Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უჭირთ და რა ულხინთ იძულებით ადგილნაცვალ პირებს?


დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანსა და რეგიონალური მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ტყეშელაშვილთან ერთად

ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი, როგორც იძულებით ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხების კოორდინატორის, ფუნქცია პრაქტიკულად ამოიწურა. შესაბამისად, დასრულებულია რუსული აგრესიის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების პირველი და მთავარი ეტაპი.

კოდა, გარდაბანი, თელიანი, ახალსოფელი, მეტეხი, ხურვალეთი, გორი, შაუმიანი, სკრა, ბაზალეთი, შავშვები, ბერბუკი, საგარეჯო, თელავი, ქარელი, სურამი, მოხისი, საგურამო, წინამძღვრიანთკარი, ლაგოდეხი და წეროვანი - ესაა სრული ჩამონათვალი იმ სოფლებისა და ქალაქების, სადაც ცხინვალის რეგიონიდან და კოდორის ხეობიდან რუსული აგრესიის შედეგად დევნილი მოსახლეობა კომპაქტურად იქნა დასახლებული. საქართველოს მთავრობის მონაცემებით, ახალ საცხოვრებლებში 16528 ადამიანი, სულ 5041 ოჯახია შესახლებული. აშენებულია 3963 სახლი, იგივე კოტეჯი, დევნილთათვის შეძენილია 453 ბინა და რეაბილიტირებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1500 ბინა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამით აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი მოსახლეობის ახალ საცხოვრებელ სახლებში განთავსების საქმე ამ დროისთვის, პრაქტიკულად, 95 პროცენტითაა შესრულებული:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “გაზაფხულამდე ჩვენ შევძლებთ ასპროცენტიან დაკმაყოფილებას ყველა იმ ადამიანისა, ვინც უსახლკაროდ არის, მაგრამ, დღეისათვის, მე მინდა გითხრათ, რომ 95 პროცენტს იძულებით გადაადგილებულ პირებს ან აქვთ მიღებული სახლები და ცხოვრობენ ამ სახლებში, ან მიღებული აქვთ ეს სახლები და ტექნიკურად მიმდინარეობს შესახლება, ან მიღებული აქვთ კომპენსაციები.“ (სტილი დაცულია)

კომპენსაციები, უფრო ზუსტად კი, თითოეული კოტეჯის სანაცვლოდ მისი მშენებლობისათის დახარჯული თანხის მიღების საკითხი ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის ერთი ნაწილის მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს დღესაც. მთავრობამ ეს საკითხი, ინფლაციის საფრთხისა და კოტეჯების მშენებლობის პროცესის ინტენსიურობის შესაბამისად, უკვე მოხსნა დღის წესრიგიდან. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული კოტეჯის ღირებულებას, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იგი თითქმის 28 000 ლარს შეადგენს.

[დევნილის ხმა] “კარალეთში მყავს მე ნათესავები, მოყვრები. წამოვიდნენ, მიყიდონ, გინდა კაპიკი მისცენ, გინდა მილიონი, წავალ და ვიცხოვრებ. გორთან ახლოსაა ძალიან. მე რა ვიცი, რამდენს აფასებენ. ფული რომ არა მაქვს, როგორ მივიდე?” -კითხულობს დევნილი, რომელიც აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით ადგილნაცვალი პირების ახალ დასახლებებში, კერძოდ, კოტეჯში ცხოვრების კატეგორიული წინააღმდეგია. ასეთია ლიახვის ხეობიდან დევნილი ეს მამაკაციც:

[დევნილის ხმა] “მე ვნახე, რაც არის და ყველა შენობა ვნახე.შიძლება იცხოვროს იქ ვიღაცამ?კონცლაგერია, კაცო, ის ბინა ხო არ არის?“ (სტილი დაცულია)

მათთვის, ვინც ეგრეთ წოდებულ კოტეჯებში ჩასახლების წინააღმდეგია, ფულადი კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარია. თუმცა მათ, ვისაც კოტეჯის სანაცვლო ალტერნატიული ფართი მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის, თბილისში აქვს, შესაძლოა, მალე არჩევანის საშუალებაც აღარ დარჩეთ. თუმცა მოლაპარაკებები მოსახლეობის ამ კატეგორიასთან გაგრძელდება. ზოგადად, კომპენსაციისა და დახმარებების თემას რაც შეეხება, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ დევნილებს, რომლებიც სახელმწიფოს მიერ აშენებულ ახალ სახლებში უკვე შესახლდნენ, მოუწოდა, სახელმწიფოსგან ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, ადგილზე დროულად გაიარონ რეგისტრაცია. ესაა დევნილებზე გაცემული ან გასაცემი დახმარების ის სახე, რომელიც ახალ სახლებში შესახლებულებს პირველადი საჭიროებებისთვის - თუნდაც საახალწლო სამზადისისთვის - შეიძლება დასჭირდეთ.

[კობა სუბელიანის ხმა] “ოღონდ ეს არის სულზე 200 ლარი, დავუშვათ, ხუთსულიან და ექვსსულიან ოჯახს შესაბამისად ერგება. მინდა გითხრათ, რომ ამ კოტეჯში 6 სული თავსდება. ეს არის 65 კვადრატული საცხოვრებელი ფართი, პლუს 600 კვადრატული მიწა, მერე შემოიღობება და პატარა კარ-მიდამო ექნება, სადაც ოჯახისთვის სამყოფი ელემენტარული მწვანილის მოყვანა რომ შეძლოს ადამიანმა“ - ამბობს დევნილთა და განსახლების მინისტრი, რომლის განმარტებითაც, სახლებისაგან განსხვავებით, მიწის ნაკვეთები დევნილებს დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. ნაკვეთების გამოყოფა, მთავრობის გათვლებით, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებამდე დამთავრდება. ამას გარდა, აგვისტოს მოვლენების შედეგად დევნილი ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ, მუშაობას, ჩასახლების ადგილის მიხედვით, მიმდებარე სოფლების შესაბამის სტრუქტურებში განაგრძობენ. სახელმწიფო შრომითი მოწყობის საკითხზე, ასევე იაფი კრედიტის ფარგლებში, მცირე საწარმოების გახსნაზეც იზრუნებს. ასეთია მთავრობის გეგმების ნაწილი.

[დავით ტყეშელაშვილის ხმა] “ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ახალ წლამდე აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად მიღებული დევნილთა რაოდენობის 90–95 პროცენტი მთლიანად იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ მანამ, სანამ ყველა ადამიანი არ იპოვის საკუთარ ახალ საცხოვრებელ ადგილს" - განაცხადა ბრიფინგზე 24 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალური მართვის საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა. ისეთები კი, რომლებმაც უკვე იპოვეს თავიანთი ახალი საცხოვრებელი ადგილი, არიან ჩვენი რესპონდენტები, თამარაშენელები შალვა გოგიძე და მარიამ ლაფაჩი. ისინი ახლა წეროვანში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ.

[შალვა გოგიძის ხმა] “ვიღაცის ჭორი იყო ასეთი, რომ სინესტეაო. დაახლოებით არის ყველა ბინა 40–60 სანტიმეტრზე მიწიდან აწეული. არავითარი სინესტე, არავითარი ჭაობი, არავითარი შეწუხება არ არსებობს აქ და სიმშრალე–არავითარი სინესტე არ არსებობს. ლამინირებული პარკეტია დაგებული. პრიალი გაუდის აქაურობას. არ ვიცი, ძმაო.“ (სტილი დაცულია)

[მარიამ ლაფაჩის ხმა] “ქურთის საავადმყოფოს ექთნებს შენობა გამოუყვეს და ასაქმებენ იმათაც. სკოლა ძალიან დიდი ტემპით შენდება. მაღაზიებიც უნდა აშენდესო, ელიტ–ელექტრონიკსიო. შუქები მუდმივად გვაქვს, გაზის გამათბობელი დაგვიდგეს, თბილა, ძალიან კარგი პირობებია.“ (სტილი დაცულია)

აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგად საქართველოში დროებით ადგილნაცვალი მოსახლეობის საერთო რაოდენობა პოტენციურად თითქმის 31 000 კაცს აღწევს. აქედან სტაბილურად უცვლელი რიცხვია 24 000 დევნილი, დანარჩენი 7 ათასი კი ახალგორის რაიონის მოსახლეობაა, რომელიც მშობლიურ სოფლებში შესვლას ახერხებს, თუმცა იქ დამკვიდრებას მაინც ვერ ბედავს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის ზონიდან მოსახლეობის გამოსვლის პროცესი გრძელდება, თუმცა მათი საბინაო მოწყობის 100 პროცენტით დაკმაყოფილება მხოლოდ გაზაფხულიდან გახდება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG