Accessibility links

logo-print

რამდენად კმაყოფილია საქართველოს მოსახლეობა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობით?


საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტი კმაყოფილია სასამართლო ხელისუფლების მუშაობით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა,

რომ სასამართლოს მიმართ რიგითი მოქალაქენი უფრო კრიტიკულად არიან განწყობილნი, ვიდრე პროფესიონელები. უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებისადმი მოქალაქეების ნდობის ამაღლებას მიმდინარე რეფორმის გაგრძელებით შეეცდებიან.

საქართველოში ხშირად აკრიტიკებენ სასამართლო ხელისუფლებას მისი დამოუკიდებლობისა და მომსახურების დაბალი ხარისხის გამო. სასამართლო პროცესები არცთუ იშვიათად დასრულებულა საზოგადოების ცხარე უკმაყოფილებით.

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური გირგვლიანის ცნობილი სასამართლო პროცესის დროს ისმოდა. არც სხვა პოლიტიკური ხასიათის თუ მეტნაკლებად მნიშვნელოვან პროცესებს ჩაუვლია საზოგადოებრივი პროტესტისა თუ უნდობლობის გარეშე. მიუხედავად ამისა, როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ამბობს, 2006 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმების შედეგად, კმაყოფილი მოქალაქეების რიცხვი თითქმის ორჯერ გაიზარდა:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სასამართლოს საქმიანობით კმაყოფილია მოქალაქეთა და ადვოკატთა 54 პროცენტი. ეს არის ძალიან კარგი შედეგი და ის ასახავს სასამართლო რეფორმის შედეგად გაუმჯობესებულ სიტუაციას. თუმცა ჩვენ სრულად კმაყოფილი არ ვართ, რადგან ჩვენი მიზანი კიდევ უფრო სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს ჩამოყალიბებაა.“ (სტილი დაცულია)

კოტე კუბლაშვილი დასძენს, რომ სასამართლოს საქმიანობით კმაყოფილ ადამიანთა რაოდენობის გაზრდა ძალიან რთულია, რადგან ყოველთვის არსებობს მეორე, სასამართლო პროცესში დამარცხებული, მხარე:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „თუ მხარე იგებს პროცესს, ის კმაყოფილია, ხოლო თუ წააგებს, უკმაყოფილოა სასამართლოს საქმიანობით. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს სასამართლო რეფორმის ახალი ტალღისა და მოქალაქეთა სამართლებრივი განათლების დონის ამაღლების შედეგად.“

საქართველოს სასამართლო ხელისუფლება არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს კრიტიკის მიზეზი. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ქართული დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ ხელშემშლელი ფაქტორია, რისი დაძლევაც საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების ახალი ტალღით გადაწყვიტა. სასამართლო სისტემაში მთელ რიგ ცვლილებებთან ერთად მკვიდრდება უვადო მოსამართლეებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ამ ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევს იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, თავმჯდომარე ასოციაციისა „კანონი ხალხისთვის“:

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] „დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის ეს რომ არასაკმარისია, აქ ბევრი არგუმენტები არ არის საჭირო. ნაფიც მსაჯულთა შემოღების მომხრე მეც ვარ, მაგრამ არასწორია იმ ფორმით შემოღება, რა ფორმითაც გვთავაზობენ. საუბარია მხოლოდ სისხლის სამართლის მხოლოდ ერთ დანაშაულზე და ისიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით.“(სტილი დაცულია)

ქუცნაშვილის აზრით, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ამაღლება სამართლიანი კანონმდებლობის შექმნითა და სასამართლოზე პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენის შეწყვეტის გზით მოხერხდება. ამ მოსაზრებას ბევრი იზიარებს როგორც იურისტების, ასევე ბიზნესისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შორის.
XS
SM
MD
LG