Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


”ვის დააჭერინებს დავითაია?!” - რამდენიმე გაზეთი - მათ შორის ”ახალი თაობა” - ეხმაურება დღეს დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის გუშინდელ გამოსვლას.

”დავითაია ისე ომახიანად კითხულობდა დასკვნას, თითქოს ბევრი ფაქტი თავად აღმოაჩინა. არადა, დასკვნაში მოყვანილი ფაქტების დიდი ნაწილი ყველასთვის ცნობილი იყო”, - წერს ”ახალი თაობა”. ”რეზონანსი” წერს: ”რუსეთ-საქართველოს ომი, მისი წინაპირობები, ქრონოლოგია, სამართლებრივი შეფასება და საქართველოს ხელისუფლების მოქმედების დროს გამოვლენილი ხარვეზები - ასეთია დასკვნის შინაარსი, სადაც, ფაქტობრივად, აღიარებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც ომამდე, არც ომის დროს და არც ომის შემდეგ არანაირი შეცდომა არ დაუშვია” - ასეთი გახლავთ ”რეზონანსის” კორესპონდენტის შთაბეჭდილება. ამავე გაზეთში წაიკითხავთ: ”არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთი მოთხოვნის გარშემო ირაზმება - ვადამდელი არჩევნები”. ”მწვანეთა” პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე კი ”ახალ თაობას” უცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრია რუსული ორიენტაციის პარტია, საქართველოს ხელისუფლების ჩათვლით. გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ საპარლამენტო არჩევნებში რუსული ფული ჩაიდება, ”თუ უკვე არ არის მობილიზებული ეს ფული”, - ამბობს ის და განაგრძობს: ”ჩვენ ხომ ყალბ გარემოში ვცხოვრობთ. ნუ გგონიათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანებაა მათთვის უმნიშვნელოვანესი, გულწრფელები არიან. მე ახლა ყველაფრის თქმა არ მინდა, თუმცა ყველაფერი კარგად ვიცი. ვიცი, ვინ საით იყურება და ვინ სად დარბის”, - ”მწვანეთა” პარტიის ლიდერთან ინტერვიუს ”ახალი თაობა” აქვეყნებს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ”ვერსიას” უზიარებს მოსაზრებას სავარაუდო საპარლამენტო არჩევნების შესახებ: ”დღევანდელ სიტუაციაში ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ახლა რომ არჩევნები დაინიშნოს, მას, შესაძლოა, ოპოზიციისთვის დაახლოებით ისეთივე შედეგი მოჰყვეს ან ცოტა უკეთესი, რაც მაისის არჩევნებში”. ”ვერსიის” დღევანდელი ნომრის მთავარი თემა ირაკლი ალასანია და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროგნოზებია. გაზეთის ინფორმაციით, ალასანია საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზაციას ქმნის და მასში სოზარ სუბარი, გია ყარყარაშვილი და გიგა მახარაძე გაერთიანდებიან. ახალი მემარჯვენეების წარმომადენელი მამუკა კაციტაძე ”ვერსიას” უცხადებს: ”უმჯობესი იქნება, თუ მის ჩამოსვლას დაელოდებით და თავად მისგან მოისმენთ კითხვებზე პასუხს. რაც შეეხება იმ ჭორ-მართალს, თითქოს, ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის და მასთან გია ყარყარაშვილი იქნება, ეს სათავეს სწორედ დღევანდელ ხელისუფლებაში იღებს”, - აცხადებს კაციტაძე. რესპუბლიკელ დავით ზურაბიშვილის კომენტარი ”ვერსიისთვის”: ”ის არ განიხილებოდა ამ ალიანსის წევრად, როგორც ერთი ადამიანი. რას გადაწყვეტს თავად ალასანია, ამაზე კომენტარს ჩვენ ვერ გავაკეთებთ”.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების აქტიურობაზე წერს ”24 საათი”: ”ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციების ინიციატორი დასავლური ვოიაჟიდან დაბრუნებული ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილია. ინფორმაცია მარტში დაგეგმილი ამერიკული ვიზიტის შესახებ სწორედ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაახმოვანა”, - წერს ”24 საათი”. მიმდინარე კონსულტაციებზე სტატიის ავტორს კონსერვატორთა ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, განუცხადა: ”კოორდინაციის ფორმატი შეცვლას მოითხოვს. აუცილებელია ახალი საკოორდინაციო ორგანოს შექმნა, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა ოპოზიციურ ძალას მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გააერთიანებს”, - ამბობს კუკავა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG