Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის სამიტზე ისტორიული შეთანხმების მიღწევა მოხერხდა


ბრიუსელში დასრულდა ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტი. სამიტის მთავარი საკითხები იყო ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება და ეკონომიკური კრიზისის დაძლევისკენ მიმართული ზომები.

გარდა ამისა, იმედი გაჩნდა, რომ შესაძლოა ძალაში შევიდეს ბლოკის კონსტიტუცია. ირლანდიამ, რომელმაც შარშან უკუაგდო დოკუმენტი, განაცხადა, რომ თანახმაა, ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს.

პარასკევს ბრიუსელში ევროპის კავშირის ლიდერებმა ღრმად ამოისუნთქეს და კოლექტიურად მოითქვეს სული, მას მერე, რაც მეტად რთული ორდღიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. თანხმობას მიაღწიეს ყველა კრიტიკულ საკითხში, რომლის წინაშეც დგას კავშირი.

ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ საკუთარ თავს და ევროკავშირის მორიგე თავჯდომარეს, საფრანგეთს, მიულოცა წარმატება, მისი თქმით, კავშირის ყველაზე მნიშვნელოვან სამიტში უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე.

[ბაროზუს ხმა] "ამ თავყრილობის წინ მე გითხარით, რომ ეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი თავყრილობა იქნებოდა, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა ევროპის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მართლაც ასე იყო."

ბაროზუს თქმით, ისტორიული შეთანხმებები იქნა მიღწეული სამ საკითხში: ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, კლიმატურ ცვლილებებზე და ევროკავშირის კონსტიტუციასთან დაკავშირებით შარშან ლისაბონში ხელმოწერილი ხელშეკრულების თაობაზე.

უმთავრესი გარღვევა მოხდა გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებით. შეთანხმდნენ, განახორციელონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ამბიციური გეგმა, რომელიც ემისიების შემცირებას და განახლდებადი ენერგიის გამოყენებას გულისხმობს.

გეგმა შეიცავს კომპრომისებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მძიმე მრეწველობის მიმართ. ევროკავშირის ეს ახალი წევრები შეშფოთებული იყვნენ, რომ გარემოს დაცვის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა ზომებმა შესაძლოა დააზარალოს მათი ეკონომიკური ზრდა. მაგრამ ამ ძვირადღირებულ გეგმას მთელი ევროკავშირის მასშტაბითაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შიშის გამოძახილია.

ამ გეგმაში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა შეათანხმეს, კონკრეტულად არის გაწერილი, როგორ უნდა შეამციროს 27-მა წევრმა ქვეყანამ ნახშირორჟანგის ემისია 20 პროცენტით 2020 წლისთვის.

შესაბამისად, გათვალისწინებულია, რომ იმ დროისთვის ენერგიის 20 პროცენტს ევროკავშირი განახლებადი წყაროებიდან მიიღებს.

როგორც ბაროზუმ განაცხადა სამიტის შემდეგ, ევროპის კავშირმა ნდობის გამოცდა ჩააბარა.

[ბაროზუს ხმა] "ჩვენ ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ არა მხოლოდ ლისაბონის ხელშეკრულების განხორციელების თვალსაზრისით, არამედ კრიზისზე ეკონომიკური პასუხის თვალსაზრისითაც, რაც მოქალაქეთა წუხილის მთავარი წყაროა. მივიღეთ ისტორიული პაკეტი ენერგიის სფეროში და კლიმატურ ცვლილებაზე, ბევრად უფრო მეტად ამბიციური პროგრამა კლიმატის სფეროში, რაც კი ოდესმე მიღებულა მსოფლიოში."

ევროკავშირის მიერ მიღწეულმა შეთანხმებამ შესაძლოა ახალი სული შთაბეროს გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებს გარემოს საკითხებზე. ეს მოლაპარაკებები გლობალურ დათბობაზე ახალი ხელშეკრულების მიღებას გულისმოობს, მაგრამ ამ გეგმას მსოფლიო მასშტაბით უნდა დაუჭირონ მხარი.

ევროპის ეკონომიკური კონკურენეტი სამიტს თვალყურს ადევნებდნენ იმის სანახავად, როგორ შეძლებდა ბლოკი ეკონომიკურ ზრდასა და ემისიის შემცირების შესახებ დაპირებებს შორის წონასწორობის პოვნას.

"ზოგადი პოლიტიკური მესიჯი დანარჩენი მსოფლიოსთვის არის ის, რომ ევროპამ ამ საკითხში ლიდერის როლი იტვირთაო", განაცხადა შეხვედრის შემდეგ დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ბაროზუმ კი შეერთებულ შტატებს მოუწოდა, მხარი აუბას ევროპელებს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში.

გარდა ამისა, ევოკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ 200 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტზე, რომელიც რეცესიის ეფექტის შესუსტებისკენაა მიმართული.

ევროკავშირის ლიდერები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ ირლანდიასთან, რომელმაც შარშან უკუაგდო ევროკავშირის კონსტიტუცია. სანაცვლოდ დუბლინმა პირობა დადო, რომ ახალ რეფერენდუმს ჩაატარებს ამ საკითხზე.

სამიტმა მწვანე სინათლე მისცა აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმას, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იარსებებს. სამეზობლო პოლიტიკის საკითხზე მომავლი წლის დამდეგს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართება საგანგებო სამიტი, რომელშიც სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა მიიღებენ მონაწილეობას.

სამიტის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება სტაბილიზაციაში და ევროპის კავშირისკენ სვლის გაგრძელებაში.
XS
SM
MD
LG