Accessibility links

logo-print

დევნილთა განსახლების პრობლემები


დღეს ”კოალიციამ დევნილთა უფლებებისათის”, აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შეფასებისას, დაასკვნა,

რომ დევნილთა სარეაბილიტაციო პროგრამები სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა დევნილებს ღირსეული ცხოვრების პირობებს ჯერაც ვერ უქმნის. დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკის მომავლის გამოწვევებზე საუბრისას, განაცხადა, რომ აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულ და საკუთარი კერებიდან იძულებით გამოდევნილ ადამიანებს სახელმწიფოს დახმარებით უკვე აქვთ თბილი და კეთილმოწყობილი სახლები. მიხეილ სააკაშვილის ამ მოსაზრებასთან ერთგვარ კონტრასტს ქმნიან ის დევნილები, რომლებიც დროდადრო სახელმწიფო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავენ.

ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს პარლამენტის შენობასთან დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტის წინ შეკრებილთა უმრავლესობა აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანები იყვნენ, მათი უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი კი დევნილთა ბინათმოწყობის საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ინტერვენციის შედეგად დაზარალებულთა პრობლემები, ზოგადად, მრავალფეროვნებით ხასიათდება, თავად მათ ორი მთავარი საკითხი გამოყვეს:კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ბინების განაწილებისას ადმინისტრაციული ორგანოების პროტექციონისტული მიდგომა და ფულადი კომპენსაცია, რომელიც 10 000 დოლარის ეკვივალენტს კი არა, აქციის მონაწილეთა აზრით, თითოეული კოტეჯისათვის გაღებულ დანახარჯებს უნდა უტოლდებოდეს.

[დევნილის ხმა]“იმიტომა ვართ გამოსულები, რომ არ გვინდა ის 10 000 დოლარი. მოგვცენ ის, რაცა ჯდება ის კოტეჯები. მოგვცენ იმის საფასური და ჩვენ მოვუვლით ჩვენს თავს. თვითონ აცხადებენ, 35–32 000-ს აცხადებენ თვითონა.“(სტილი დაცულია)

მაინც რა დაჯდა კოტეჯების მშენებლობა? როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გვითხრა, ცალკეული კოტეჯის აშენებას, საშუალოდ, 22 000 ლარი დასჭირდა. ღირებულებას დაემატა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო თანხები. თუმცა, ასეა თუ ისე, მინისტრი განმარტავს, რომ დევნილებს, სამწუხაროდ, დიდი არჩევანი არ აქვთ. ანუ ისინი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირობებს უნდა დასჯერდნენ:

[კობა სუბელიანის ხმა]“ჩვენ მათ ვაძლევთ კოტეჯს და ვისაც, დავუშვათ, თბილისში სახლი აღმოაჩნდა და კოტეჯი არ უნდა, ძალით ხომ არ მივცემთ და იმას უკვე ველაპარაკებით კომპენსაციაზე. მაგრამ ის, რომ ჩვენ მაგ გზით წავსულიყავით, ეგ გამოიწვევდა ინფლაციას და ასე შემდეგ. მთელი რიგი მიზეზები ჰქონდა მაგას.“(სტილი დაცულია)

ასეთია კობა სუბელიანის, შესაბამისად, მთავრობის პოზიცია, რომელიც არც ხელსაყრელად ჟღერს დევნილთა იმ ნაწილისთვის, რომელიც კოტეჯებზე უარს ამბობს, და არც დამაჯერებლად. რატომ დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს კოტეჯების მშენებლობა, რატომ არ ჰკითხეს თავად დევნილებს, კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრება ერჩიათ თუ ფულადი კომპენსაცია, რატომ არ აძლევენ მათ დევნილის სტატუსს?... შეკითხვა უამრავია, ისევე როგორც პრობლემები, თუნდაც ძალზე ყოფითი.

[დევნილის ხმა]“ 35 000 რომ მომცენ, არა? იმით მე ჩემს საქმეს ავაწყობ. კოტეჯში, მაგალითად, თუნდაც წეროვანში რომ გამაგზავნონ, იმ ტრიალ მინდორზე, მე ორი შვილი მყავს, იმ შვილებს ვერ განვავითარებ. თუ აქ მცხოვრებს უნდა, რომ სახლში ტკბილად, თბილად, კომფორტულად ჰყავდეს თავის შვილი,არა? ის ჩემი შვილია და მეც მინდა, ჩემი შვილი ასე კარგად მყავდეს.“(სტილი დაცულია)

გვითხრა კეხვიდან დევნილმა, რომელმაც, აგვისტოს მოვლენების შედეგად, 2 სახლი დაკარგა. რაც შეეხება წეროვანს:

