Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების შედეგებმა საქართველოს მოზარდთა ცოდნის დაბალი დონე გამოავლინა


„საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში – რეალობა და ინიციატივები“ – ამ თემაზე გამოცდების ეროვნული ცენტრი ორდღიან კონფერენციას აწყობს.

კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი საკითხი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს მოზარდთა შედეგები, მათი ცოდნისა თუ შესაბამის საკითხებზე მსჯელობის უნარის შეფასებაა.შეფასება საერთაშორისო მიღწევების საგანმანათლებლო ასოციაციის მიერ ორგანიზებული 3 ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგებს ასახავს. შედეგები საგანგაშოა.

საერთაშორისო მიღწევების საგანმანათლებლო ასოციაცია შედარებით კვლევებს სწავლისა და სწავლების დონის გასაუმჯობესებლად მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ატარებს, განათლების სისტემის შემდგომი სრულყოფისა და საჭირო მიმართულებით რეფორმირების მიზნით. 2006–2007 წლებში საქართველომ მონაწილეობა მიიღო ისეთ კვლევებში, როგორიცაა მომავალ მათემატიკის მასწავლებელთა განათლების, 9–10 და 13–14 წლის მოზარდებში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების და 9–10 წლის ბავშვთა წიგნიერების დონისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების კვლევები. დავკონკრეტდეთ ამ სამიდან თუნდაც ერთ თემაზე–მაგალითად, წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებზე, კვლევისა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 149 სკოლა იყო ჩართული. მსოფლიოს 45 ქვეყნიდან საქართველოს მოსწავლეთა მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ასე გამოიყურება:

[ია კუტალაძის ხმა]“ რთული დავალებების გადაწყვეტა მოახერხა მხოლოდ ერთმა პროცენტმა საქართველოში, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჰონგ–კონგში ოცდაორმა პროცენტმა, რუსეთის ფედერაციაში, ზუსტად თუ მახსოვს, ოცამდე ან თვრამეტმა პროცენტმა. ანუ ეს მაჩვენებელი ჩვენთან იყო ძალიან დაბალი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 18 პროცენტი აღმოჩნდა საქართველოში ისეთი, რომელსაც გაუჭირდა სკალის ყველაზე დაბალი საფეხურისთვის, ანუ ყველაზე მარტივი დავალებების გადაწყვეტის საკითხიც კი. ეს არის დავალებები, რომლებიც ტექსტში ცხადად მოცემული ინფორმაციის ამოკრეფას მოითხოვს და არ მოითხოვს რაიმე სხვა ტიპის სააზროვნო პროცესებს.“(სტილი დაცულია)

გვითხრა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ, რომელიც იმედოვნებს, რომ საერთაშორისო კვლევათა შედეგების გაანალიზების საფუძველზე განათლების რეფორმაში გარკვეული კორექტივები შევა და კვლევის მომდევნო ციკლში, კერძოდ, 2011 წელს, საქართველოს მოზარდები ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე 2006 წელს. კონფერენციის ერთ–ერთი მიზანიც სწორედ იმ რეკომენდაციების შემუშავებაა, რომლებიც განათლების სამინისტროს გადაუდებელი და პირველი რიგის ამოცანების ოპტიმალურად დაგეგმარებაში დაეხმარება. საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი სიმონ ჯანაშია იმ სავარაუდო ღონისძიებებსაც ჩამოთვლის, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს მოზარდებში წიგნიერების დონის გაუმჯობესება მოხერხდება. მაგალითად:

[სიმონ ჯანაშიას ხმა]“ კითხვის შედეგები გვაქვს საკმაოდ ცუდი და ძირითადი ფაქტორი, რომელიც ამას განაპირობებს ჩვენს სკოლებში, არის ის მეთოდიკა, რომელსაც მასწავლებლები იყენებენ. ამიტომ არის ტრენინგების სერია, რომელიც ეხლა დაიწყება იმისთვის, რომ მასწავლებელს დაეხმაროს ამ კვალიფიკაციის ამაღლებაში.“(სტილი დაცულია)

