Accessibility links

logo-print

საქართველო ჟურნალისტებისათვის სახიფათო ქვეყნების სიაში მეექვსე ადგილზეა


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია PRESS EMBLEM CAMPAIGN-მა (PEC) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტებისათვის მუშაობა სახიფათოა.

საქართველო ამ სიის პირველ ათეულში, მეექვსე ადგილზე, მოხვდა. 2008 წელს მსოფლიოში 95 ჟურნალისტი დაიღუპა, აქედან 4 - საქართველოში. ქართველი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას არა აქვს შესაძლებლობა გაიაროს სპეციალური ტრენინგები, თუ როგორ უნდა იმუშაონ ცხელ წერტილებში.


”60 წელი გავიდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიღების შემდეგ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კი პრესის თავისუფლება კვლავ იზღუდება და ჟურნალისტების უფლებები ისევ ილახება”, - განაცხადა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”PRESS EMBLEM CAMPAIGN”-ის პრეზიდენტმა ჰედაიათ აბდელ ნაბიმ. მისი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ჟურნალისტებისათვის სახიფათო ქვეყნებია ჩამოთვლილი, საქართველო, რუსეთთან ერთად, 4 დაღუპული ჟურნალისტით, მეექვსე ადგილზეა.
2008 წელს 32 ქვეყანაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 95 ჟურნალისტი დაიღუპა, 2006 წელს - 96, 2007-ში - 115.
საქართველოს ამ სიაში უსწრებენ: ერაყი, სადაც მიმდინარე წელს 15 ჟურნალისტი დაიღუპა და ეს ქვეყანა კვლავ რჩება ყველაზე სახიფათო ქვეყნად ჟურნალისტებისათვის; მექსიკა - იქ 9 ჟურნალისტია დაღუპული; პაკისტანში - 8; ინდოეთში - 7;
ფილიპინებზე - 6; საქართველოში - 4; რუსეთშიც - 4 და ა.შ.
რუსეთ-საქართველოს ომის პირველივე სამ დღეში ზედიზედ სამი ჟურნალისტი დაიღუპა, ზოგი დაიჭრა. ქართველი რეპორტიორები ომიდან ოთხი თვის შემდეგ იმ ნაკლოვანებებზე საუბრობენ, რაც ცალკეული ჟურნალისტების და პრესსამსახურების მუშაობას ახლდა. ამ ომმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ ცხელ წერტილებში უსაფრთხოების შესაბამისი ზომების არარსებობამ და ელემენტარული უნარ-ჩვევების უქონლობამ რისკი კიდევ უფრო გაზარდა.

”ესოუშიეთიდ პრესის” ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც ომს აშუქებდა, ფიქრობს, რომ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის გაზრდილი საფრთხის ერთ-ერთი მიზეზი პრესსამსახურების არაადეკვატური მუშაობა იყო:


[გიორგი აბდალაძე] ”დაზღვეულები და დაცულები იქ არც ერთი არ ვიყავით, არც ერთი ჟურნალისტი. მიზეზი იმისა, რომ უთავბოლოდ დავრბოდით და ინფორმაციას მოვიპოვებდით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენით, ის იყო, რომ პრესსამსახურები სათანადოდ არ მუშაობდნენ.”

აბდალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიდნენ:

[გიორგი აბდალაძე] ” სადღაც ვიღაც რაღაც ჭორს მოკრავდა ყურს, რაღაცას იტყოდნენ და ამის მიხედვით მოძრაობდა თითოეული ჯგუფი ჟურნალისტების. ანუ კოორდინაცია არ იყო, რომ ამ დროს ხდება ესა და ეს და ზოგიერთ შემთხვევაში გადიოდა ინფორმაცია, რომელიც საერთოდ არ უნდა გასულიყო ტელევიზიით, რაც საფრთხეს ზრდიდა. ამ გამოუცდელობამ და კიდევ ერთხელ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია, მე მგონი, ის, რომ ამდენი ჟურნალისტი დაიღუპა.”(სტილი დაცულია)

იყო კიდევ ერთი მიზეზი:

[გიორგი აბდალაძე] ”არც ერთი გამომცემელი თუ რედაქტორი არ ფიქრობს იმაზე, რომ როდესაც უშვებს ჟურნალისტს ცხელ წერტილში, მას შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას. მე ვისაც ვხედავდი ქართველ რეპორტიორებს, არც ერთი არ იყო დაცული, ანუ სპეციალური ჯავშანჟილეტით და ქუდით აღჭურვილი. უცხოელ კორესპონდენტებს კი ყველაფერი ჰქონდათ.”


ქართველი ჟურნალისტებიდან ომის პირობებში სამუშაოდ გაცილებით უკეთესად იყო მომზადებული და აღჭურვილი
”როიტერის” კავკასიის ბიურო. ბიუროს უფროსი კორესპონდენტი მაკა ანთიძე ამბობს, რომ ეს იმ ტრენინგების დამსახურებაა, რომელიც მან და მისმა კოლეგებმა ლონდონში გაიარეს:

[მაკა ანთიძე]” ’როიტერის’ თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი - ეს არის ტრენინგი, როგორ უნდა იმოქმედოს ჟურნალისტმა საომარი მოქმედების დროს. ძირითადად იქ გასწავლიან პირველადი დახმარების, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს, მარტივ რაღაცებს: როგორ უნდა მოიქცე საომარი მოქმედებების დროს, სად ჯობია, რომ იდგე დაბომბვის დროს. ჩვენ გვქონდა ჯავშანჟილეტებიც”..

მაკა ანთიძე იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებზეც საუბრობს, რომლებიც ჟურნალისტის უსაფრთხოებას ხელს უწყობს და რისკს საგრძნობლად ამცირებს:

[მაკა ანთიძე] ”როცა შენ შეიარაღებული ჯარისკაცი გეუბნება, არ გადამიღოო და არის საშინლად აგრესიული, არ უნდა გადაუღო მას ასეთ დროს, რაც მე ვნახე ძალიან ბევრჯერ ამ ომის დროს.”(სტილი დაცულია)


ცხელ წერტილებში ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთადერთი ტრენინგი ჩატარდა - და ისიც აგვისტოს ომის შემდეგ - ომის და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ორგანიზებით. როგორც iwpr-ის რადიოპროექტების კოორდინატორი ნინო გერზმავა განმარტავს, პირველი ტრენინგის პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით დაიგეგმა და ტრენერებიც თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები იყვნენ. ტრენინგს ძალიან კონკრეტული მიზანი ჰქონდა:

[ნინო გერზმავა] ”ჟურნალისტებმა რომ იცოდნენ ის ძირითადი უსაფრთხოების წესები, რომელთა დაცვაც შეამცირებს, კონფლიქტის განახლების შემთხვევაში, ფრონტის წინა ხაზზე მუშაობისას მათი გარდაცვალების ან დაჭრის საფრთხეს.”(სტილი დაცულია)

ამ ტრენინგის შემდეგ ნინო გერზმავას ათეულობით წერილი მიუვიდა რეგიონის ჟურნალისტებისგან, რომლებსაც ასევე სურდათ მასში მონაწილეობის მიღება.
ამიტომ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა გადაწყვიტა ამ პროექტის გაგრძელება და ახლა ისინი თავდაცვის სამინისტროს პასუხს ელიან.
XS
SM
MD
LG