Accessibility links

საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ტრანშის მიღებაზე


ცნობილია, რომ საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 750 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიიღოს აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის.

ამ თანხის მესამედი საქართველომ სექტემბრის თვეში აითვისა და ლარის კურსის შენარჩუნებას მოახმარა,ხოლო სავალუტო ფონდის დახმარების მომდევნო ტრანშის, 100 მილიონი აშშ დოლარის, მიღებისგან საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა. რატომ?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი ფინანსური დახმარება, 100 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას უნდა მოხმარებოდა. დახმარების მიღებაზე საქართველოს მთავრობის თავშეკავების მიზეზებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დავით ამაღლობელი განმარტავს:

[დავით ამაღლობელის ხმა] „უარი არ თქმულა. უბრალოდ, ეს 100 მილიონი გახდა ხელმისაწვდომი. შეგვიძლია ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ. ჩვენც ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას, რომ ახლა არ იქნას აღებული, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ არის, რეზერვები საკმაოდ მაღალი გვაქვს.“ (სტილი დაცულია)

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან უკვე მიიღო 250 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 15 სექტემბერს დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში გამოიყო. ეს თანხა მთლიანად ეროვნული ვალუტის კურსის შენარჩუნებას მოხმარდა და გამოყოფილი დახმარების შედეგების მიმოხილვა სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ დეკემბრის შუა რიცხვებში დაასრულა. სწორედ მაშინ გადაწყდა საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის, ნია შარაშიძის, კომენტარი:

[ნია შარაშიძის ხმა] „ჩატარდა მიმოხილვა და ფონდმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა ისე ატარებს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომ ეკუთვნის 100 მილიონის მიღება.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაკატოში კატომ, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა:

"საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ხელმძღვანელობის ძალისხმევას, ფინანსური ბაზრების სტაბილიზაციის კუთხით, პირველი დადებითი შედეგები მოჰყვა. ამ პროგრამის ფარგლებში, შეივსო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები, შემცირდა წნეხი საფინანსო ბაზარზე და ხელი შეეწყო დონორების მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარების მოზიდვას, დახმარებისა, რომელიც მიიმართება ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციაზე.“

განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ტაკატოში კატომ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მზაობა, მიიღოს სწრაფი გადაწყვეტილებები ეკონომიკური პოლიტიკის გასაძლიერებლად, იქნება ის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი, რამაც ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი წარმატებული განვითარება უნდა უზრუნველყოს, მძიმე და გაურკვეველი საერთაშორისო ეკონომიკური კონტექსტის ფონზე, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა.

ასეთი კონტექსტის პირობებში დაბალპროცენტიან საერთაშორისო დახმარებაზე უარის თქმა გაუგებრად მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტს დემურ გიორხელიძეს:

[დემურ გიორხელიძის ხმა] „დღევანდელი კრიზისის პირობებში საკმაოდ ეფექტურად შეიძლებოდა ამ თანხების გამოყენება. ამიტომ მთავრობამ უნდა განმარტოს მოტივები, თუ რატომ თქვა უარი. თუ ჩვენ ისეთი მდიდარი გავხდით ამ მოკლე პერიოდში, რომ აღარ გვჭირდება გარე ინექციები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ის ფული, რომელიც საქართველოში არსებობს, არ არის საკმარისი ეკონომიკური აქტივობების შესანარჩუნებლად.“

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 750 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პროგრამა აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო აგრესიით მიყენებული ზარალის დასაძლევად დაიწყო.
XS
SM
MD
LG