Accessibility links

„თბილისის ომის“ დაწყებიდან 17 წელი გავიდა


17 წლის წინ, 1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების



დაპირისპირებით დაიწყო ეგრეთ წოდებული „თბილისის ომი“, რომელმაც 15 დღე გასტანა და, არაოფიციალური მონაცემებით, ასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ომის შედეგად, დაინგრა და გადაიწვა ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე შენობა, მათ შორის - პარლამენტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია, ზვიად გამსახურდიას მთავრობამ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას მოჰყვა სამოქალაქო ომი და დაიწყო ქვეყნის მთლიანობის რღვევა.

რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული დაპირისპირება 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევრზე დაიწყო. შოთა ვადაჭკორია, ჩვიდმეტი წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილე, ამბობს, რომ ის, პრეზიდენტ გამსახურდიას სხვა მომხრეებთან ერთად, „მხატვრის სახლში“ ათენებდა ღამეს:

[შოთა ვადაჭკორიას ხმა] „მე მიმაჩნდა, როგორც რიგით ქართველს, რომ ზვიად გამსახურდიასადმი მხარდაჭერა აუცილებლობას წარმოადგენდა. მე, როგორც პროფესიით ისტორიკოსი, ვთვლი, რომ ის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა, იყო ქვეყნის გარედან მართული.“ (სტილი დაცულია)

შოთა ვადაჭკორიას თქმით, სროლა დილაადრიან დაიწყო, თუმცა მას უჭირს იმის დაზუსტება, თუ ვინ ისროლა პირველმა:

[შოთა ვადაჭკორიას ხმა] „ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან გაისროლა. ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს სათავეში მოვიდა ხალხისგან არჩეული ხელისუფლება და ასეთ ხელისუფლებას ესროლეს...“

[ისმის სროლის ხმა]

ხელისუფლება და ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებისაკენ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდნენ. ვითარება დაიძაბა პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას გადადგომისა და პრეზიდენტის მიერ ეგრეთ წოდებული გეკაჩეპეს პუტჩის დროს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმების შემდეგ. გვარდიის დიდი ნაწილი, - დაახლოებით, 15 ათასი კაცი, - თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა.

[თენგიზ კიტოვანის ხმა] „გითხარით, რომ წადით, გადაეცით, რომ მე იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას, იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოუღებ.“(სტილი დაცულია)

თენგიზ კიტოვანი და ოპოზიციის სხვა ლიდერები პრეზიდენტ გამსახურდიას არადემოკრატიული მმართველობის, გეკაჩეპესადმი ლოიალობისა და პროტექციონისტული საკადრო პოლიტიკის გამო საყვედურობდნენ. თენგიზ სიგუა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იხსენებს:

[თენგიზ კიტოვანის ხმა] „თანამდებობებზე ისეთი ხალხი ინიშნებოდა, რომელსაც აბსოლუტურად არც პროფესიონალური განათლება ჰქონდა შესაბამისი და არც მორალური სახით იმსახურებდა ასეთ მაღალ ჩინოვნიკურ თანამდებობებს.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ვიდრე საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდოდა, ხელისუფლებამ 2 სექტემბერს დაარბია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიტინგი, ხოლო 4 ოქტომბერს თბილისის ზღვაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის პირველი შეტაკება მოხდა. აკაკი ასათიანი, უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, ამბობს, რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა:

[აკაკი ასათიანის ხმა] „რადაც უნდა დაგვჯდომოდა, უნდა აგვეცილებინა ეს ამბავი. მე ვარ მოწმე იმისა, რომ ზვიადი იყო ამისთვის მზად. თვითონ კიტოვანიც მზად იყო მოლაპარაკებისათვის. ცნობილია, რომ კიტოვანი პირველ დღეს არ იყო თბილისში. ცხადია, რაღაც ძალები მუშაობდა. უბრალოდ, ჭკუა უნდა გვყოფნოდა, რომ სხვა ძალას არ გამოვეყენებინეთ. თვითონ ეროვნულ მოძრაობაში იყო მწვავე დაპირისპირება, რამაც პიროვნული ხასიათი მიიღო. ესეც გამოხატულება იყო ჩვენი ხასიათის და პოლიტიკური უმწიფრობის.“

ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოლაპარაკება 22 დეკემბრის შემდეგაც სცადეს, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიცია ზვიად გამსახურდიასგან ჯერ თბილისის დატოვებას და ბათუმში წასვლას, შემდეგ კი გადადგომას ითხოვდა. მთავრობის სასახლის დატოვებამდე პოზიცია არც პრეზიდენტს შეუცვლია:

[ზვიად გამსახურდიას ხმა] „რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები არიან, მოღალატეები და გამყიდველები არიან...“(სტილი დაცულია)

დაპირისპირებულმა მხარეებმა პოზიციების შეჯერება ვერც მოგვიანებით შეძლეს. მაშინდელი ოპოზიციის მტკიცებით, 1991 წლის 22 დეკემბერს დაწყებული მოვლენები იყო აჯანყება და ხალხის მიერ წარმოებული ომი, რასაც არ ეთანხმება პოლიტიკური მოძრაობის - „თავისუფლების“ - ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმ] „მე არ ვიტყოდი, რომ ეს ომი იყო, იმიტომ რომ იმისათვის, რომ ვისაუბროთ ომზე, საჭიროა ერთ მხარეზე - მეომარი პარტიის მხარეზე -იყოს მინიმუმ 20 პროცენტი მოსახლეობისა. ეს იყო სამოქალაქო დაპირისპირება, რამაც შედეგად მოიტანა თბილისის ცენტრის დანგრევა, საქართველოს არაერთი პროვინციის აოხრება, უმძიმესი კვალი დაამჩნია საქართველოს ისტორიას, რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით“..

პოლიტიკოსების გარდა, ჩვიდმეტი წლის წინანდელი მოვლენების მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ ისტორიკოსებიც. ზაზა აბაშიძე განმარტავს:

[ზაზა აბაშიძის ხმა] „შეიძლება ვთქვათ, რომ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია და ამ ომს მოჰყვა ბევრი ცუდი რამ, იმიტომ რომ ერთი შეცდომის გამოსწორებაც კი არ არის შეცდომებისგან დაზღვეული. გინდა, რომ გამოძვრე იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ჩავარდი პირველი შეცდომის დაშვების შემდეგ და ვეღარ გამოდიხარ - უშვებ ახალ შეცდომას. ასეთი რამ ძალიან ხშირია ისტორიაში. მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა ის ხელისუფლება, ძალით, იარაღით და კაცის კვლით ხელისუფლების დამხობა არის ყოვლადგამოსარიცხი ყველა საზოგადოებაში.“(სტილი დაცულია)

თუმცა ჩვიდმეტი წლის წინანდელმა საზოგადოებამ მაშინდელი ხელისუფლება არ დაინდო. ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა 6 იანვარს ჯერ მთავრობის სასახლე, მოგვიანებით კი თბილისი დატოვეს. ქვეყნის მართვა იტვირთა სამხედრო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ექს-პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ექს-თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და "მხედრიონის" მეთაური ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის 7 მარტს კი საქართველოში ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა.


XS
SM
MD
LG