Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს, დოლარიც დღითიდღე ეცემა


მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა ყოველდღე იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ოპეკმა და ნავთობის მომპოვებელმა სხვა ქვეყნებმა გუშინ გადაწყვიტეს, ნავთობის პროდუქცია სარეკორდოდ შეამცირონ,

ნავთობის ფასების ვარდნა არ წყდება. გუშინდელს მერე დოლარიც დაეცა ევროსა და იენის მიმართ. დღეს შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა სახელმწიფო საფინანსო დაწესებულების - ფასიანი ქაღალდებისა და სავალუტო კურსის კომისიის - ახალი ხელმძღვანელის ვინაობას გამოაცხადებს.

დღეს ნავთობის ფასებმა უკანასკნელი ოთხნახევარი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია. ინვესტორთა პესიმიზმმა გადაწონა ის ფაქტი, რომ ოთხშაბათს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ - ოპეკმა - თავისი არსებობის ისტორიაში ნავთობის პროდუქციის ყველაზე მკვეთრი შემცირება გადაწყვიტა.

ალჟირში გამართულ შეხვედრაზე ოპეკისა და ნავთობის ექსპორტიორმა სხვა ქვეყნებმა ზომები მიიღეს ბაზრიდან დღეში დაახლოებით 2,6 მილიონი ბარელი ნავთობის ამოსაღებად, რათა გაიზარდოს ფასები და, შესაბამისად, ნავთობის მომპოვებელთა შემოსავლები.

ოპეკის იმედები არ გამართლდა. ნავთობის ფასის ზრდის ნაცვლად, ის კიდევ უფრო დაეცა. ამჟამად ბარელი ნავთობი დაახლოებით 40 დოლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ ივლისში ბარელი ნავთობის ფასი 147 დოლარს აღწევდა.

ოპეკის წარმომადგენლის, ომარ იბრაჰიმის თქმით, ნავთობის ფასების ვარდნა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან არის დაკავშირებული.

[იბრაჰიმის ხმა] "მძიმე ეკონომიკური დაღმასვლის გამო დაირღვა მოთხოვნა, რამაც უპრეცედენტო ზეწოლა გამოიწვია ფასებზე, რომლებიც 2008 წლის ივლისის დამდეგიდან მოყოლებული 90 დოლარზე უფრო მეტით დაეცა."

ზეწოლის ქვეშაა დოლარიც, რომელიც ასევე მკვეთრად დაეცა ევროსა და იაპონურ იენთან მიმართებაში. ერთი ევრო 1.45 დოლარი ღირდა. ეს დოლარის ყველაზე სუსტი მაჩვენებელია სექტემბრის შემდეგ.

სამშაბათს შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ერთი პროცენტი იყო, კიდევ უფრო შეამცირა და ახლა ის ნულიდან 0,25 პროცენტამდეა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

გარდა ამისა ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა, რომ უპრეცედენტო ზომებს მიმართავს ფინანსური კრიზისის დასაძლევად. ამ ზომებში შედის ფულის მოცულობის გაზრდა სესხების გაფართოებით და ლიკვიდურობის გაზრდით, რათა მეტი კრედიტი გახადოს ხელმისაწვდომი მომხმარებელთა და ბიზნესისთვის.

ბაზრებზე არსებული კრიზისის პირობებში შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა მერი შაპიროს კანდიდატურას დაასახელებს ფასიანი ქაღალდებისა და სავალუტო კურსის კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ეს ორგანიზაცია 1929 წელს ფინანსური ბაზრების კრახის შემდეგ შეიქმნა ინვესტორთა ნდობის აღსადგენად.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ობამა ახალი სულის შთაბერვას ცდილობს ორგანიზაციაში, რომელსაც უკანასკნელ ხანებში ერთობ გაუფუჭდა რეპუტაცია.

ობამამ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ უოლ სტრიტის რეგულირებაში ცვლილებების გატარებას აპირებს. ამ ცვლილებებში შედის მარეგულირებელი კომისიების რესტრუქტურიზაციაც.


XS
SM
MD
LG