Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


გაზეთი ”ვერსია” წერს, რომ ირაკლი ალასანიას დაბრუნება საქართველოში ერთი კვირით გადაიდო.

ამავე გაზეთის ინფორმაციით, ალასანიასთან მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების გარდა სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებიც მართავენ მოლაპარაკებებს. ”ვერსიის” თანახმად, მას ამერიკაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც შეხვდა. ”ვერსიის” წყაროს ცნობით, ალასანიასთან შეხვედრა ბურჯანაძის ”ამერიკულ გეგმებშიც” შედის.

”ვერსია” საჩხერის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ქუთათელაძეს ესაუბრა. მისი თქმით, პერევში ”სიტუაცია დაძაბულია. დაახლოებით 300 რუსი ჯარისკაცია სოფელში და ისინი საჩხერიდან ასულ მოსახლეობას პერევში არ უშვებენ. თუმცა უშუალოდ პერევის მკვიდრთ გადაადგილების პრობლემა არა აქვთ”. მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, ”მოსახლეობა მაინც დაზაფრულია. სოფელი თითქმის დაცლილია. პერევში მხოლოდ ხანშიშესული ადამიანები დარჩნენ”.

”ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოში ელიან” - დღეს ასეთი სათაურით სთავაზობს ”24 საათი” მკითხველს ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა თბილისში ”საქართველოსთვის შეერთებული შტატების ახალი ინიციატივის გასაცნობად ჩამოვიდა. საუბარია ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც ბევრ სფერო მოიცავს. მათ შორის არის მნიშვნელოვანი სამხედრო კომპონენტებიც”, - წერს ”24 საათის” ავტორი, თუმცა იქვე დასძენს, რომ სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს არ დაუდასტურებია კონკრეტული დოკუმენტის არსებობა.

დღევანდელ ნომერში ”რეზონანსი” მეთიუ ბრაიზასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი ამბობს: ”გეთანხმებით, ასეთი ხელშეკრულების გაფორმება საკმაოდ რეალისტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, როგორც სტრატეგიულ მოკავშირესთან. ეს ლამაზი სიტყვებია, რომელიც ჩვენ გვსურს კონკრეტული შინაარსით დაიტვირთოს. იმედი გქონდეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საშუალება, საკუთარი ხალხი და ტერიტორია დაიცვას გარეშე საფრთხეებისგან”, - ამბობს მეთიუ ბრაიზა ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ - ”პატიმართა სიკვდილიანობა შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა”. სახალხო დამცველის მოადგილე სოფო ხორგუანი ”რეზონანსს” აწვდის ინფორმაციას, რომ 2008 წლის მანძილზე პატიმართა გარდაცვალების 49 შემთხვევიდან 18-ში მიზეზი ტუბერკულოზი იყო. უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის თქმით კი, პრობლემაა ის, რომ პატიმრები ან გარდაცვალების შემთხვევაში გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში, ან იმდენად დაგვიანებით, რომ მათი შველა შეუძლებელი ხდება.

”ახალი თაობა” კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივაზე წერს და მის ავტორ თენგიზ შარმანაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. შარმანაშვილი ფიქრობს, რომ მონარქიის საკითხის დამკვიდრება რამდენიმე წელიწადში შეიძლება. ”მეფის შერჩევის წესი იმ კომისიამ უნდა შეიმუშაოს, რომელიც ახალი კონსტიტუციის შექმნაზე იმუშავებს”, - ამბობს შარმანაშვილი.
XS
SM
MD
LG