Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიდი ტალიავინი თბილისშია - საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაიწყო


მოსკოვში სტუმრობის შემდეგ, ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია ჰაიდი ტალიავინი, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.

ტალიავინი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს. დღის განმავლობაში დაგეგმილი იყო შეხვედრები ძალოვანი სტრუქტურების პირველ პირებთან და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ პაატა დავითაიასთან.

საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთსაათიანი შეხვედრიდან გამოსულ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს ჰაიდი ტალიავინს მედიისათვის კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა მოადგილემ უვე შრამმა სულ ორი სიტყვით აღნიშნა, რომ ისინი მოხარულები არიან საქართველოს ხელისუფლების მზაობის გამო - ითანამშრომლონ კომისიასთან:

[უვე შრამი] ”ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ გამოხატა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი და ჩვენ მოხარულები ვართ ამის გამო.”

თბილისში ჩამოსვლამდე ტალიავინს რუსეთის მაღალჩინოსნებთან აგვისტოს მოვლენების შესახებ უკვე ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა. თბილისში კი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, კომისიის ხელმძღვანელის კიდევ ორი შეხვედრა დაიგეგმა - თავდაცის მინისტრ დავით სიხარულიძესა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ პაატა დავითაიასთან.

როგორი იქნება დასკვნა, ამაზე საუბარი ნაადრევია, ამ თემის ირგვლივ ქართულ საზოგადოებაში მხოლოდ პროგნოზებით საუბრობენ. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ამ დასკვნას უფრო მეტი წონა ექნება და გაცილებით მაღალი ნდობითაც ისარგებლებს. და, რაც მთავარია, მას შესაძლებლობა ექნება მოიძიოს ის ფაქტებიც, რომლებზეც საპარლამენტო კომისიას ხელი არ მიუწვდებოდა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ნიკა ლალიაშვილს, სწორედ ამგვარი მოლოდინი აქვს:

[ნიკა ლალიაშვილი] ”ჰაიდი ტალიავინის კომისია იქნება ძალიან კომპეტენტური და კვალიფიციურად შეისწავლის საკითხებს. მას ექნება ბევრად უფრო მეტი საშუალება გაარკვიოს მთელი რიგი ისეთი საკითხებისა, რაც სცილდებოდა დროებითი საპარლამენტო კომისიის კომპეტენციას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა იქნება ბევრად უფრო სკრუპულოზური და, რაც მთავარია, სანდო იმ თვალსაზრისით, რომ საპარლამენტო კომისიის მიმართ ნდობის ხარისხი ჩვენს საზოგადოებაში ბევრად უფრო დაბალი იყო.” (სტილი დაცულია)

ლალიაშვილი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კომისიის დასკვნა დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს საგარეო იმიჯს. მისი თქმით, ტალიავინის დასკვნას საერთაშორისო აზრის ჩამოყალიბებისათვის და ევროსასამართლოსა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, სამართლებრივი თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება აგვისტოს მოვლენების ადეკვატურად შეფასების პროცესში. ნიკა ლალიაშვილი ამბობს:

[ნიკა ლალიაშვილი] ”რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯზე, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებები იმ ორი ავტორიტეტული მსაჯულისა, როგორიც გახლავთ ევრო სასამართლო და ჰააგის სასამართლო, რომლებმაც უკვე მიიღეს საქმე წარმოებაში. ამ ფონზე, ტალიავინის კომისიის დასკვნას, ცხადია, ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა საერთაშორისო აზრის ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ის შედეგები, რაც დადგება მას შემდეგ, რაც ევროსასამართლო და ჰააგის სასამართლო მიიღებენ გადაწყვეტილებას აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილიც მიიჩნევს, რომ ეს იქნება გაცილებით ღრმა გამოძიება, რეზონანსული შედეგით:

[კახა გოგოლაშვილი] ”ამ გამოძიების რეზონანსი, ცხადია, უფრო დიდი იქნება. შედეგების თვალსაზრისითაც ეს უფრო ღრმა გამოძიება იქნება. მოხდება სხვადასხვა ჩვენებების შედარება, დოკუმენტებზე მუშაობა. ეს იქნება ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ყველა ჩართულ ფაქტორს ამ პროცესში. და საერთაშორისო რეზონანსიც და ნდობაც იქნება უფრო დიდი.”(სტილი დაცულია)

თუმცა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ დაბალანსებული და, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, შერბილებული დასკვნაც დადოს, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვის და არა ესკალაციის მიზნით:

[კახა გოგოლაშვილი] ”შესაძლოა, დასკვნა იყოს მაინც დაბალანსებული დიპლომატიური მოსაზრებების გამო. ეს არ არის საერთაშორისო ტრიბუნალი, ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ინიცირებული გამოძიებაა, რომლის საბოლოო მიზანი სტაბილურობის გაზრდაა, ვიდრე ესკალაცია. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მომენტები, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, შერბილებული იყოს.”(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს კახა გოგოლაშვილი.

2 დეკემბერს ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო გამოძიება საქართველოში აგვისტოში მომხდარი ფაქტებისა. ამ მიზნით ეს ტალიავინის, როგორც ამ მისიის ხელმძღვანელის, პირველი ვიზიტია საქართველოში. კომისიამ ომის გამომწვევი ყველა მიზეზი უნდა შეისწავლოს, ასევე ისიც, თუ როგორ ვითარდებოდა კონფლიქტის შემდგომ მოვლენები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების გათვალისწინებით. ევროკომისიამ ამ საქმისათვის 1,6 მილიონი ევრო გამოყო და საბოლოო დასკვნა 2009 წლის 31 ივლისს უნდა გამოქვეყნდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG