Accessibility links

logo-print

ახალი ომის საფრთხე - მითი თუ საბედისწერო გარდაუვალობა?


პერევის 12 დეკემბრის შემდეგ ქართული საინფორმაციო საშუალებები ერთხმად ალაპარაკდნენ რუსეთის მორიგ შემოტევაზე, რომელიც ან ახალ წლამდე მოხდება, ან ადრეულ გაზაფხულზე.

პარლამენტმა ამის თაობაზე განმარტება ძალოვან მინისტრთაგან მოითხოვა. თუმცა, საქართველოში არის განსხვავებული მოსაზრებაც, რომ კონტროლირებადი მედია ხელოვნურად ძაბავს ვითარებას, რითაც ”დათვურ სამსახურს” უწევს ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს რუსეთთან პოლიტიკური კრიზისი ეტაპობრივად განმუხტოს. მინდა უფრო დაწვრილებით გესაუბროთ ახალი ომის ფანტომზე.

ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენჰაუერი რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის განახლებას ადრეული გაზაფხულისთვის ვარაუდობს. რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში პაველ ფელგენჰაუერმა ჩამოთვალა ის სიმპტომები, რომლებიც ასეთი პირქუში პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევდა:

[პაველ ფელგენჰაუერი] ”თუ სიტუაცია ისეთივე იქნება, როგორიც ახლაა, როდესაც გამუდმებით ხდება ორმხრივი სროლა, გამუდმებით ხდება აფეთქებები, მკვლელობები, პროვოკაციები და ყველა მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ძალიან მაღალია ალბათობა, რომ დაბალი დონის კონფლიქტის ესკალაცია გადაიზარდოს უფრო მაღალში.”

განსხვავებით ცნობილი რუსი ექსპერტისაგან, რომელსაც წყაროები ჰყავს რუსეთის ხელისუფლებაში, ქართული საინფორმაციო სააგენტოები ომის განახლების საფრთხეს ახალ წლამდე ვარაუდობენ. მათი ინფორმაციის წყარო კი გალის რაიონის მცხოვრები თამარ ფიფიაა. რამდენიმე ქართულ საინფორმაციო სააგენტოს სწორედ გალელმა თამარ ფიფიამ უთხრა, ”რუსები საქართველოს ოკუპაციას ახალ წლამდე აპირებენ, რის გამოც ოჩამჩირეში დამატებითი საბრძოლო ტექნიკა შემოიყვანესო.” გალელი ქალის ეს მონაყოლი ქართულმა ტელეარხებმა აიტაცეს, რომლებიც მესამე დღეა თავზარდამცემი ხმით აუწყებენ მოსახლეობას რუსული ტექნიკის მანევრებზე ზუგდიდის საზღვართან.

[ტელევიზიის დიქტორი ]

ინფორმაციამ, რომელიც ან გალელ მოსახლეობაზე და ან ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ვრცელდება, სიტუაცია ისე გაართულა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ პარლამენტის ბიუროზე ძალოვანი მინისტრების მისვლა და დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე განმარტების მიცემა მოითხოვა. მაგრამ სანამ ცენტრალური ხელისუფლება კომენტარს გააკეთებდეს, მანამდე მოსახლეობას საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა მიმართა. 16 დეკემბერს, მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას, ილია მეორემ გაიხსენა თავისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და ის ინიციატივები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ, ილია მეორის მინიშებით, დიპლომატიური მიდგომით უნდა უპასუხოს:

[ილია მეორე] ”მე მქონდა მოსკოვში შეხვედრა პრეზიდენტ მედვედევთან და საკმაოდ დადებითი და კარგი შეთანხმებები იყო, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა და მას უნდა ძალიან ფრთხილი და დიპლომატიური მიდგომა.”

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის თქმით, დეკემბრის ბოლოს საქართველოში პრეზიდენტ მედვედევის თანაშემწე ჩამოდის. რუსეთში სახალხო დიპლომატიური მისიის ფარგლებში იმყოფება ქართველი ხელოვნებისა და ექსპერტების ჯგუფი. პარალელურად სამშვიდობო საერთაშორისო მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო ჟენევაში. თუკი ყველა ეს აქტიურობა მიმართულია რუსეთთან სიტუაციის განმუხტვისაკენ, მაშინ მართლა გაუგებარია, თუ რატომ გაძლიერდა და ვის ინტერესში შედის მოსალოდნელი სამხედრო აგრესიის საფრთხეზე დაუსრულებელი საუბარი ხელისუფლების კონტროლირებად ქართულ ელექტრონულ მედიაში.
XS
SM
MD
LG