[დავით დათაშვილის ხმა]“ წეროვანში ვართ და ხალხის ჩასახლებას ვახდენთ ეხლა. გუშინ შევასახლეთ 160 ოჯახი. დღესაც ერთი მაგდენივე შესახლდება და, მე მგონი, ხვალ მორჩება ყველაფერი. 500 სახლი გვაქვს წეროვანში დიდ ლიახვის ხეობას, პატარა ლიახვის ხეობას და ფრონეს ხეობას. ეს სამი - ჩვენი, იქითა მხარე. დანარჩენი ახალგორის რაიონისაა.“(სტილი დაცულია)

ქურთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დათაშვილმა გვითხრა ისიც, რომ გუშინ ბუნებრივი აირის შეყვანა კოტეჯებში დასრულებული არ იყო, მაგრამ ერთ დღეში ეს პრობლემაც მოგვარდება. მოკლედ, დევნილთა ეგრეთ წოდებული საკოტეჯო ცხოვრება ჯერ მხოლოდ იწყება და როგორ ადაპტირდებიან ისინი უცხო გარემოსა და პირობებში, უახლოეს ხანში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. ჯერ კი ზოგადი განწყობა ასეთია:

[დევნილის ხმა]“ მე ვნახე, რაც არის და ყველ შენობა ვნახე. შეიძლება იცხოვროს იქ ვიღაცამ?! კონცლაგერია, კაცო, ის ბინა ხო არ არის.“
[დევნილის ხმა]“ თუ უნდოდათ კოტეჯების შემოთავაზება, სოფლები დეესახლებინათ ერთად. დააცალკევეს ასე–ერთი აქეთ გადააგდეს, მეორე იქით, რომ ხალხმა ერთი პირი არ შეკრას.“
[დევნილის ხმა]“ ნამდვილად, ქუდზე კაცი ჰყავთ ოჯახებიდან გაყრილი, არა ხვდებათ ზოგიერთებსა კოტეჯები, ზოგიერთებს კი, საერთო კორპუსებია თუ ბინები, არაფერი არა ხვდებათ.”(სტილი დაცულია)

უსახლკაროდ არავინ დარჩება... - ასეთია დევნილთა და განსახლების სამინისტროს კომენტარი. ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული დევნილებისთვის 6000 კომლზე გათვალისწინებული კოტეჯია აშენებული. კოტეჯების განაწილების პროცესს დიდი და პატარა ლიახვის და ფრონეს ხეობებისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები განაგებენ, რომლებიც თავადაც თბილისში არიან დევნილნი. კოტეჯების განაწილების პროცესში ჩართულია ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილიც, რომელიც პარლამენტის წინ შეკრებილმა დეპუტატებმა 12 დეკემბერს პროტექციონიზმში დაადანაშაულეს:

[დევნილის ხმა]“ სიაში არ იყო საგურამო, როგორც გასანაწილებელი ობიექტი, და მერე, ღამის 11 საათზე, ბადრი ბასიშვილმა და მისთანებმა თავისი ნათესავები ჩაასახლეს ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდით.“

[კორესპონდენტის ხმა]“ საგურამო უკეთესია?

[დევნილის ხმა]“ კოტეჯებს ყველაფერი სჯობია.

განმარტებისთვის დიდი და პატარა ლიახვის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში ბადრი ბასიშვილსაც დავუკავშირდით.

[ბადრი ბასიშვილის ხმა]“ იქ ვინც იყო, ამ მიტინგზე, თითქმის 90 პროცენტი ჩემკენ გამოიშვერდა ხელს, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ იქ ჩემი ახლობლები მე არავინ საგურამოში არ შემისახლებია. იქ არის დააახლოებით 4 თუ 5 ოჯახი, რომლებსაც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაეღუპათ მეუღლე ან შვილი. ასეთი კატეგორია, მე პირადად ჩემს თავზე ვინც ავიღე, არის ინვალიდი ბავშვი ერთი. იმათი ოჯახი შევიყვანე. მე თვითონ მშობლები იქ არ შემიყვანია და წავედი ყველაზე შორს, მარნეულის რაიონში, შაუმიანში, საცხოვრებლად ერთი წლის ბავშვთან ერთად.“(სტილი დაცულია)

ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი აქციაზე დევნილებთან არ მისულა. ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელმაც მათ მოუსმინა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე იყო. მან დევნილებს საკუთარი გასაჭირისა თუ მოთხოვნების შესახებ ინდივიდუალური განცხადებების დაწერა სთხოვა და პირობა მისცა, რომ შესაბამისი უწყებები მათი პრობლემებით დაინტერესდებიან.




XS
SM
MD
LG