ერთ–ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მოსწავლეთა ზოგადი განათლების დაბალი დონის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად მიიჩნევა, მათ შორის, კონფერენციის დისკუსიაში ჩართული პროფესიონალების აღიარებით, სწორედ მასწავლებელთა კვალიფიკაციაა. კითხვის სწავლების თანამედროვე მოდელების 24–ე საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის გასაცნობად სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის კონსულტანტი თამარ გაგოშიძე მოხსენების დასრულებისთანავე მიიწვია. მაგრამ, როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ტრენინგები არასაკმარისი საშუალებაა. მით უფრო მაშინ, როდესაც განათლების რეფორმის პროცესში მასწავლებელი სიახლეებისა და თანამედროვე მოთხოვნებისადმი ყველაზე ნაკლებად ადაპტირებულ რგოლად რჩება. ამის ერთ–ერთი მიზეზია სოციალური ფაქტორი, დაბალი ხელფასი:

[გია მურღულიას ხმა]“მასწავლებლების მოტივაციაა მნიშვნელოვნად ასამაღლებელი, ეს დაკავშირებულია სოციალურ პრობლემებთან, ანაზღაურებასთან შრომის და ასე შემდეგ. სახელმწიფომ უნდა დაგვანახვოს ჩვენ სუყველას, რომ არსებითად და მნიშვნელოვნად უღირს ეს ჩვენი მუშაობა. თუ მასწავლებლის მოტივაცია არ იქნა, განათლების ხარისხზე ლაპარაკი არის ზედმეტი.“

ამბობს გია მურღულია და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ განათლების ხარისხი მასწავლებლის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სვამს კითხვას: როგორ იცვლება პედაგოგთა მომზადების პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში? ამავე შეკითხვით კონფერენციის ერთ–ერთ მონაწილეს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანს, თამარ ტალიაშვილს, მივმართეთ. მან გვიპასუხა, რომ უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლების სასწავლო გეგმები ძირფესვიანადაა შეცვლილი და გაფართოებული ფსიქოპედაგოგიური ბლოკითა და პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. თუმცა

[თამარ ტალიაშვილის ხმა]“მე პირადად გაზრდილი ვარ იმ მასწავლებლის, რომელმაც არ იცოდა ბრუნერი, ვივოცკი, მაგრამ, მერწმუნეთ, იცით, ჰქონდა ნიჭი იმის, რომ ის ამას აკეთებდა. დამოუკიდებელ აზროვნებას ის მაინც მასწავლიდა. მან არ იცოდა, რა იყო ინტერაქცია, არ ჰქონდა, მაგალითად, ის ცოდნა, ის თეორიები, რომლებსაც ჩვენ ეხლა ვასწავლით, მაგრამ მას ეს ნიჭი ჰქონდა. სამწუხაროდ, დღეს ეს კადრი არ მოდის. სამწუხაროდ.“(სტილი დაცულია)

საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების ქართული რეალობა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებითაა არადამაკმაყოფილებელი. ცვლილებებითა და რეფორმებით მოტანილ პოზიტიურ შედეგებს დრო სჭირდება, - ამბობს, თავის მხრივ, კონფერენციის ორგანიზატორი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და დასძენს, რომ გაზაფხულზე საქართველოს განათლების სისტემაში შექმნილ პრობლემებზე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 26 ქვეყნის ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას:


[მაია მიმინოშვილის ხმა]“მე პირადად ვთვლი, რომ, აი, ეს კონფერენცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ არის ჩვენში არსებულ პრობლემებზე საუბარი და ჩვენზე უკეთ ამას ვერავინ ვერ გამოასწორებს. თუ ნება და სურვილი ჩვენ თვითონ არა გვაქვს ამ პრობლემებზე სერიოზულად დავფიქრდეთ და გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები, ვერანაირი უცხოელი კონსულტანტი და უცხოელი კოლეგა ამაში ჩვენ ვერ დაგვეხმარება.“
XS
SM
MD
LG