Accessibility links

ახალგაზრდა იურისტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 2007 წლის ფინანსური მონიტორინგის შედეგების შესახებ


საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში,

სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. კვლევა 2 ძირითადი მიმართულებით წარიმართა: რა მდგომარეობაა პატიმართა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტებს პრაქტიკულად ვერც ერთი ზემოაღნიშნული კუთხით ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა მაშინ, როდესაც პენიტენციალურ სისტემაში ინსტიტუციური ცვლილებებია მოსალოდნელი, ახალგაზრდა იურისტები იმედოვნებენ, რომ მათი კველევის შედეგებს შესაბამისი ორგანოები ანგარიშს გაუწევენ.

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ ეს არის ძალიან აქტუალური დღეს, იმიტომ რომ, შეგახსენებთ, განიხილება ახალი სამინისტროს შექმნის საკითხი - პენიტენციალურისა და პრობაციის. შეიცვალა ხელმძღვანელი. დღეს არ ვიცი, თუ გავრცელდა ინფორმაცია, ვინ არის ახალი ხელმძღვანელი. ყოველ შემთხვევაში, ბაჩო ახალაია დაინიშნა მინისტრის მოადგილედ თავდაცვის სამინისტროში და ახალი ხელმძღვანელი უნდა იყოს. ახალი სამინისტრო, ახალი ხელმძღვანელი... და იმედს გამოვთქვამთ, - ბოლომდე ოპტიმისტები დავრჩეთ, - რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს ანგარიშს ყურადღებას მიაქცევენ - არა მარტო ჩვენს მითითებულ პრობლემებს, არამედ რეკომენდაციებსაც, რა უნდა გამოსწორდეს.“(სტილი დაცულია)

ასე ფიქრობს საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, რომლის დაკვირვებითაც, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროს ქვესტრუქტურაა, საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ, მდგომარეობა ამ ორ უწყებაში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ საჯარო ინფორმაციის მიღება გამარტივებულია იუსტიციის სამინისტროდან და საგრძნობლად გართულებული სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტიდან. გაუმჭვირვალობის პრობლემა კი თავისთავად წარმოშობს სისტემაში კორუფციის არსებობის ეჭვს, ამბობს გიორგი ჩხეიძე იმის მიუხედავად, რომ თავად ამგვარ ბრალდებას სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს პირდაპირ და უშუალოდ არ უყენებს.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობისა და პატიმართა უფლებების დაცვის ფარგლებში, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების განკარგვის ეფექტურობისა და კანონიერების მონიტორინგს უკვე მეორე წელია ახორციელებს. მეორე კვლევა 2007 წლის მონაცემებს მოიცავს. კვლევაში გაანალიზებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წლიური ბალანსი, დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესყიდვები და ორივე მონაცემების ურთიერთმიმართება, რაც, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის შეფასებით, არცთუ სახარბიელო შთაბეჭდილებას ტოვებს. იგი ამბობს, რომ, ინფორმაციის გაცემის მიხედვით, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი პრაქტიკულად დახურული უწყებაა:

[თამარ ხიდაშელის ხმა]“თუმცა იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ მივიღეთ, აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში ირღვეოდა, მაგალითად, შესყიდვების შესახებ კანონი. რომ რაღაც თანხის ზევით თუ ხდება შესყიდვის განხორციელება, აუცილებელია, ვთქვათ, აუქციონის მოწყობა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ხდებოდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ როდესაც თანხა რაღაც ლიმიტს აჭარბებდა.“(სტილი დაცულია)

შესყიდვების სააგენტოში, მაგალითად, კვებასთან დაკავშირებული 9 ხელშეკრულებიდან 8 სასჯელაღსრულებით სისტემაში კარტოფილის შესყიდვას ეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტის მიერ რეალურად გაწეული ხარჯები ფინანსურ დოკუმენტაციაში ან არაზუსტად, ან საერთოდ არ აისახება, - ამბობს თამარ ხიდაშელი, რომლის შეფასებითაც, სასჯელაღსრულებით სისტემაში ნებისმიერი ფინანსური გარღვევა თავისუფლებაააღკვეთლ პირთა უფლებების შელახვის პირდაპირპროპორციულია. ”ჩვენ ვართ იურისტები და ორგანიზაცია, რომლის განაცხადი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, მონიტორინგისთვის ვიყენებთ მხოლოდ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას და არა ამ ინფორმაციის ხელში ჩაგდების ალტერნატიულ გზებს. მაგრამ ვინაიდან სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი ხშირ შემთხვევაში მალავს საჯარო ინფორმაციას, გვაქვს იმის პრეზუმფცია, ვიგულისხმოთ, რომ ის, რაც არ მოგვაწოდა, სასჯელაღსრულებით დეპარტამენტს საერთოდ არ ჰქონდა”, - დასძენს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, რომელიც აზუსტებს, რომ საჯარო ინფორმაციის მოპოვების საკითხზე დავებს ისინი ამ ეტაპზეც განაგრძობენ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.

სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის 2007 წლის ფინანსური მონიტორინგის შედეგად მიღებულ დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ოფიციალურ დოკუმენტაციაში საბიუჯეტო ხარჯები არასათანადოდაა ასახული, ფინანსების განკარგვის პროცესი გაუმჭვირვალეა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონიერი ბერკეტი პარალიზებულია და სხვ. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ყოველივე ეს, ტენდენციის სახით, მიმდინარე წელსაც გრძელდება.


[სალომე მახარაძის ხმა]“ ეს ყველაფერი, რაც თქვენ მე ეხლა მითხარით, მათი დასკვნა არის ზოგადი ბრალდებები. რაც შეეხება იმას, რაც არის სასამართლოში, ის უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და ამ შემთხვევაში ჩემი კომენტარი, ვფიქრობ, რომ არაკომპეტენტური და ზედმეტია.“(სტილი დაცულია)

განმარტა სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ. მისივე თქმით, დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ბაჩო ახალაიას, თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაყვანის შემდეგ, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასრულებს.



XS
SM
MD
LG