Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარის რიეკსტინში: აშშ-ბალტიისპირეთის ქარტია პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო ნატოში ჩვენი გაწევრიანებისკენ. ინტერვიუ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან


ამერიკა-ბალტიისპირეთის პარტინორობის ქარტია, რომელიც 1998 წლის იანვარში გაფორმდა, განსაკუთრებული ინტერესის საგანია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები

ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში დაადასტურეს, რომ მომავალი ხელშეკრულება თბილისსა და ვაშინგტონს შორის ამერიკა-ბალტიისპირეთის პარტინორობის ქარტიის მსგავსი იქნება. სწორედ ამ ქარტიაზე სასაუბროდ დავუკავშირდით ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს მარის რიეკსტინშს. დავით კაკაბაძემ მას რიგაში დაურეკა და სთხოვა, განემარტა, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ქარტიის გაფორმება.

მარის რიეკსტინში: "უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ იმდროინდელი პოლიკური ვითარება. 1997 წელს ნატოს წევრთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ალიანსის გაფართოების პროცესის დაწყების თაობაზე. ჩვენ არ ვიყავით იმ ქვეყნების რიცხვში, ვის მიწვევასაც ნატო პირველ რიგში გეგმავდა. იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მოგვეპოვებინა ამერიკის დაინტერესება ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოებით. და აშშ-ბალტიის ქარტიაში ერთ-ერთი ცენტრალური წინადადება სწორედ ამ შინაარსის არის. მასში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს აქვს სერიოზული, მტკიცე და ჭეშმარიტი ინტერესი ბალტიისპირა სახელმწიფოების უსაფრთხოების საქმეში. ამავე დროს, ქარტიის მიღება მნიშვნელოვანი იყო, როგორც პოლიტიკური მესიჯი ჩვენი მხრიდანაც, რომ ამერიკელებთან - ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებდით. დოკუმენტის მნიშვნელობას, ცხადია, მისი შინაარსიც განაპირობებდა. ამ ქარტიის საფუძველზე შეიქმნა მუშა ჯგუფები, რომლებიც სამხედრო სფეროსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა კონკრეტულ დარგებს მოიცავდა. როცა იმ დოკუმენტს დღევანდელი გადასახედიდან ვაფასებ, ვხვდები, რომ ის პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო ნატოში ჩვენი გაწევრიანებისკენ, რაც 2004 წელს მოხდა.

რადიო "თავისუფლება": ესე იგი, დაახლოებით ექვსი წელი გავიდა შეერთებულ შტატებთან ქარტიის ხელმოწერიდან ნატოში გაწევრიანებამდე.

მარის რიეკსტინში: დიახ, 2002-ის ნოემბერში მიწვევა მივიღეთ, ხოლო 2004-ის დასაწყისში ნატოში ოფიციალურად გავწევრიანდით. დაახლოებით ექვსი წელი გავიდა. ამ დროის მანძილზე ნატომ გაწევრიანების ახალი მექანიზმი შეიმუშავა - ე.წ. "სამოქმედო გეგმა", რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, მანამდე მიღებულ წევრებს არ გამოუყენებიათ. მაგალითად, პოლონეთს, უნგრეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას MAP-ი არ გაუვლიათ.

რადიო "თავისუფლება": თქვენ მაშინდელი პოლიტიკური ლანდშაფტი ახსენეთ. ნატოში არც 90-იან წლებში სუფევდა ერთსულოვნება ახალი წევრების მიღების საკითხში. მაგალითად, ისმოდა შეკითხვები, რას მოუტანდა ბალტიისპირა ქვეყნების მიღება თავად ნატოს. შეიძლება, ქარტიის ხელმოწერა ყოფილიყო ერთგვარი იარაღი იმისთვის, რათა ნატოს გაფართოების მომხრეებს სკეპტიკოსი მოკავშირეები ამ პროცესის სიკეთეში დაერწმუნებინათ?

მარის რიეკსტინში: "მართალია, ქარტიაში არაფერი იყო ნათქვამი ნატოში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივაზე, და არც არავითარი გარანტიები იყო მოცმული, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური სიგნალი, რომ ამერიკელები უაღრესად სერიოზულად ეკიდებიან ჩვენი უსაფრთხოების პრობლემას. მაგრამ როცა საქმე ეხება ნატოს კავშირში რეალურ ინტეგრაციას, იმ დროისთვის ჩვენი მიზანი იყო, ყველა მაშინდელი წევრი დაგვერწმუნებინა, რომ მზად ვიყავით წევრობისთვის, რომ იმაზე უკეთესები ვიყავით, ვიდრე უმეტესობას ეგონა, და რომ ჩვენთვის ვერავის ეთქვა: ცოტა ხანი მოცდა მოგიწევთ, რადგან ამა და ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებთო. ეს ძალიან რთული პროცესია, რომელსაც ორი განზომილება აქვს: ერთი საგარეო (ანუ ნატოს წევრთა შორის მხარდაჭერის მოპოვება) და ერთი - საშინაო (ანუ აუცილებელი რეფორმების გატარება).

რადიო "თავისუფლება": საქართველო ახლა დაახლოებით ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც ბალტიისპირეთის ქვეყნები 90-იანი წლების მეორე ნახევარში იყვნენ. აშშ-ის მაშინდელი როლიც მსგავსია იმ როლისა, რომელსაც ვაშინგტონი ახლა საქართველოს საკითხში ასრულებს. დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველომ და აშშ-მა, შესაძლოა, იმის მსგავსი დოკუმენტი გააფორმონ, რომელიც 1998-ში გაფორმდა ბალტიისპირელებსა და ამერიკელებს შორის. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ დოკუმენტმა ისევე შეუწყოს ხელი ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ეს თავის დროზე, ალიანსში ბალტიისპირელების მიღებისას, ქარტიამ გააკეთა?

მარის რიეკსტინში: ვფიქრობ, გარკვეული როლის შესრულება ამ დოკუმენტს შეუძლია. მაგრამ ამავე დროს, სწორი არ იქნებოდა იმ მექანიზმის უგულებელყოფა, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის უკვე შეიქმნა ორმხრივი კომისიის სახით. ნატოს ბოლო მინისტერიალზე ეს კომისია აღიარებულ იქნა მთავარ ორგანოდ იმ საკითხებზე სამსჯელოდ, რომლებიც უკავშირდება როგორც საქართველოს სამხედრო რეფორმას, ისე ალიანსში მის შესაძლო გაწევრიანებას. რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, საქართველოს ლიდერებს ვუკარნახო, როგორ მოიქცნენ - ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მაინც გამოვთქვამდი რჩევას, სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებიც უკვე არსებობს. ამავე დროს, სრულიად ეჭვგარეშეა, რომ თუ იარსებებს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ისევ და ისევ ხაზს გაუსვამს, რომ აშშ მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან ხსენებული მიზნების მიღწევაში, ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი იქნება.

რადიო "თავისუფლება": ნატოს ზოგიერთი წევრი ეწინააღმდეგება კავშირის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიღებას. თქვენი ქვეყანა, ლატვია, რამდენიმე სხვა სახელმწიფოსთან ერთად, მათ შორისაა, ვინც - პირიქით - აქტიურად უჭერს მხარს საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას. რა არგუმენტები გაქვთ თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს? რას მოიგებს ნატო საქართველოსა და უკრაინის მიღებით?

მარის რიეკსტინში: "ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა გადავხედოთ ვითარებას, რომელიც შექმნილია იმ ქვეყნებში და, ზოგადად, რეგიონებში, რომლებიც ბოლო ათი წლის მანძილზე გაწევრიანდნენ ნატოში, იქნება ეს ცენტრალური ევროპა თუ ბალტიისპირეთის ქვეყნები. მე ვიტყოდი, რომ სანამ ნატოს კავშირში გავწევრიანდებოდით, არსებობდა უამრავი გაურკვევლობა, ეჭვი და ვარაუდი ჩვენი უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. მაგრამ რა წუთშიც კავშირის წევრები გავხდით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა - სერიოზულად აღარავინ საუბრობს ჩვენი რეგიონისთვის რაიმე სამხედრო საფრთხის არსებობაზე. პირიქით, ნატოს გაფართოებით ევროპაში უსაფრთხოება განმტკიცდა. ამიტომ, ვფიქრობ, უწინდელმა მაგალითებმა, აქამდე მიღებულმა გამოცდილებამ, ნატოს გაფართოების წინა ტალღებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ეს ხელს უწყობს საერთო სტაბილურობის განმტკიცებას და, ჩემი აზრით, ნატოს ყველა წევრის ინტერესებშია."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG