Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმი დაფუძნდა


მოსკოვმა უმასპინძლა გაზის ექსპორტიორი ქვეყნების მინისტრების შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ახალი იორგანიზაციის, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის საბოლოოდ ჩამოყალიბება.

ორგანიზაციაში შედიან რუსეთი - მსოფლიოში გაზის უდიდესი მწარმოებელი - და ათზე მეტი სხვა ქვეყანა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გააქარწყლოს დასავლეთის შიში, რომ ეს ორგანიზაცია გაზის ფასების მანიპულაციას მოახდენს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისი და მზარდი ხარჯები გაზის ფასების ზრდას გამოიწვევს:

"მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ენერგორესურსებზე ფასები იკლებს, იაფი ენერგორესურსების, მათ შორის იაფი გაზის ეპოქა დასასრულს უახლოვდება."

ეს განცხადება პუტინმა გააკეთა მოსკოვში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის შეხვედრაზე. ორგანიზაცია 2001 წლიდან არსებობს, მაგრამ აქამდე არ ჰქონია ოფიციალური წევრობის სტატუსი და ხელმძღვანელობა.

წელს რუსეთი, ირანი და კატარი, რომლებზეც მსოფლიოში გაზის ექსპორტის თითქმის ერთი მესამედი მოდის, შეთანხმდნენ ე.წ. "გაზის სამეულის" შექმნაზე. მათ გარდა ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ვენესუელა, ალჟირი, ნიგერია, ლიბია, მალაიზია, ეგვიპტე, გაერთიანებული არაბული საამიროები, ბოლივია, ბრუნეი, ინდონეზია და ტრინიდადი და ტობაგო.

დასავლეთში შიშობენ, რომ ახალმა ორგანიზაციამ შესაძლოა იგივე როლი შეასრულოს, რასაც ასრულებს ოპეკი - ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია. ანუ საბაზრო ფასების მანიპულირება მოახდინოს ორგანიზაციის წევრებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

პუტინის თქმით, ორგანიზაცია საერთაშორისო ნორმების ფარგლებში იმუშავებს: "ჩვენი აზრით, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმი უნდა იქცეს მუდმივმოქმედ ორგანიზაციად საკუთარი წესდებითა და შტაბბინით. იყოს სტრუქტურა, რომელიც წარმოადგენს გაზის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. ხელს შეუწყობს მათი ინტერესების დაცვას, მომხმარებლებთან ცივილიზებული, საბაზრო ურთიერთობების აწყობას."

დასავლეთის შიშებს, რომ ორგანიზაცია ფასების მანიპულირებას მოახდენს, ანალიტიკოსებიც გადაჭარბებულად მიიჩნევენ. საქმე ის არის, რომ გაზის ფასები, ნავთობისგან განსხვავებით, წინასწარ დგინდება საკმაოდ დიდი ხნით ადრე.

მოსკოვის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალი ორგანიზაციის შტაბბინა იქნება კატარის დედაქალაქ დოჰაში.

საგულისხმოა, რომ მოსკოვის შეხვედრიდან ერთ კვირაში, ანუ წლის ბოლოს ვადა გაუდის უკრაინის მიერ ვალების გადახდას, რომელიც მას რუსეთისთვის ჰმართებს გაზისთვის.

გაზპრომმა გააფრთხილა უკრაინა, რომ 1-ლი იანვრიდან შეუწყვეტს მას გაზის მიწოდებას, თუკი კიევი არ გადაიხდის 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალს. ორ მეზობელს შორის დავას ნერვიულად აკვირდებიან ევროპელები, ვინაიდან ევროპა რუსეთის გაზის დიდ ნაწილს უკრაინის გავლით იღებს.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ზეწოლა განახორციელონ კიევზე, რათა რუსეთის გაზმა უკრაინის გავლით დაუბრკოლებლად მიაღწიოს დასავლელ მომხმარებლებამდე.

XS
SM
MD
LG