Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ ორთაჭალჰესის პრივატიზება მოიჯარის გვერდისავლით გადაწყვიტა


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ორთაჭალჰესის პრივატიზების გადაწყვეტილება მიიღო.

სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი 25 მილიონ ლარს შეადგენს და მისი შეძენის მსურველს წლის ბოლომდე ელოდებიან. კომპანია „ორთაჭალენერჯი“, რომელიც ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის მოიჯარეა, აცხადებს, რომ პრივატიზაციის პირობებით მისი უფლებები ირღვევა. საკითხავია, რატომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ მოიჯარე კომპანიის გვერდის ავლით ორთაჭალჰესის გაყიდვა.

ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პრივატიზაციის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ რამდენიმე ელექტროსადგური დარჩა: ენგურჰესი, ვარდნილი ჰესების კასკადი და ორთაჭალჰესი. პირველი ორი კონფლიქტურ რეგიონებში მდებარეობს და ამიტომ მათი განსახელმწიფოებრიობა დღის წესრიგში არ დგას. თბილისში მდებარე ორთაჭალჰესი კი 1994 წლიდან იჯარითაა გაცემული.

მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ორთაჭალჰესის პრივატიზება გადაწყვიტა და აუქციონი გამოაცხადა. მოიჯარე კომპანია ”ორთაჭალენერჯი” მიიჩნევს, რომ სატენდერო პირობები მის უფლებებს არღვევს. კომპანიის წარმომადგენლის გიორგი გიორგაძის განცხადებით, ჰესის მფლობელს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი საფუძველი არ აქვს:

[გიორგი გიორგაძის ხმა] „არანაირი კანონიერი საფუძველი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას არ გააჩნია, გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვენ სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ხელშეკრულება კი ამ კოდექსის მიღებამდე გაფორმდა და კანონს უკუმოქმედების ძალა არ გააჩნია.“(სტილი დაცულია)

”ორთაჭალენერჯის” ელექტროსადგურის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლამდე და მისი განახლება დაახლოებით ნახევარი წლის წინ მოხდა სადგურის მესაკუთრის მოთხოვნით და მის საფუძველზე იჯარის საფასური სამჯერ გაიზარდა.

ეკონომიკის ახალმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ კი განაცხადა, რომ სახელმწიფოს იჯარის მოცულობა არ აკმაყოფილებს და ამიტომ ხელშეკრულების შეწყვეტა და ჰესის საპრივატიზაციოდ გატანა გამართლებულია.

ორთაჭალჰესი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჯერ კიდევ ჟვანიას წინამორბედის დროს მოხვდა. ახალმა მინისტრმა ხე-ტყის ლიცენზიებზე გამოცხადებული რამდენიმე აუქციონი შეაჩერა, ელექტროსადგურის პრივატიზაციის პროცესი კი - არა. ლაშა ჟვანიას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

„როცა ამბობენ, რომ ეს პრივატიზაცია არის ტესტი ეკონომიკის ახალი მინისტრისთვის, დიახ, ჩათვალეთ ტესტად, რადგან ჩემთვის მიუღებელია სახელმწიფომ დათმოს შემოსავლები, რომლებიც განსაზღვრულია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. 2009 წლის ბიუჯეტში იქნება ჩადებული სპეციალური დეფინიცია, რომლის მიხედვით ყველა დამატებითი შემოსავალი მოხმარდება ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას. ამდენად, სახელმწიფო დათმობაზე ვერ წავა."

მთავრობის პოზიციას ემთხვევა ეკონომიკის ექსპერტის, დავით ებრალიძის, მოსაზრებაც:

[დავით ებრალიძის ხმა] „ეს ასაწონ-დასაწონია, რამდენად სჭირდება ეს თანხა სახელმწიფოს, რომლადაც აპირებს ახლა გაყიდვას. ასე მარტივად ამ საკითხის დასმა, რომ მოიჯარე არსებობს და ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, ესე მარტივად მე ამას არ ვუყურებ.“ (სტილი დაცულია)

ორთაჭალჰესის მოიჯარე კომპანია ”ორთაჭალენერჯი” აცხადებს, რომ მას ჰესის პრივატიზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ოღონდ გათვალისწინებული უნდა იყოს მოიჯარის უფლებები, რომელიც არსებულ ხელშეკრულებაშია ჩადებული. კერძოდ, ელექტროსადგურის გაყიდვის შემთხვევაშიც კი მისი მართვა მოიჯარე კომპანიამ უნდა განახორციელოს. გიორგი გიორგაძის კომენტარი:

[გიორგი გიორგაძის ხმა] „ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ვინ იქნება ჰესის მეპატრონე. ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი - გასხვისების შემთხვევაში ჩვენი უფლებები იყოს დაცული.“(სტილი დაცულია)

”ორთაჭალენერჯი” საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში შეეცდება. ორთაჭალჰესის პრივატიზების პირველი აუქციონი კი 19 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG