Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-ამერიკას შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს


მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის არათუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის, სამოქმედო გეგმის მიღების საკითხიც კი დროში განუსაზღვრელი ვადით გაიწელა,

თბილისში ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება აქტუალურ თემად იქცა. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის არსებობა 17 დეკემბერს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამერიკა–საქართველოს ხელშეკრულების პროექტის არსებობაზე ექსპერტები დიდი ხანია საუბრობენ. ექსპერტული გათვლებით, ამერიკა–საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის მთავარი ხაზი საქართველოს უსაფრთხოების დაცვაზე უნდა გადიოდეს სწორედ იმ პირობების კარნახით, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უშუალო საფარს მოკლებულ საქართველოს დაუცველს ტოვებს რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე. 17 დეკემბერს საქართველო–ამერიკის შეერთებული შტატების ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის არსებობა ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

[ნინო კალანდაძის ხმა]“ მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ფაქტია ის, რომ უკვე არსებობს კონკრეტული ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია ქართული მხარისათვის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და დრო ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ და ჩვენივე წინადადებები შევთავაზოთ ამერიკულ მხარეს. ეს არის ხელშეკრულება, რომელიც განიხილება კონკრეტულად, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვყალიბდებით ჩვენს წინადადებებზე, თუ რა იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი, ამ პირობებს უკვე დეტალურად გავივლით და, საბოლოო ჯამში, ეს შეთანხმება შედგება.“(სტილი დაცულია)

ამბობს ნინო კალანდაძე და არ აკონკრეტებს დეტალებს, რომლებიც ამერიკელი და ქართველი პარტნიორების მოლაპარაკების უშუალო საგანს წარმოადგენს. პირველი, ვინც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებამდე, ჯერ კიდევ წინასწარი პროგნოზებისა და ვარაუდების ფონზე, ხელშეკრულების პროექტის არსებობა საჯაროდ აღიარა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე იყო. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გივი თარგამაძემ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტიური პოზიცია უკვე გადაიზარდა ორმხრივი ხელშეკრულების ფორმატში.მანვე გაამხილა ის დეტალები, რომლებზეც ამ ეტაპზე უკვე შეიძლება საუბარი. გივი თარგამაძის განმარტებით, ხელშეკრულების პროექტი მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობას, საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომ აღჭურვასა და განვითარებას, საფრთხეების ერთობლივი დაძლევისათვის არსებულ ღონისძიებებს და სხვ. გივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ, საფრთხეების ერთობლივი დაძლევის მიზნით, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებიც განთავსდეს იმის შესაბამისად, თუ რას ჩათვლის ამერიკა საფრთხეების თავიდან აცილების აუცილებელ ადეკვატურ ზომად. ამ ზომებზე, ზოგადად, 16 სექტემბერს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ ქართველ პოლიტიკოსებთან ისაუბრა. პრესკონფერენციაზე კი განაცხადა:

[მეთიუ ბრაიზას ხმა]“ ჩვენ ვლაპარაკობდით, დეტალურად განვიხილავდით ამერიკა–საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს უსაფრთხოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის სფეროში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს ლამაზი სიტყვები, სტრატეგიული პარტნიორობა, კონკრეტულ მოქმედებებზე, რეალურ ცხოვრებაზე ავსახოთ.“


მაინც როგორ აისახება ამერიკა–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო ხელშეკრულება რეალურ ცხოვრებაზე - და, სხვათა შორის, არამარტო საქართველოში? - ეს არის მთავარი, ჯერაც ბუნდოვანი და ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მას შემდეგ, რაც საქართველოში განხორციელებული აგრესიით რუსეთმა მსოფლიო წესრიგის ფორმები შეცვალა და საფუძვლიანად შელახა საერთაშორისო სამართალი. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ ამერიკა-საქართველოს სამოკავშირეო ხელშეკრულება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხში, შესაძლოა, მართლაც იმაზე შორს წავიდეს, ვიდრე ქართული ჯარის წვრთნა და აღჭურვაა, მაგრამ სამხედრო ბაზების განთავსება ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა]“ გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე, მით უმეტეს, აგვისტოს ომის შემდეგ, ჩემი აზრით, როცა დავინახეთ, რომ ამერიკა არ არის მზად საქართველოში სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთოს რუსეთთან, ჯერჯერობით, მე მგონი, საქართველოში ბაზების განთავსებაზე საუბარი ნაადრევია. გამორიცხული არ არის, მაგრამ ნაადრევია, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე. შეიძლება იყოს საუბარი სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე, მაგრამ ის, რომ ამერიკამ აქ თავის თავზე აიღოს ვალდებულება, რომ საქართველო დაიცვას, ამგვარი რაღაც ჯერჯერობით ნაადრევია ამ სიტუაციაში, დღევანდელ ვითარებაში. ხვალ-ზეგ შეიძლება ვითარება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ იქნება.“

განსხვავებულ მოსაზრებას ავითარებს ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი, რომლის შეფასებითაც, ამერიკის შეერთებული შტატები, სწორედ აგვისტოს მოვლენების გათვალისწინებით, გადადგამს, შესაძლებლობის ფარგლებში, რადიკალურ ნაბიჯებს, საქართველოს უსაფრთხოებისა და ასევე რეგიონში საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვის მიზნით. მისი აზრით, ამერიკა-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩაიდება ზოგადი პრინციპები, რეალურად კი ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო პირველი ნაბიჯი იქნება:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა]“ მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ერთი ბაზა, სამხედრო ბაზა საჰაერო ტრანსპორტირებისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, დიდი დანიშნულება არ ჰქონდეს, მაგრამ პრევენციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს არის მესიჯი რუსეთის, კრემლის მისამართით, რომ ეს ბაზა არის შეერთებული შტატების და ნებისმიერი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, გარკვეულწილად, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამერიკულ ბაზას და, შესაბამისად, შეერთებულ შტატებს ექმნება სამართლებრივი საფუძველი დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს აგრესიის შემთხვევაში.“(სტილი დაცულია)

ეს იქნება დაახლოებით ისეთვე ხელშეკრულება, როგორიც გაფორმებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბალტიის ქვეყნებს შორის, დასძენს, თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი. მისი განმარტებით, ამერიკასა და საქართველოს შორის გაფორმდება პაქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებას არ გაითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG