Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი,

რომელიც 14 დეკემბერს მიხეილ კალატოზიშვილის ფილმით, „ველური ველით“, დახურა, არა მარტო კვირის, არამედ წლის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ. არადა, მე-9 ფესტივალი „პრომეთე“ წელს კინაღამ ჩაიშალა... სპონსორების მოძიება გაჭირდა, ვერ გამოინახა კონკურსისთვის ქართული ფილმი და, საერთოდ, აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანას არ „ეფესტივალებოდა“... თუმცა კინოს სამყაროში კინოფესტივალის, ასე ვთქვათ, „გამოტოვება“, როგორც წესი, ძალიან ავნებს ხოლმე მომავალ ფესტივალებს... თბილისის კინოფორუმმა ძლივს გაითქვა სახელი. შარშან „პრომეთე“ დასავლური კინოფესტივალების სტანდარტებით ჩატარდა, უამრავმა კინემატოგრაფისტმა გამოთქვა ფესტივალზე ჩამოსვლის სურვილი... ეს ფესტივალი რომ ჩაშლილიყო, მის ორგანიზატორებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდებოდათ... სწორედ ამას იმეორებს ჩვენთან საუბარში კინოფესტივალ „პრომეთეს“ დირექტორი ნინო ანჯაფარიძე:

[ნინო ანჯაფარიძის ხმა] „შევძელით კონკურსის ჩატარება.კონკურსის გარეშე ფესტივალი არ არსებობს... გოეთეს ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოს, იტალიის საელჩოს დახმარებით მოვიპოვეთ ის ფილმები, რომლებიც საინტერესო უნდა იყოს...პროგრამა არა ნაკლებ საინტერესოა, ვიდრე წინა წლებში. უბრალოდ, ფილმების რაოდენობა შემცირდა... ”

ფილმების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ არა პროგრამის ხარისხი - საკონკურსო პროგრამის გარდა (კონკურსში ათი ფილმი იყო წარმოდგენილი), მომზადდა საინტერესო არასაკონკურსო პროგრამა (სწორედ არასაკონკურსო ფილმით, ბრიტანელი რეჟისორის ჯო რაითის „მონანიებით“, გაიხსნა მე-9 „პრომეთე“... უფრო მეტიც, წლევანდელი ოსკარის ნომინანტმა ჯო რაითმა თბილისში ჩამოსვლაც მოახერხა)... მოეწყო 20-იან წლებში გადაღებული და ეროვნული კინოცენტრის მიერ ახლად აღდგენილი ქართული ფილმების ჩვენება, ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას, მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეტროსპექტივა... ახალი ქართული ფილმი კონკურსში ვერ მოხვდა...სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზით, ნოემბრის თვემდე არავინ იცოდა ჩატარდებოდა თუ არა ფესტივალი... ძალიან გაუძნელდებოდა ფესტივალის დირექციას ქართული საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება სხვა, უფრო ავტორიტეტულ კინოფორუმებზეც: არაერთი ბერლინის ფესტივალი ჩატარებულა გერმანული ფილმის გარეშე, ვენეციის ფესტივალი - ისე, რომ კონკურსში არ ყოფილა იტალიური ფილმი... და, სხვათა შორის, ქართული ფილმის ჩაურთველობას კონკურსში აპროტესტებდნენ ფესტივალის გახსნის დღეს, კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილი მომიტინგეები:

[მიტინგი ] „უნდათ საქართველოში შემოიღონ საქართველოსთვის მიუღებელი ფასეულობები... მასონებო, საქართველო არ იყიდება...მასონებო, საქართველო არ იყიდება!“

მანანა არჩვაძე-გამსახურდიასა და მისი მომხრეების ამ პიკეტის გამო ფესტივალის გახსნამ ერთი საათით დააგვიანა. პიკეტის მიზეზი ისიც იყო, რომ ფესტივალის დირექციამ პროგრამაში არ ჩართო ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „გაუმარჯოს პრეზიდენტს!“... ფესტივალის დირექციის თქმით, სწორედ ამ ფილმით მოითხოვდნენ პიკეტის ორგანიზატორები თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნას. თუმცა ჩვენს კითხვაზე, რას აპროტესტებთო, მომიტინგეებმა მხოლოდ ასე გვიპასუხეს:

[მომიტინგეს ხმა] „თვრამეტი წელია ვერ გაიგეთ?“

ამ 18 წელს ფესტივალის გახსნის დღეს, გარკვეული თვალსაზრისით, „პრომეთეს“ ჟიურის თავმჯდომარე ლანა ღოღობერიძეც შეეხო: გამოდის, რომ ჩვენი ქვეყანა წარსულის აჩრდილებისგან ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულაო,- დაახლოებით ასე შეიძლება გავიგოთ ლანა ღოღობერიძის სიტყვა:


[ლანა ღოღობერიძის ხმა] „ძალიან მიხარია აქ ყოფნა, თუმცა ცოტა შემეცვალა განწყობილება იმის გამო, რომ თურმე ჩვენთან ჯერ კიდევ რაღაც გაუგებარი ვნებები ბობოქრობს, მაგრამ რას ვიზამთ - ესაა ჩვენი სინამდვილე...ისე, კარგია. კინოფესტივალი ხომ ზეიმია და საქართველოს ძალიან სჭირდება დღეს ზეიმი..მე მგონი, ჩვენ დავიმსახურეთ ეს, ქართველმა ხალხმა.“


ისევ მომიტინგეების სიტყვებს თუ გავიხსენებთ, „მასონებმა“ ფესტივალი მაინც ჩაატარეს. სხვათა შორის, „პრომეთეს“ პროგრამებში რუსული ფილმებიც იყო ჩართული - მაგალითად, ალექსეი გერმანის „ქაღალდის ჯარისკაცი“, რომელშიც მერაბ ნინიძეა გადაღებული, ჩვენი თანამემამულეების - მიხეილ კალატოზიშვილისა და ბაკურ ბაკურაძის რუსეთში გადაღებული ფილმები. რუსეთის თემას ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე საგანგებოდ შეეხო კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეს“ თავმჯდომარე, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გაგა ჩხეიძე:

[გაგა ჩხეიძის ხმა] „აქ ნინომ დაასახელა რამდენიმე რუსული ფილმი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვწყვეტთ შემოქმედებით კავშირს რუსეთთან...მეორე მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია არ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ იმ ღონისძიებაში, რომელიც დაფინანსებულია რუსეთის მთავრობის მიერ... ალბათ, ბოიკოტს გამოვუცხადებთ მოსკოვის კინოფესტივალს - წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდებიან...“

გაგა ჩხეიძის ამ სიტყვებმა ძალიან გაამხიარულა დარბაზი... თუმცა ზოგიერთმა კინემატოგრაფისტმა „პრომეთეს“ დამფუძნებლის გამოსვლა სრულიად სერიოზულად აღიქვა - ქართულ კინოზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში კვლავაც დიდია... მათ შორის რუსეთშიც, კერძოდ, მოსკოვის კინოფესტივალზე, რომლის დირექცია მუდმივად ცდილობს გაიგოს, რა კეთდება ახალი ქართულ კინოში... კინოფესტივალ „პრომეთეს“ ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს კინოფორუმი, პირველ რიგში, სწორედ ქართული კინოს პროპაგანდას ემსახურება...მაშინაც კი, როცა კონკურსში არაა ქართული ფილმი... პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფესტივალის დღეებში თბილისში ჩამოსული უცხოელი პროდიუსერები, რეჟისორები, კინომცოდნეები (უნდა ითქვას, რომ სტუმარი არც წლევანდელ „პრომეთეს“ აკლდა) ხედავენ, რაოდენ დიდია კინოხელოვნების მიმართ ინტერესი საქართველოში... აკი წერენ კიდეც „პრომეთეს“ კატალოგში ფესტივალის ორგანიზატორები: „ფესტივალის ჩატარების არანაირი სტიმული არ გვექნებოდა, რომ არ ვგრძნობდეთ მაყურებლის უდიდეს ინეტერესს და მხარდაჭერასო“.








  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG