Accessibility links

logo-print

ეკონომიკური მიმოხილვა


აგვისტოს მოვლენების შედეგებს საქართველოს ეკონომიკა წლის ბოლოსთვის არანაკლები სიმწვავით იმკის, ვიდრე უშუალოდ ომის დროს.

ომის შედეგად ყველაზე მეტად მრეწველობის, მშენებლობისა და მომსახურების სფეროები დაზარალდნენ. ეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის “ბიზნეს-ოპტიმიზმის კვლევის” შედეგებშია აღნიშნული. გამოკითხული 400 კომპანიიდან 77%-ს, განვითარებული მოვლენების შედეგად, შემოსავლები შეუმცირდა. გამოკითხულ მეწარმეთა ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების შედეგად, მათ კომპანიებში თანამშრომელთა რიცხვი საშუალოდ 3,3%-ით შემცირდა. 55%-ს მიაჩნია, რომ მომავალ ექვს თვეში მათი შემოსავლები არ შეიცვლება, 33% კი იმედოვნებს, რომ შემოსავლები გაეზრდებათ.
ოფიციალური სტატისტიკა ომის შემდეგ პირველად აქვეყნებს მონაცემებს საინვესტიციო აქტივობის შესახებ. სექტორების მიხედვით, მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია _ 42 მილიონი დოლარი - ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა, 39 მილიონამდე კი მომსახურებაზე მოდის. უძრავი ქონების სექტორში ამ პერიოდში 26 მილიონ დოლარამდე დაბანდდა, მრეწველობაში კი – 11 მილიონამდე. ჯამურად, წლეულს მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 150 მლნ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს 3-ჯერ ჩამოუვარდება _ მაშინ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 490 მლნ დოლარს აღწევდა.
წლევანდელი მესამე კვარტალის საინვესტიციო აქტივობის სურათიდან ყველაზე საინტერესო ის სიახლეა, რომ უმსხვილესი ინვესტორი იაპონიაა, 35 მილიონი დოლარით. მას კვალში უდგანან ბრიტანეთი (25 მილიონი), თურქეთი (22 მილიონი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები და აზერბაიჯანი (18-18 მილიონი) და ამერიკა (10 მილიონი).
საინვესტიციო ნაკადების კლების პირობებში, საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგ ტრანშზე უარი განაცხადა. სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაკატოში კატომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას პირველი დადებითი შედეგები მოჰყვა. ”ამ პროგრამის ფარგლებში შეივსო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები, შემცირდა წნეხი საფინანსო ბაზარზე და ხელი შეეწყო დონორების მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარების მოზიდვას, რომელიც მიიმართება ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე”, - აღნიშნა მან. ფონდის ინფორმაციით, სამომავლოდ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება საერთაშორისო ფინანსური პრობლემებისა და გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ფინანსური დახმარება ხელს შეუწყობს ბანკებს გადაიხადონ საგარეო გადასახადები, რომელთა დაფარვის ვადა ახლოვდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ გააძლიერებს ბანკების რეგულირება-ზედამხედველობას, რათა აიცილოს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული რისკები და აქტივების ხარისხის გაუარესება.
სავალუტო ფონდისგან თანხის მიღებაზე თავშეკავების პარალელურად მიმდინარე კვირას საქართველომ დონორ-სახელმწიფოებთან დახმარების ხელშეკრულებები გააფორმა. ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 2008-2009 წელს უკვე ძალაშია. ქვეყანა გერმანიიდან 45 მლნ ევროს ოდენობით შეღავათიან კრედიტსა და 6 მლნ ევროს გრანტს მიიღებს. ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში კი, გერმანია 8 მლნ ევროს გამოყოფს, რომელიც რამდენიმე პროექტის, მათ შორის, ყაზბეგში ეკოლოგიური გარემოს შექმნას, კონტროლის პალატის ხელშეწყობას და კერძო სექტორს მოხმარდება. 6 მლნ-იანი გრანტი კი ლტოლვილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
ამერიკის მიერ გამოყოფილი მორიგი ფინანსური პაკეტიდან, რომელიც 47 მლნ დოლარს შეადგენს, 17 მილიონი პოლიციის გაძლიერებას მოხმარდება, 5 მილიონი _ ზამთარში დაახლოებით 30 000 იძულებით გადაადგილებული პირის საკვებით უზრუნველყოფას. 5,5 მლნ 10 ათასი სული პირუტყვის საკვებით უზრუნველყოფაზე მიიმართება, 6 მლნ დოლარით კი დაფინანსდება მცირე სათემო პროექტები სოფლის მეურნეობაში, სკოლების აღდგენის საქმეში და სხვა საქმიანობებში, რომლებიც განსაზღვრული იქნება თავად საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ. 2 მილიონი დოლარი განკუთვნილია სასუქის, თესლისა და მექანიზაციით მომსახურებისათვის, რაც საშუალებას მისცემს შიდა ქართლში მცხოვრებ 10 ათას ოჯახს დაუყოვნებლად განაახლონ აგრარული საქმიანობა. პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილი 800 ათასი დოლარი კი განკუთვნილია გორსა და თბილისში მყოფი უმუშევარი დევნილებისთვის ინტენსიური სასწავლო კურსების ჩასატარებლად, რათა მათ მიიღონ საბაზისო ცოდნა მშენებლობაში. დაბოლოს, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების რეგისტრაციაზე 500 ათასი დოლარი გამოიყოფა. ეს დახმარება უზრუნველყოფს დევნილთათვის შესყიდული ან აშენებული სახლების სათანადო რეგისტრაციას რეესტრში. გარდა ამისა, ამ ფონდებით მოხდება ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების აღწერა სატელიტიდან, რუკაზე დატანა და რეგისტრაცია. ამერიკული 47 მლნ დოლარი იმ 1 მლრდ-იანი დახმარების ნაწილია, რომელსაც ამერიკა საქართველოს უახლოეს თვეებში გამოუყოფს.
მიმდინარე კვირას გახდა ცნობილი, რომ დონორების ფინანსური დახმარების ხარჯვის მონიტორინგს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია განახორციელებს: „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „კივიტას გეორგიკა“, „მწვანე ალტერნატივა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ აფუძნებენ კოალიციას „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“, რომელიც დონორთა მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამოყენების ეფექტიანობას და გამჭვირვალობას დააკვირდებიან.
ეფქტურობა და გამჭვირვალობა ნამდვილად აკლდა მიმდინარე კვირას ენერგოსექტორში განხორციელებულ საპრივატიზებო გარიგებებს, რომელთა სისწრაფე და შინაარსი ნამდვილად ბევრ კითხვას ბადებს. 14 ნოემბერს გამართულ აუქციონზე “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” 6 მილიონ დოლარად ძლივს მიყიდული “კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანია” ჩეხურ რეგიონალურ მონოპოლისტს ერთი თვის თავზე უბოდიშოდ ჩამოერთვა და ახალ აუქციონზე ლიტვურ კონცერნ “აჰემა ჯგუფს” 9 მილიონ დოლარად მიეყიდა.
თუმცა არც “ენერგო-პრო” დარჩენილა გულდაწყვეტილი, რადგან მას 25 მილიონ დოლარად გაცილებით უფრო მიმზიდველი და გამართული აქტივი _ „ორთაჭალჰესი“ - გადაეცა. თუმცა ეს გარიგება არანაკლებ საინტერესო იმ მხირვაც არის, რომ ეკონომიკის სამინისტრომ “ორთაჭალჰესი” იმ დროს გაყიდა, როცა ჰესის მოიჯარე “ორთაჭალენერჯი” მასთან საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გამო საქმის არსებით გარჩევას სასამართლოში ელოდება.
სასამართლოში ელოდებიან “თელასსაც”, რომელსაც ერჩის ტრადიციული მეტოქე _ საქართველოს ლეიბორისტული პარტია. ლეიბორისტებმა თბილისის დენგამანაწილებლის წინააღმდეგ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეიტანეს და ამჟამად მისი არსებითი განხილვის პირობაც მიიღეს.
სასამართლოში წასვლამდე კი “თელასი” წლის შედეგებს აჯამებს და სამომავლო გეგმებსაც აწყობს. გაირკვა, რომ კომპანიას საქართველოში ახალი ჰესის მშენებლობა არ გადაუფიქრებია და საამისოდ 3 ალტერნატიულ ადგილს განიხილავს. 2009 წელს შეირჩევა ჰესის მშენებლობისთვის საუკეთესო ადგილი და შემუშავდება მისი პროექტი, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი. ახალი, ჯამში 100 მეგავატის სიმძლავრის, ჰესის ან ჰესების კასკადის მშენებლობას საქართველოს მთავრობასა და “თელასის” კუთვნილ “ინტერ რაო ეეს”-ს შორის 2007 წელს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
“დოჰენი გლობალ ჯგუფი” და კომპანია “სტაკი” კი საქართველოში ჰესების მშენებლობის სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
ამერიკული და შვეიცარიული კომპანიები განახორციელებენ, სულ მცირე, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესების მშენებლობას მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა პროექტის რეალიზების ზუსტი ვადები ჯერაც უცნობია.


XS
SM
MD
LG