Accessibility links

logo-print

მარტინ ნესირკი: ''ვფიქრობ, ეუთოს კიდევ აქვს საშუალება, შეიმუშავოს საქართველოში საქმიანობის რაღაც სხვა გზა.'' ინტერვიუ ეუთოს პრესმდივანთან


საქართველოში ეუთოს მისია საქმიანობას წყვეტს - ასეთი ცნობა გავრცელდა ნაშუადღევს ვენიდან, სადაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს.

საგანგებო პრესრელიზში ეუთო აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრმა 56-მა სახელმწიფომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელების საკითხში. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა ღრმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში გაგრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ რა სახით გახდება შესაძლებელი ეუთოსთვის, საქართველოში საქმიანობა გააგრძელოს. დავით კაკაბაძე დაუკავშირდა ეუთოს პრესმდივანს მარტინ ნესირკის და სთხოვა მას, მოეთხრო, რა მოხდა სამშაბათს ვენაში.

მარტინ ნესირკი: ფაქტი ის არის, რომ ეუთოს წევრმა 56-მა ქვეყანამ ვერ მიაღწია კონსენსუსს საქართველოში ჩვენი მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელების საკითხში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან მისიის დახურვის პროცესი უნდა დავიწყოთ.

რადიო "თავისუფლება": თქვენ ბრძანეთ, რომ 56-მა ქვეყანამ კონსენსუსს ვერ მიაღწია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 55 ქვეყანა მანდატისთვის ვადის გაგრძელების მომხრე იყო და მხოლოდ რუსეთი იყო წინააღმდეგი?

მარტინ ნესირკი: რუსეთმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ ვერ დაეთანხმება ფორმულირებას, რომლის მიხედვით არსებობს რაიმე კავშირი სამხრეთ ოსეთში ეუთოს საქმიანობასა და დანარჩენ საქართველოში მის მუშაობას შორის. არადა, შეგახსენებთ, რომ ეუთოს არც ერთ სხვა წევრს არ უღიარებია არც სამხრეთი ოსეთი და არც აფხაზეთი.

რადიო "თავისუფლება": ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ ალექსანდრ სტუბმა ღრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი საქართველოში ეუთოს მისიის მოღვაწეობა?

მარტინ ნესირკი: საამისოდ სამი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, მისია საქართველოში მოქმედებს 1992 წლიდან. და მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამდენი წელია, საქართველოში ვმუშაობთ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს. ბევრი გაკეთდა, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია - სხვადასხვა სეფროში, იქნება ეს მედიის თავისუფლება, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი საქმიანობა, ან მუშაობა არჩევნებთან დაკავშირებული რეფორმების კუთხით და, რაც მანდატის საკვანძო სფერო იყო, კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, ანუ მსოფლიოს ამ კუთხეში სტაბილურობის დამკვიდრების ხელშეწყობის საქმეში. მეორე: ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ადამიანური თვალსაზრისითაც. საუბარია 200-მდე ადამიანზე, რომელთა დიდი ნაწილი მრავალი წლის მანძილზე მუშაობს საქართველოში. ახლა მათ ახალი სამსახურის ძიება მოუწევთ. და მესამე: ეს მისია მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ჩვენი საერთო ქსელისა, რომელიც მოიცავს წარმომადგენლობებს კავკასიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიაში და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს მისიები საქმიანობენ მასპინძელი ქვეყნების მთავრობათა განაცხადისა და თანხმობის საფუძველზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება შევიძინეთ და, ამდენად, მისიების საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

რადიო "თავისუფლება": 2006 წლიდან მოყოლებული ეუთო ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამას ახორციელებდა. დღევანდელი გადაწყვეტილება ამ პროგრამის დასასრულსაც ნიშნავს?

მარტინ ნესირკი: ვნახოთ, რა მოხდება ამ მხრივ. აშკარაა, რომ არსებობს უშუალო კავშირი ჩვენს მანდატსა და ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამას შორის. მაგრამ რეგიონისთვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად სხვა საშუალებებიც არსებობს.

რადიო "თავისუფლება": ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა: მისია იხურება. სხვა რა გზები და საშუალებები არსებობს საიმისოდ, რომ ეუთომ განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის დამკვიდრების საქმეში?

მარტინ ნესირკი: ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჟენევის მოლაპარაკებები. სამი რაუნდი უკვე ჩატარდა და მეოთხე რაუნდი თებერვლის შუა რიცხვებისთვის არის დანიშნული. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ მიზნამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. თუმცა, პროცესი, როგორც ჩანს, დაიძრა. და ვფიქრობ, ეუთოს კიდევ აქვს საშუალება, შეიმუშავოს საქართველოში საქმიანობის რაღაც სხვა გზა: მაგალითად, ვარშავაში მოქმედებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი. ამ ოფისის საქმიანობის ხასიათი თვით მისი სახელწოდებიდანაც ჩანს. გამორიცხული არ არის, მუშაობა ჩვენმა ამ ინსტიტუტმა განაგრძოს. ეს შემდგომი მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეუთო მზად არის... ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ იქ, სადაც შეგვიძლია.

რადიო "თავისუფლება": რამდენად რეალისტურია პერსპექტივა, რომ მომავალში ეუთომ ხელახლა გახსნას საქართველოში თავისი მისია?

მარტინ ნესირკი: ეს ეუთოს წევრი 56 ქვეყნის გადასაწყვეტია. რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ საბერძნეთი, რომელიც იანვარში ფინეთისგან გადაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას, ფინეთივით მოწადინებულია და ყველაფერს იღონებს საიმისოდ, რათა ეუთომ რეგიონში საქმიანობა გააგრძელოს.
XS
SM
MD
LG