Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წელი ბალკანეთში


ბალკანეთის ნახევარკუნძულზე წარსული და აწმყო

მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. მაგრამ 2008 წელს რეგიონმა ახალი მიმართულებით დაიწყო ყურება - მომავლისკენ. კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და სამხედრო დამნაშავე რადოვან კარაჯიჩის დაპატიმრების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ბალკანეთი უკვე მზად არის, მოიხსნას ისტორიის ტვირთი და კიდევ უფრო მიუახლოვდეს დასავლეთთან ინტეგრაციის მიზანს. თუმცა ბელგრადში პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, შესაძლოა, მომავლის დადგომა ერთხანს შეაფერხოს. ყოველკვირეულ პროგრამა "ახალ ევროპაში" ბიძინა რამიშვილი თვალს გადაავლებს განვლილი წლის მოვლენებს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პრობლემურ რეგიონში.

2008 წელი ბალკანეთში ორი კრიტიკული მოვლენით დაიწყო. პირველი გახლდათ პროდემოკრატიულად განწყობილი პრეზიდენტის, ბორის ტადიჩის მიერ თავისი ულტრანაციონალისტი მეტოქის დამარცხება რიგგარეშე არჩევნებში. მეორე კი იყო სერბიის პროვინცია კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება.

ეს ორი მოვლენა შემოტრიალების წერტილად იქცა ყოფილი იუგოსლავიისთვის. ეს იყო შემოტრიალება პოლიტიკისგან, რომელშიც ეთნიკური პრობლემები დომინირებდა და ეს იყო ნაბიჯი დასავლეთში უფრო მეტად ინტეგრაციისკენ.

ამ წელმა პოლიტიკური სიმწიფის მაგალითებიც გვიჩვენა. წლის დამდეგს სლოვენიამ - ბალკანეთის ქვეყნებს შორის ევროკავშირის ერთადერთმა წევრმა - ბლოკის მორიგე თავმჯდომარეობა გადაიბარა. აპრილში ნატოში გაწევრიანების მიწვევა მიიღეს ხორვატიამ და ალბანეთმა.

ივლისში, 13 წლის ძებნის შემდეგ, დააპატიმრეს ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი, ბოსნიის 1992-95 წლების ომის დამნაშავედ გამოცხადებული რადოვან კარაჯიჩი. ე.წ. "ბოსნიელი ყასაბი" ჰააგაში გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგა გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებით. სარაევოელი ჟურნალისტის, სენად პეჩანინის თქმით, ეს მიმავალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო:

[სენად პეჩანინის ხმა] "მისი დაპატიმრება ძალზე მნიშვნელოვანია ბოსნიის ომისა და გენოციდის მსხვერპლთათვის. ეს უთოუდ ერთგვარი შვებაა მათთვის და მათი მხრიდან სამართლიანობის მოლოდინისთვის. მართალია, ეს გვიან მოხდა - მის დაპატიმრებას ბევრად უფრო ადრე ველოდით, - მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბოსნიის უახლეს ისტორიაში."

მაგრამ 2008 წლის ბოლოსკენ სულ უფრო მეტად იკვეთებოდა, რომ ეს რეგიონი ჯერაც ერთობ ფეთქებადსაშიშია. კოსოვოში დამოუკიდებლობის გამოცხადებით გამოწვეულ თავდაპირველ სიხარულსა და ფოიერვერკებს მოჰყვა სერბიის მზარდი რისხვა, რომლის ლიდერები უარს ამბობენ, აღიარონ დამოუკიდებლობა ტერიტორიისა, რომელიც სერბული ცივილიზაციის აკვნად მიიჩნევა.

კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბელგრადის ქუჩებში არეულობები მოჰყვა. დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს შეერთებული შტატების საელჩოს და სხვა საელჩოებზეც მიიტანეს იერიში. ძალადობა მალე შეწყდა, მაგრამ დაიწყო ბიუროკრატიული ომი. სერბია თითქმის ექვსი თვის მანძილზე აბრკოლებდა გაეროს ეგიდით მოქმედი ხელისუფლების გადასვლას ახალი ხელისუფლების ხელში, რომელსაც ზედამხედველობას ევროპის კავშირი უწევს.

მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა დაპირისპირება კოსოვოს ალბანურ მოსახლეობასა და სერბულ უმცირესობას შორის. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ბალკანეთის პროექტის დირექტორის, პიტერ პალმერის აზრით, გარდამავალი პროცესი უფრო წარმატებით მიმდინარეობს, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.

[პიტერ პალმერის ხმა]"ეს შეუქცევადია. ცხადია, არის ბელგრადი და ის ქვეყნები - რუსეთი და ევროკავშირის ხუთი წევრი - რომლებმაც არ აღიარეს ის. მაგრამ არავის წამოუყენებია კოსოვოს დამოუკიდებლობის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. დიახ, მართალია, რომ მოვლენები ისე არ განვითარებულა, როგორც ამას იმედოვნებდნენ კოსოვო და ის ქვეყნები, რომლებმაც აღიარეს ის. იდეალური ვითარება არ გვაქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კოსოვოს დამოუკიდებლობა რეალობაა."

კოსოვოს დამოუკიდებლობამ გავლენა მოახდინა სხვა რეგიონებზეც, უპირველეს ყოვლისა საქართველოზე. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ერთ-ერთ მოტივად მოსკოვი სწორედ კოსოვოს პრეცედენტს ასახელებს ხოლმე.

კოსოვოს საკითხმა დამატებითი სიმწვავე შესძინა ისედაც არასტაბილურ რეგიონს. სერბიის გარდა, ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უარი თქვა პროვინციის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მილორად დოდიკისთვის, რომ კოსოვო პრეცედენტად გამოეყენებინა თავად მისი რესპუბლიკის შესაძლო გამოყოფისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინიდან.

2008 წელს ევროპის კავშირმა სერბიას შესთავაზა სტაბილიზაციისა და ასოცირებული წევრობის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების ერთ-ერთ მნიშვნელოვად ეტაპად მიიჩნევა. სანაცვლოდ ბელგრადმა კარაჯიჩი გადასცა ჰააგის ტრიბუნალს. მაგრამ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ბელგრადის მიმართ დათმობები აღარ იქნება, სანამ ის არ დააპატიმრებს რატკო მლადიჩს, კარაჩიჯის არმიის ყოფილ მხედართმთავარსა და ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილს. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, სერბია მლადიჩის დაპატიმრებას არ ფიქრობს. დასავლეთთან ინტეგრაციაში ბელგრადს ხელს უშლის ისიც, რომ მას არა და არ მოჰყავს კანონები ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში.

დასავლეთისთვის დიდი იმედგაცრუება იყო ისიც, რომ გაზაფხულზე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბორის ტადიჩმა კოალიცია შექმნა სოციალისტებთან, სლობოდან მილოშევიჩის ყოფილ პარტიასთან. როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ეს აშკარად მიანიშნებს, რომ ამ მთავრობისთვის ევროინტეგრაცია არც ისე პრიორიტეტულია, როგორც ამას დასავლეთში ფიქრობენ.

2009 წელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მძიმე პრობლემებს უქადის ბალკანეთს, რომელსაც უმუშევრობისა და სიღატაკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. როცა რელიგიურ და ეთნიკურ დაპირისპირებებს ფინანსური კრიზისიც დაემატება, რეგიონმა, შესაძლოა, უარი თქვას სამომავლო ოცნებებზე და კვლავ წარსულის პრობლემებს მიუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG