Accessibility links

logo-print

გამარტივდება თუ გართულდება საგადასახადო სისტემა ახალი ცვლილებების ამოქმედების შემდეგ?


საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებები პარლამენტის მიერ საბოლოო დამტკიცებას ელოდება. ის დეპუტატებმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მოიწონეს,

რადგან საგადასახადო კოდექსის ცვლილებები საშემოსავლო, დივიდენდის და მოგების გადასახადების ხუთი პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. ამის გარდა, ცვლილებას განიცდის კოდექსის დაახლოებით 400 მუხლი. მათ შესახებ სხვადასხვა მოსაზრებებს გამოთქვამენ ეკონომიკის ექსპერტები, რომელთა ნაწილი ფიქრობს, რომ საგადასახადო კოდექსის ზოგიერთი მუხლი, გამარტივების ნაცვლად, პირიქით, უფრო რთულდება.

საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტამდე და დივიდენდის გადასახადის 5 პროცენტამდე შემცირების გარდა, საგადასახადო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ შეიცვლება ქონებისა თუ არასამეწარმეო პირის დაბეგვრის სისტემაც. საქართველოში ქონების გადასახადს ის მოქალაქე იხდის, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატება. ამ გადასახადის მოცულობის განსაზღვრის ახალ წესს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს:

[ზურაბ მელიქიშვილის ხმა] „ჩვენ მივეცით უფლება თვითმმართველობას, რომ 0.05-დან 0.2-მდე თვითონ თვითმმართველობამ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რამდენი დააწესოს. ასევე, 100 ათასის ზევით 0.8-დან 1 პროცენტამდე დაწესების უფლება და საშუალება მივეცით.“

ქონების გადასახადის ამგვარი ცვლილებით საპარლამენტო ოპოზიციაც კმაყოფილია. მისი ერთ-რთი წარმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილის, განცხადებით, სხვა საგადასახადო ცვლილებებთან ერთად ქონების გადასახადის ლიბერალიზაციის იდეა ანტიკრიზისულ საბჭოში გაჩნდა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „ესეც საკმაოდ დიდი შეღავათია იმ პირებისთვის, რომლებსაც დიდი შემოსავალი აქვთ და ისედაც გადასახადის გადამხდელები არიან.“

გადასახადების მოცულობის შემცირების მომხრეა, მაგრამ საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებების პროცედურულ ნაწილს აკრიტიკებს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი.
ამჟამად მოქმედი საგადასახადო კოდექსი, დიდწილად, ირაკლი შავიშვილის მონაწილეობით შექმნილ პროექტზეა დაფუძნებული. იგი ქონების გადასახადის გადახდის უცნაურ წესებზე საუბრობს:

[ირაკლი შავიშვილის ხმა] „თუ პირველ ნოემბრამდე მე არ მომივიდა საგადასახადო მოთხოვნა,მე უნდა მივაკითხო საგადასახადოს და მოვთხოვო საგადასახადო მოთხოვნა. ანუ უნდა ვეხვეწო, გადამახდევინე გადასახადი-მეთქი. და თუ ამის შემდეგ კიდევ არ მომცა საგადასახადო მოთხოვნა, მეორე დღიდანვე იწყება საურავის დარიცხვა.“(სტილი დაცულია)

მისივე განცხადებით, საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებებით გართულებულია უიმედო ვალების განსაზღვრის წესიც. ასევე, აღარ იქნება განსხვავება, დაბეგვრის თვალსაზრისით, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობას შორის, რომლებიც აქამდე სხვადასხვა რეჟიმში იბეგრებოდა. მაგალითად, ვაჭრობა სამეწარმეო საქმიანობად იყო მიჩნეული, ხოლო ბინის გაქირავება - არასამეწარმეო საქმიანობად. მომავალი წლიდან ორივე გათანაბრდება და ორივე ერთნაირად დაიბეგრება. ირაკლი შავიშვილი საგადასახადო ცვლილებათა იმ მუხლსაც აკრიტიკებს, რომლის საფუძველზეც არარეგისტრირებული ფიზიკური პირის მიერ გაწეული მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადი მისმა დამკვეთმა უნდა გადაიხადოს. ადრე ის მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს იხდიდა.

[ირაკლი შავიშვილის ხმა] „აქ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხები. თითქოს წვრილმანი საკითხია პროცედურა, მაგრამ მისი გართულება უამრავ უხერხულობას შეუქმნის გადასახადის გადამხდელებს.“

საგადასახადო კოდექსის 400-მდე ცვლილება - მათ შორის, საშემოსავლო და დივიდენდის გადასახადების 5 პროცენტით შემცირება - ძალაში შევა მომავალი წლის 1 იანვრიდან.
XS
SM
MD
LG