Accessibility links

logo-print

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში რეგიონალურ მედიაში ორი სიახლეა:




რადიო „ჰერეთის“ ცნობით, მათი მაუწყებლობის მოსმენა უკვე ინტერნეტითაც არის შესაძლებელი, რამაც რადიომსმენელების აუდიტორია არა მხოლოდ რაოდენობრივად, თვისებრივადაც შეცვალა. „გურიის მოამბის“ ცნობით კი, ოზურგეთის ტელეკომპანია „გურიის“ მაუწყებლობის არეალი გაიზარდა და ამიერიდან მთელ გურიას დაფარავს.

რეგიონალური მედია მიმდინარე კვირაში რამდენიმე შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს: კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედი 31 ბიბლიოთეკიდან 29 გაუქმდა და მხოლოდ ორი მუშაობს - ქალაქ გურჯაანსა და სოფელ ველისციხეში. როგორც გაზეთი „ქართლის ხმა“ იუწყება, კასპის რაიონის 9 სოფელი სარწყავი სისტემის გარეშე რჩება იმის გამო, რომ, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მდინარე თეძმის კალაპოტის შეცვლა დაიწყო. გარემოსდამცველი ორგანიზაციები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი, ეძებენ პროექტს, რომლის საფუძველზეც ეს სამუშაო ხორციელდება, მაგრამ ხელისუფლების ვერც ერთ უწყებაში პროექტს ვერ მიაგნეს. „გურია ნიუსი“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მკვიდრ ნუნუ ურუშაძის ონკანში წლის მიწოდება შეწყდა და როდესაც ონკანი დაშალეს, მილიდან წყალს ცოცხალი ქვეწარმავალი გადმოჰყვა.

გაზეთი „თავისუფალი სიტყვა“, რომელიც ფოთში გამოიცემა, ბეჭდავს ელისო ჯანაშიას სტატიას ფოთის პორტის შესახებ. საქართველოს უმთავრესი პორტის აქციების 49% დანარჩენი 51%–ის მფლობელ არაბულ კომპანიაზე – „რაკ ინვესტმენტზე“ – გაიყიდა. ავტორის ცნობით, ამ კომპანიამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე 200 მლნ დოლარის ინვესტირების პირობა დადო, მაგრამ პორტის აქციების 100% ისე შეასყიდეს, რომ ძველი პირობის შესრულების რაიმე ნიშნები არ ჩანს. ეკონომიკის ექსპერტ დავით ნარმანიას მოსაზრებით, ეს სადავო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესავსებად მიიღო.

მიმდინარე კვირაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღეს, 10 დეკემბერს, სტატიები მიეძღვნა „სამხრეთის კარიბჭეში“, „ახალ გაზეთსა“ და გაზეთ ”ბათუმელებში“. კერძოდ, „სამხრეთის კარიბჭემ“ გამოაქვეყნა ნინო ნარიმანიშვილის წერილი იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა კანონით მინიჭებულ გამოხატვის თავისუფლებას. ავტორის მოსაზრებით, რაც მის პირად გამოცდილებას ეყრდნობა, რესპონდენტები, ნებისმიერი საკითხის კომენტირებისას, ანონიმ ავტორად დარჩენას ითხოვენ. ისეთ საჯარო მოვლენაზე საუბრისასაც კი, როგორიც ახალციხეში მომხდარი ჯგუფური ჩხუბია ადგილობრივ მოსახლეობასა და ჯარისკაცებს შორის, თვითმხილველები ვინაობას არ აკონკრეტებენ. საკუთარი ვინაობის გამხელა იმ მასწავლებელმაც კი არ ისურვა, რომლის კლასში აცრილი 11 მოსწავლიდან 6 ცუდად გახდა, რის შემდეგაც ბავშვებს პრედნიზოლონი გაუკეთეს.

ქუთაისურ „ახალ გაზეთში“ ჟურნალისტი სოფიკო ყანჩაველი იმერეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს თემატურად განიხილავს. ფაქტები შეეხება საკუთრების, პატიმართა, დევნილთა, შრომითი უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვას. სტატიის მთავარი რესპონდენტი და კონკრეტული ფაქტების მიმწოდებელი სახალხო დამცველის რწმუნებული მადონა ბასილაძეა.

გაზეთი ”ბათუმელები“ კი აქვეყნებს თავად საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბარის სტატიას, სათაურით: „რატომ ღირს იყო ომბუდსმენი საქართველოში“. პირველ პირში დაწერილ სტატიაში სოზარ სუბარი უპრეცედენტოდ გულწრფელად საუბრობს საკუთარ მწარე გამოცდილებაზე, რაც მას სახალხო დამცველის პოსტზე საქმიანობისას დაუგროვდა. ეს სტატია გასული კვირის პუბლიკაციებს შორის აშკარა ფავორიტია, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მკითხველის გულისგულს სწვდება.




XS
SM
MD
LG