Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში


აშშ-ის პრეზიდენტი დღეს მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს. ეს ვიზიტი მოჰყვა ერაყში მის ვიზიტს, რომლის ერთი ეპიზოდიც მთელმა მსოფლიომ იხილა

მასმედიის მეშვეობით: როგორ ესროლა ჯორჯ ბუშს - პრეს-კნოფერენციის დროს - ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჯერ ერთი, მერე მეორე ფეხსაცმელი...

რაც შეეხება დღევანდელ სტუმრობას ავღანეთში, ის ჯორჯ ბუშის ბოლო, გამოსათხოვარ ვიზიტად არის მიჩნეული ქვეყანაში, რომელშიც 7 წლის წინ დაიწყო აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ.

ბუში გამთენიისას ჩაფრინდა ქაბულთან მდებარე ბაგრამის აეროდრომზე, მიესალმა და მიმართა ასობით ამერიკელ ჯარისკაცს, რომელთაგან ბევრს არა მარტო ავღანეთში - ერაყშიც უბრძოლია: [ჯორჯ ბუშის ხმა] “თქვენი წყალობით, თალიბანი მმართველობას ბოლო მოეღო, ალ-ყაიდის საწვრთნელი ბანაკები დაიხურა, 25 მილიონი ერაყელი გათავისუფლდა და ამერიკელი ხალხი, თქვენთვის ძვირფასი ადამიანები - უფრო უსაფრთხოდ არიან”.

ამერიკელ ჯარისკაცებთან შეხვედრის შემდეგ, ჯორჯ ბუში ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და გამოთქვა რწმენა, რომ აშშ მომავალშიც - ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში დემოკრატიის მხარდაჭერას. [ჯორჯ ბუშის ხმა] “პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შეგიძლიათ გქონდეთ აშშ-ის იმედი. ისევე როგორც ამ ადმინისტრაციისა, შეგიძლიათ იქონიოთ შემდეგი ადმინისტრაციის იმედიც. ჩვენს ინტერესებშია ავღანეთში დემოკრატიის განვითარება. ამერიკის ინტერესებშია, რომ სამუდამოდ ეთქვას უარი უსაფრთხო თავშესაფარზე ადამიანებს, რომლებსაც კვლავინდებურად სურთ ჩვენი მოქალაქეების დახოცვა”.

თავის მხრივ, ჰამიდ კარზაიმ აღნიშნა, რომ დახმარებისთვის მადლიერების მიუხედავად, ავღანელ ხალხს არ სურს, სამუდამოდ დარჩეს ტვირთად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე დადგა ავღანეთიდან მრავალეროვანი ჯარების გაყვანის რაიმე კონკრეტულ გეგმაზე საუბრის დრო.

[ჰამიდ კარზაის ხმა] “ავღანეთი ნებას არ დართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ წავიდეს, ვიდრე ბოლომდე დავდგებით ფეხზე, ვიდრე საკმარის ძალას მოვიკრებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ვიდრე საკმარისად ძლიერი ვიქნებით საიმისოდ, რომ კარგი ეკონომიკა გვქონდეს და ვიდრე პრეზიდენტ ბუშისაგან და შემდეგი ადმინისტრაციისაგან კიდევ მილიარდობით დოლარს მივიღებთ. არ არსებობს, რომ აქედან წასვლის ნება მოგცეთ!”

იუმორი, რომელიც ჰამიდ კარზაის ამ განცხადებაზე რეაქციით ჩანს, თუ ისმის - არა მარტო ქაბულში დასჭირდა აშშ-ის პრეზიდენტს. ღიმილი იყო ჯორჯ ბუშის რეაქცია გუშინდელ ინციდენტზე, რომლის ამსახველმა კადრებმაც, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო შემოიარა: ბაღდადში ბუშის ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, დამოუკიდებელ ტელეარხ “ალ-ბაღდადიას” კორესპონდენტმა მუნტადერ ალ-ზაიდიმ, უეცრად, ფეხსაცმელები ესროლა აშშ-ის პრეზიდენტს, რაც ისლამურ სამყაროში უკიდურესად უხეში შეურაცხყოფის გამომხატველი ჟესტია.

[მუნტადერ ალ-ზაიდის ხმა] “აი შენ, ერაყელების საჩუქარი. აი გამოსათხოვარი კოცნა, შე ძაღლო! აი შენ ქვრივებისაგან, ობლებისაგან და იმათგან, ვინც ერაყში დახოცეს”.

პირველი ფეხსაცმელი, რომელიც ჟურნალისტმა ისროლა, მოხვდა ამერიკის და ერაყის დროშებს, რომელთა ფონზეც ჯორჯ ბუში და ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი მართავდნენ პრეს-კონფერენციას. მეორე ფეხსაცმელი მიზანს აცდა.

ასეთ ინციდენტამდე საქმე დღეს ავღანეთში მართალია, არ მისულა, მაგრამ უკმაყოფილო ჟურნალისტი ჯორჯ ბუშს ქბაბულში გამართულ პრეს-კონფერენციაზეც დახვდა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა გამოთქვა შეფასება, რომ ცხოვრების პირობები ავღანეთში უდავოდ გაუმჯობესებულია მას შემდეგ, რაც თალიბანის რეჟიმი დაემხო, ერთ-ერთმა ავღანელმა ჟურნალისტმა წამოიძახა, რომ სწორედ ბოლო წლებში საგრძნობლად არის გაუარესებული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით და ათასობით უდანაშაულო სამოქალაქო პირია დაღუპული - მაშინ, როცა აშშ-მა ვერ შეძლო აღეკვეთა თალიბანის ისევ გაძლიერება.

აი, როგორი იყო აშშ-ის პრეზიდენტის რეაქცია: [ჯორჯ ბუშის ხმა] “თავს უფლებას მივცემ, არ დაგეთანხმოთ. თალიბანი სასტიკად ეპყრობოდა ავღანელ ხალხს და ახლა ის ხელისუფლებაში აღარ არის. და მე მივუთითე მხოლოდ პროგრესზე, რომელიც უდავოდ მიღწეულია. რაც შეეხება იმას, მეტია გასაკეთებელი თუ არა? - რასაკვირველია მეტი უნდა გაკეთდეს. არასოდეს მითქვამს, რომ თალიბანი განადგურებულია. მარტო ის ვთქვი, რომ ძალაუფლება ჩამოერთვა”.

ბრძოლა ავღანეთში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეფასებით, კიდევ დიდხანს გასტანს. თვით ბუშის მმართველობის ხანა კი სულ რამდენიმე კვირაში ამოიწურება: 20 იანვრიდან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
XS
SM
MD
LG