Accessibility links

logo-print

რა პერსპექტივა აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას?


რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დასრულებიდან ოთხთვენახევრის შემდეგ მეზობელ ქვეყნებს შორის კვლავინდებურად გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა,

ხოლო ეკონომიკური და კულტურული კავშირები მინიმუმამდეა შემცირებული. რუსეთი უარს არ ამბობს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე და არც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას აპირებს. ამ ფონზე სქართველოში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ კარგავენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის იმედს და, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, როგორც ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის წევრები, პერიოდულად სტუმრობენ მოსკოვს. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც, რომლის მიწვევითაც ამ დღეებში თბილისს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ შვიდკოი და რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლები სტუმრობენ.

რუსეთის დელეგაცია, რომელსაც კულტურის ყოფილი მინისტრი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ შვიდკოი ხელმძღვანელობს, თბილისში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების ოცდათერთმეტი წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. შვიდკოი ამბობს, რომ თბილისში პატრიარქისადმი მადლიერების ნიშნად და კოლეგებთან შესახვედრად ჩამოვიდა:

[მიხეილ შვიდკოის ხმა] „ვფიქრობ, რომ ქართველ და რუს ხალხებს, ქართულ და რუსულ კულტურებს შორის ურთიერთობა არ უნდა გაწყდეს არანაირ ვითარებაში. ტრაგიკულმა გარემოებამ ჩვენი სახელმწიფოები ერთმანეთს დააშორა, მაგრამ სახელმწიფოები ხალხები არაა. ქართველმა და რუსმა ხალხებმა ერთად უნდა იცხოვრონ.”

თუმცა, ამ სურვილის საწინააღმდეგოდ, ქართველი და რუსი ხალხები აგვისტოს ომის შემდეგ ისე დაშორდნენ ერთმანეთს, რომ ურთიერთობის ახალი ძაფების გაბმას შუამავლების დახმარებით თუ ახერხებენ. გამონაკლისი აღმოჩნდა 24 დეკემბერს თბილისში გამართული კონფერენცია, რომლის გახსნისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გამოთქვა იმედი, რომ მეზობელი ქვეყნები ნორმალური ურთიერთობის აღდგენას შეძლებენ:

[ილია მეორის ხმა] „მთელი ჩვენი კულტურა აშენდა რწმენაზე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ კონფერენციას ესწრება რუსეთის ეკლესიის დელეგაცია და საერო პირები. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ურთიერთგაგებას საქართველოსა და რუსეთს შორის.“

საქართველოს პატრიარქი ამბობს, რომ, ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ეკლესიებს შორის. რუსეთის საპატრიარქოსათვის აფხაზეთი და ოსეთი კვლავ საქართველოს შემადგენლობაში რჩება. რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს დრამატული მოვლენების შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია ურთიერთობის შენარჩუნება და დიალოგის გაგრძელება:

[ზურაბ აბაშიძის ხმა] „უნდა შეიქმნას ფონი, რათა ძალიან რთული და დაძაბული ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, რაც სწრაფად არ მოხდება, შედეგებს უცბად ვერ გამოიღებს, მაგრამ ყველამ უნდა ვცადოთ და გამოსავალი მოვძებნოთ, გამოსავალი მოჯადოებული წრიდან. ალბათ, ამ პროცესში ნელ-ნელა ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.“

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მიესალმებიან ყველა მცდელობას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანაბარი და ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე აგებული ურთიერთობის აღდგენას. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კმაყოფილია რუსეთის დელეგაციის თბილისში სტუმრობით, თუმცა იქვე დასძენს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ძალიან კარგია, რომ ასეთი ადამიანები აქ იმყოფებიან, იმიტომ რომ კარგად გაიგებენ ჩვენს პოზიციას. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა: რუსეთმა განახორციელა აგრესიის აქტი, რუსეთმა უარი უნდა თქვას სეპარატიზმის მხარდაჭერაზე, აღიარებაზე და უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი. ვიდრე არ იქნება გათვითცნობიერებული რა მოხდა და მხოლოდ იქნება იმაზე საუბარი, რომ რა კარგია, მოდი რუსებს დაველაპარაკოთ. რაზე ველაპარაკოთ?“ (სტილი დაცულია)

პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის წევრებისათვის საუბრის თემაზე მეტად მნიშვნელოვანი თავად საუბარი და ინტენსიური ურთიერთობაა. მალხაზ გულაშვილი, კომისიის თანათავმჯდომარე, ამბობს, რომ კომისიის წევრთა ძალისხმევამ და ვიზიტმა მოსკოვში გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო:

[მალხაზ გულაშვილის ხმა] „ეს უნდა გამოიყენოს საქართველოს მთავრობამ. ჩვენ გვინდა ავუხსნათ, რომ ის ილუზია, რომ საქართველოს და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება, არ უნდა გვქონდეს. ეს ცალსახად ასეა. რუსეთი შეეცდება არასახელმწიფო სექტორის საშუალებით, ირიბად მოახდინოს დათმობები, რომელთა ნაწილს უკვე ახორციელებს. ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ეს კომისია როგორც ხელისუფლებამ, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.“

სახალხო დიპლომატიასა და კულტურათა შორის დიალოგს ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გოგი ხოშტარია. მისი თქმით, საქართველოს, რომლის ტერიტორია ოკუპირებულია, აქვს რუსეთისადმი სამართლიანი პრეტენზიები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიალოგსა და ლაპარაკს აზრი არა აქვს:

[გოგი ხოშტარიას ხმა] „სანამ რუსეთის ფასეულობათა სისტემა იარსებებს, რაც დღეს გააჩნია, ჩვენს შორის ყოველთვის კონფლიქტი იქნება. ის არის მართლა იმპერიული, რომელიც ჩვენ გვიყურებს როგორც საკუთარ სატელიტს, რასაც ქართველი კაცი არ დათანხმდება. ვიმეორებ, საჭიროა მუშაობა, რომ გააგებინო შენი აზრი. მივიჩნევ, რომ დიპლომატიურ დონეზე ეს არ არის ჯერჯერობით საჭირო, მაგრამ ის, რასაც ჰქვია სახალხო დიპლომატია და კულტურათაშორისი დიალოგი, ეს აუცილებელია.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG