Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის მნიშვნელობაზე წერს.

”კვირის პალიტრა”: ”პატრიარქის ღვაწლის პირველივე დადებითი შედეგი ის იყო, რომ რუსის ჯარი საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან აიყარა და იქაურობა დატოვა. მოსახლეობა თავის ფუძეს დაუბრუნდა. ასეთ დროს დუმილი ოქროა და ამ ოქროს წესს უნდა მისდიო. და თუ რამეს იტყვი, ისეთი მაინც არ უნდა ”დაახეთქო”, რომ ჭკვიანი ხალხის დაწყებული საქმე ისევ აფუნგო და აშალო”. ”მთელი კვირა” აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილ ელჩ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც მოსკოვში ვიზიტისას ახლდა ილია მეორეს. აბაშიძე ამბობს: ”პატრიარქი და ჩვენი ეკლესია მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ეს ურთიერთობები ნორმალურისკენ შემობრუნდეს. მათ კარგად ესმით რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობა, მაგრამ ეკლესიის შესაძლებლობებსაც გარკვეული ზღვარი აქვს - ჩვენ მას ზედმეტი პოლიტიკური ტვირთი არ უნდა ავკიდოთ.”

”ყოველთვის შეიძლება გქონდეს ამერიკელების სწორი მოქმედების იმედი, მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ალტერნატივას მოსინჯავ - უინსტონ ჩერჩილის ეს მოსაზრება შეიძლება საქართველოსთვის სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდეს”, - წერს ”24 საათის” ავტორი და განაგრძობს: ”მას შემდეგ, რაც ევროპელებმა ნატოს კარი განუსაზღვრელი დროით დაგვიკეტეს, ამერიკასთან ორმხრივი თავდაცვითი ხელშეკრულება რუსეთის პირისპირ დარჩენილი ქვეყნისთვის ერთადერთი ხსნაა.” გაზეთის ცნობით, ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება და ის, სავარაუდოდ, სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

დღევანდელ პრესაში კვლავაც აქტუალურია ოპოზიციის გეგმების განხილვა. ოპოზიციის წარმომადგენელთა ინტერვიუებსა და კომენტარებში რამდენიმე თარიღი სახელდება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ”ასავალ-დასავლის” კორესპონდენტი ესაუბრა. ნათელაშვილი ამბობს: ”წინასწარმეტყველებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ გეტყვით: ყოველგვარი აურზაურის გარეშე, რამდენიმე თვეში სააკაშვილი წავა”, - და დასძენს: ”თუ რაღაც ექსტრემალური მოხდა, რამდენიმე კვირაშიც”. ”ასავალ-დასავალშივე” ნახავთ ინტერვიუებს ”ახალ მემარჯვენეთა” ლიდერ დავით გამყრელიძესა და ”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან. გამყრელიძე ამბობს: ”სააკაშვილის რეჟიმი გაზაფხულზე აუცილებლად შეიცვლება”. გამყრელიძის აზრით, საფიქრალი არა სააკაშვილის წასვლა-არწასვლაა, არამედ ის, რომ ეს უმტკივნეულოდ მოხდეს. ლევან გაჩეჩილაძე: ”20 იანვრის შემდეგ დაიწყება სრულიად საქართველოს შემოვლა, ახალი, ძლიერი პოლიტიკური მანქანის მშენებლობა კონსოლიდირებული ოპოზიციის მიერ. ამას სჭირდება დრო - იანვარი, თებერვალი და მარტი. ამის შემდეგ გადავალთ გადამწყვეტ კონსტიტუციურ შტურმზე სრულიად უკანონო, არაკონსტიტუციური და დანაშაულებრივი რეჟიმის დასამთავრებლად”, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე.

”მთელი კვირა” რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”ჩვენ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ ”ახლებისა” და რესპუბლიკელების ალიანსისა და ირაკლი ალასანიას ერთგვარ პოლიტიკურ სამკუთხედზე. ჩვენ ახალი კონფიგურაციით რეალური, ძლიერი პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, სადაც ირაკლი ალასანიას ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. იანვრის მეორე ნახევრისთვის ჩვენი კოალიციის საბოლოო კონტურები მოიხაზება”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

”კვირის ქრონიკა”. ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში თბილისში გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია ჩამოვა. ”დაიმახსოვრეთ 17 და 18 დეკემბერი, რას გააკეთებს სააკაშვილი იმისთვის, რათა გადაფაროს ირაკლის საქართველოში ჩამოსვლით გამოწვეული აჟიოტაჟი და ინტერესი... ამ კაცის ხელში ყველაფერი მოსალოდნელია. მან ჩემს მიერ მითითებულ დღეებში შეიძლება ძალიან ცნობილი ადამიანები დაიჭიროს. შეიძლება კიდევ მოხდეს სააკაშვილი-კაჩინსკის ტერაქტის რაღაც მსგავსი, ან სააკაშვილმა დაიწყოს ახალი სამხედრო ავანტიურა, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ახალი უბედურება”, - ასეთ ვარაუდებს გამოთქვამს მამუკა კაციტაძე. ”კვირის ქრონიკა” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. ”თუ ალასანია რესპუბლიკელებთან და ”ახლებთან” გაერთიანდება, ბურჯანაძესთან მისასვლელ გზას საბოლოოდ მოიჭრის. ახლა მას მხოლოდ ერთი შანსი აქვს და უნდა გამოიყენოს”, - ამბობს ცინცაძე.

გაზეთი ”ვერსია”. კონსტანტინე გამსახურდია დანარჩენ ოპოზიციაზე: ”რატომ ელიან გაზაფხულს, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ გაზაფხულზე ნუში ყვავის და ალუბალი... გარიგებაზე არაფერი ვიცი, თუმცა, თუ ვინმეს შეუძლია სააკაშვილის გადარჩენა, ეს ისევ ოპოზიციაა, თავისი არასწორი ნაბიჯებით, რაც შეიძლება კვლავ გადადგას”, - ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

”ახალი თაობა”, პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ”მაგას სჭირდება სწორედ ხელშეუხებლობის გარანტია და ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ამერიკაში. ამ გარანტიის გარეშე ეგ არ წავა, ისევე როგორც შევარდნაძეს მისცეს თავის დროზე ხელშეუხებლობის გარანტია.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG