Accessibility links

პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად ოპოზიციას სამუშაო ჯგუფში ეპატიჟება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ჯგუფში, რომელმაც საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასა და შეცვლაზე უნდა იმუშაოს, ის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს იწვევს და აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ყველა ცვლილებას ხელისუფლება და ოპოზიცია საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებისა და მეთვალყურეობის ფონზე განახორციელებს.
მინდა საარჩევნო კოდექსში შესატან სავარაუდო ცვლილებებსა და ოპოზიციის გამოხმაურების შესახებ მოგითხროთ.

საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივას, შეიქმნას ჯგუფი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე სამუშაოდ, ოპოზიცია დადებითად შეხვდა. ბაქრაძემ დღეს დახმარება არა მარტო საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არამედ საერთშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორსაც სთხოვა:
[დავით ბაქრაძე] ”მე გამოვდივარ ინიციატივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააერთიანებს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. მე მინდა ასევე ვთხოვო ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღება არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დაინტერესებულია სამომავლოდ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობაში, და, ასევე, განსაკუთრებით ვთხოვო შესაბამის საერთაშორისო და არასამთავრობო ორაგანიზაციებს ამ პროცესში ჩართვა.”(სტილი დაცულია)
დავით ბაქრაძემ თქვა, რომ ამ ჯგუფს მუშაობისათვის წინ მთელი 2009 წელი ექნება, რადგან მომდევნო არჩევნები საქართველოში 2010 წელსაა დაგეგმილი:
[დავით ბაქრაძე] ”საქართველოში დაგეგმილი უახლოესი არჩევნები გახლავთ 2010 წლის შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამიტომ ამ ჯგუფს საკმაო დრო აქვს იმისათვის, რომ დინჯად და მშვიდად, სამუშაო ვითარებაში, მოიფიქროს და გააანალიზოს ყველა ის ცვლილება, რომელიც აუცილებელია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში და ეს გახლდათ საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ხნის რეკომენდაცია.”(სტილი დაცულია)
საარჩევნო კოდექსში შესატან კონკრეტულ ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს არ უსაუბრია, თუმცა მან აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის, ბევრი საინტერესო წინადადების არსებობის შემთხვევაში, საერთოდ ახალი კოდექსი მიიღონ:
[დავით ბაქრაძე] ”თუ იქნება წინადადებების დიდი რაოდენობა, შესაძლოა, მოხდეს არა არსებული კოდექსის გადამუშავება, არამედ, საერთოდ, ახალი კანონის მიღება, თუმცა ეს მთლიანად ჯგუფის დისკრეცია იქნება და მათზე იქნება დამოკიდებული.”(სტილი დაცულია)
დღესვე ბაქრაძის ინიციატივას არაერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი გამოეხმაურა.ერთ-ერთი იყო, მაგალითად, ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ედპ მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო სისტემის შეცვლას. ქარდავა ასევე აცხადებს, რომ დღეს მნიშვნელოვანია არა არჩევნების ვადები, არამედ ის ვითარება, რომელშიც ეს არჩევნები ტარდება.
”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი წევრი კი, მანანა ნაჭყებია, ამბობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლების გარეშეც დაწყებული აქვს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე. რაც შეეხება დიალოგს, ”ახლები” ფიქრობენ, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან, თუმცა უნდობლობა, რომელიც დაპირებების შეუსრულებლობამ გამოიწვია, ოპოზიციაში დღემდე რჩება. ამიტომ ისინი ამ დიალოგში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვასაც ითხოვენ:
[მანანა ნაჭყებია] ”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიალოგი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით და თუ რამეზე მივაღწევთ შეთანხმებას, ამის გაკონტროლებას უნდა ახორციელებდნენ სწორედ ეს ორგანიზაციები, რადგან ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება.”
არასაპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გაერთიანებული ოპოზიციიდან, კახა კუკავა, დავით ბაქრაძის განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მრავალთვიანი ბრძოლის წარმატებული დაგვირგვინებაა:
[კახა კუკავა] ”ეს არის ვაშინგტონიდან დაბრუნებული ბაქრაძის პოზიცია და ჩვენი პირველი სერიოზული წარმატება, როდესაც, საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება დათმობებზე წავიდა. დღესვე ჩვენ გამოვაქვეყნებთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოში საარჩევნო სისტემა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი და დემოკრატიული კენჭისყრა.”
კუკავა ასახელებს რეკომენდაციებიდან სამ უმნიშვნელოვანესს, რომელთაგან პირველი საარჩევნო კომისიაში სრული პარიტეტი გახლავთ:
[კახა კუკავა] ”ჩვენ ვთავაზობთ სრულ პარიტეტს საარჩევნო კომისიაში. ყველაზე დიდი დავის საგანი სწორედ ის იყო, რომ ხელისუფლების მიერ დანიშნულმა საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამიტომაც ვითხოვთ პოლიტიკური პარტიების სრულ პარიტეტს.”
მეორე ცვლილება დავების განხილვის საერთაშორისო არბიტრაჟის შექმნას ეხება:
[კახა კუკავა] ”საარჩევნო დავები საერთაშორისო არბიტრაჟმა უნდა განიხილოს, რაც იქნება იმის გარანტია, რომ საარჩევნო დავები და საჩივრები ადეკვატურად იქნება გამოძიებული.”
მესამე ცვლილება კი საარჩევნო სიების დახვეწას უკავშირდება:
[კახა კუკავა] ”უნდა შეიქმნას ამომრჩეველთა სიების შედგენის ახალი წესი სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ.”
სამუშაო ჯგუფი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში შეიკრიბება. შეძლებს თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია ამ მიმართულებით ერთად მუშაობას, ესეც სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი. მით უმეტეს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ კვლავ ძალაში რჩება.


XS
SM
MD
LG