოსტს, ალბათ, აღარ აღადგენენ; ასე, გვერდით დაგვიდგნენ და არ ვიცით, რა უნდათო.

სხვადასხვა ვერსიებით, რუსი ოკუპანტები პერევში ევროკავშირის მეთვალყურეების გამოჩენამდე დაბრუნდნენ. მეთვალყურეებმა კი პერევში დაიგვიანეს, თუმცა იქაურობას, გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირის ელჩები მოინახულებენ.

აქამდე რუსი ჯარისკაცების ანაბარა დარჩენილი პატარა ქართული სოფლის მცხოვრებლებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუცილებლობაც კი რუს სამხედროებთან უნდა შეეთანხმებინათ. რუსები სოფელში არც ჟურნალისტებს უშვებდნენ და არც მეთვალყურეებს, არც სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. სოფლის შესასვლელში რუსების ბოლო პოსტი იდგა. სოფლიდან გამსვლელს ან, პირიქით, სოფელში შემსვლელს ამ ბლოკ-პოსტზე შემოწმება უნდა გაევლო, პირადი საბუთების წარდგენით უნდა დაედასტურებინა, რომ პერეველია და არა ვინმე უცხო.
მოსახლეობა დაშინებული იყო, მეტწილად. ახალგაზრდები სოფლიდან გასულები იყვნენ. ვისაც წასასვლელი ჰქონდა, თავი სამშვიდობოს შეაფარა, მაგრამ სოფლის მკვიდრთა დიდმა ნაწილმა 4 თვიანი ოკუპაცია აიტანა - მათ შორის, მირიან შუკაკიძემ:

[მირიან შუკაკიძის ხმა] ” შეწუხებით ისე არ გვაწუხებდნენ, მაგრამ გვჩხრეკდნენ, რაიონთან კონტაქტი არ გვქონდა. შიშის ფაქტორი იყო და ყველაფერი, რაც ადამიანის მორალზეა დამოკიდებული.”(სტილი დაცულია)


”დიდხანს ველოდით რუსების წასვლას და, როგორც იქნა, ეს დღე დადგაო”, - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.


12 დეკემბერს პერეველები ქართულ პოლიციას შეეგებნენ. ეს სოფელი რუსებმა აგვისტოში ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონას მიაკუთვნეს.იქ რუსი ოკუპანტების დგომა იყო ცეცხლის შეწყვეტის საერთაშორისო შეთანხმების უხეში დარღვევა, ისევე როგორც ამ შეთანხმების დარღვევა იყო რუსების უკანდაუხევლობა ახალგორის რაიონიდან და, ამასთან, საკუთრივ კონფლიქტის ზონებიდან. ცნობილია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთის ჯარს 7 აგვისტომდელ პოზიციებზე დაბრუნებას ავალდებულებს.

საქართველოს ხელისუფლებაში რუსების პერევიდან გასვლას მიესალმნენ. სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხში თემურ იაკობაშვილს ვთხოვე აეხსნა, რამ განაპირობა რუსების უკან დახევა ოკუპირებული ტერიტორიის ამ მცირედი ნაწილიდან. ”როგორც ჩანს, რუსები ცდილობენ შექმნან მცირედი პოზიტივი საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მის წარმოსაჩენად”, - გვითხრა იაკობაშვილმა და დასძინა: მაგრამ ჩვენ ველოდებით ბევრ პერევს, ველოდებით მათ წასვლას ახალგორიდან და შემდეგ მთლიანად საქართველოდანო.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ” ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩვენ არ უნდა ვეძებოთ მაინცდამაინც პატრიარქის ვიზიტში. ეს საკითხები თავისთავად მომწიფდება. ძალიან ძნელია მტყუანმა მოაჩვენოს თავისი თავი დანარჩენ მსოფლიოს მართლად. რუსეთს არ გაუვიდა მცდელობები საქართველოს მიმართ. მას ჩაუვარდა მცდელობა სეპარატისტების აღიარებისა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ევროპული უსაფრთხოების საკუთარი კონცეფციაც ჩაუვარდა. რუსეთის საერთაშორისო წონა თანდათან იკლებს.”

თემურ იაკობაშვილი ფიქრობს, რომ იმის მძიმე შედეგებს, რაც საქართველოში ჩაიდინა, რუსეთი უკვე გრძნობს - გრძნობს, რომ უკვე საკუთარი თავი აქვს მისახედი.. მაგრამ ჩვენ თემურ იაკობაშვილს 12 დეკემბერს დღისით ვესაუბრეთ. მაშინ სოფელ პერევში რუსი სამხედროები ჯერ არ იყვნენ მიბრუნებულები. როცა მიბრუნდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, საქმე ფსიქიატრიულ პრობლემასთან გვაქვსო.
მაგრამ 4 თვიანი მოლოდინის შემდეგ რუსების წასვლით განცდილი სიხარული პერეველებში ვერ გაანელა რუსების ნაწილის უკან გაურკვეველი მიზნებით მიბრუნებამ... მთავარია, რომ მათი ბლოკ-პოსტი მოშლილია და ჩვენთან ქართველი პოლიციელები არიანო, - გვითხრეს მათ. ვნახოთ, რამდენად დაუსვამს წერტილს პერევის ოკუპაციას სოფელში ევროკავშირის ელჩების მისვლა.
XS
SM
MD
LG