Accessibility links

logo-print

რით იყო გამორჩული და მნიშვნელოვანი 2008 წელი საქართველოს სამხრეთკავკასიელი მეზობლებისთვის?


2008 წელი სამხრეთ კავკასიაში ომის წელია საქართველოსთვის, საფეხბურთო დიპლომატიის წელი - სომხეთისთვის,

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნის მქონე აზერბაიჯანისთვის კი - მოსკოვისგან ბუნდოვანი მოლოდინების, ერთგვარი გაურკვევლობის, მთიანი ყარაბახის პრობლემის მოგვარების პროცესში საქართველოსთან ნაომარი რუსეთის აქტიური ჩართვის გამო. რით იყო გამორჩული და მნიშვნელოვანი 2008 წელი საქართველოს სამხრეთკავკასიელი მეზობლებისთვის?

2008 წლის 6 სექტემბერს ერევანში გამართული საფეხბურთო მატჩი დასრულდა ანგარიშით 2:0 თურქეთის გუნდის სასარგებლოდ. მაგრამ ეს მატჩი მნიშვნელოვანი არც ამ ანგარიშის გამო ყოფილა და არც იმის გამო( რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის სტატუსს ატარებდა. მის მნიშვნელობას სრულიად არასპორტული ფაქტორი განაპირობებდა. როგორც 2008 წლის სექტემბერში რადიო "თავისუფლების" სომხური სამსახურის ხელმძღვანელი ჰრაირ თამრაზიანი აღნიშნავდა:

[ჰრაირ თამრაზიანის ხმა] "ჩემი აზრით, ეს თამაში უფრო მეტი იყო, ვიდრე საფეხბურთო მატჩი. ეს იყო დიპლომატიური თამაში, რომელშიც, ფეხბურთისგან გასხვავებით, გაიმარჯვა ორივე გუნდმა - თურქეთმაც და სომხეთმაც. მოგეხსენებათ, ამ ორი ხალხის მთელი ისტორიის მანძილზე თურქეთის ლიდერი სომხეთში არასოდეს ჩასულა სტუმრის როლში. ამიტომ ამ ფაქტს ბევრი მიიჩნევს ისტორიულ მოვლენად. ისტორიულ მოვლენად მიიჩნევენ მას სომხებიც."

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს 6 სექტემბერს, ერევანში, თავად თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული დაესწრო. არადა,
სომხეთსა და თურქეთს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ და ორ ქვეყანას შორის საზღვარიც ჩაკეტილია. მძიმე ურთიერთობის სათავე არცთუ ახლო წარსულშია საძიებელი.

სომხეთი თურქეთისგან ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის აღიარებას ითხოვს, თურქეთი კი აცხადებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი ხოცვას მიზამიმართული ხასიათი არ ჰქონია. სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გამოსწორებას ბევრი ფაქტორი უშლიდა ხელს: გამოსწორება ხელს არ აძლევს რუსეთს, რომელიც შიშობს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნით ერევანმა დასვლეთისკენ არ დაიწყოს ყურება; სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება მტკივნეული იქნებოდა აზერბაიჯანისთვისაც. ამას გარდა, თავისთავად აღსანიშნავია სომხეთთან ურთიერთობის გამოსწორების საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება თავად თურქეთში. მაშ, რა მოხდა სექტემბერში, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ? რამ ჩაიყვანა ერევანში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად თურქეთის პრეზიდენტი?

ანალიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ეკონომიკისთვის შექმნილმა პრობლემებმა პრობლემები მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნა და თურქეთს დაანახვა, რომ სომხეთის იზოლაციის შეწყვეტით შესაძლებელი იქნებოდა ენერგომატარებლების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების შექმნა და კრიზისულ ვითარებაში მარშრუტების უფრო მეტი დივერსიფიკაცია.

თურქეთის პრეზიდენტი ერევანში ჩავიდა საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, მაგრამ იქვე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ მისმა ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის ძველთაძველი ფსიქოლოგიური ბარიერი მოშალა. ახლა უკვე საპასუხო მატჩზე ანკარაში სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს ელიან. მაგრამ ერევანში გიულის ვიზიტის შემდეგ რაღაც-რაღაცები შეიცვალა. მართალია, საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების პაქტის ინიციატივით გამოვიდა, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საკუთარი ახალი ინიციატივით გაცილებით იაქტიურა და 2 ნოემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მოსკოვში მთიანი ყარაბახის პრობლემის გარშემო სასაუბროდ მიიწვია. საქართველოზე თავდასხმის ფაქტის გამო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფუჭებული ურთიერთობის პირობებში, ვაშინგტონში მედვედევის ძალისხმევა დადებითად შეაფასეს:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] "პრეზიდენტმა მედვედევმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მინდა, სამართლიანი ვიყო. როცა რუსეთი არ იქცევა სწორად, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მას და ავუხსნათ, როგორ ვხედავთ მის საქციელს. მაგრამ ყარაბახის საკითხთან მიმართებით რუსეთი პოზიტიურად იქცევა" - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.

მოსკოვის შეხვედრაზე გაფორმდა დეკლარაცია. მხარეებმა დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ მთიანი ყარაბახის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. არადა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი მეორე ვადით გაპრეზიდენტებამდე, არჩევნების წინ, როცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე მსჯელობდა, არ აღიარებდა სამშვიდობო გზის უალტერნატივობას. სამშვიდობო გზის ერთგულება წერილობით მან სწორედ 2 ნოემბერს დაადასტურა მოსკოვში.

მთიანი ყარაბახის პრობლემის გარშემო დაწყებულ მოძრაობასთან დაკავშირებით შემდეგნაირ მოსაზრებას გამოთქვამს ლორენს შიტსი, საერთაშორისო კრიზისების ცენტრის საქართველოს პროგრამის დირექტორი:

[ლორენს შიტსის ხმა] "აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იყო ვითარება, რომელიც 15 წლის მანძილზე არ შეცვლილა. ვფიქრობ, ჩვენ მოწმენი ვხდებით ვითარების ცვლილებისა. ცვლილება კი ხდება ისეთი საგარეო ფაქტორების დინამიკის მიხედვით, როგორიცაა სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის როლი."

ბაქოში ოპტიმიზმი არ გასჩენიათ მთიანი ყარაბახის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოსთან ნაომარი რუსეთის გააქტიურების გამო. თუმცა, როგორც აზერბიჯანელი ექსპერტები ხაზგასმით აცხადებენ, ჰეიდარ ალიევის პოლიტიკა რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხებში შესამჩნევად ფრთხილი გახდა. აზერბაიჯანს პრობლემა ხომ რუსეთის მოკავშირე სომხეთთან აქვს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ფრთხილი იყო საქართველოს ორივე უშუალო მეზობლის ღია რეაქციაც საქართველოში მომხდარზე. საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ რეგიონში ბევრი რამ შეცვალა და, როგორც ამ თავდასხმის შემდეგ ერთი ქართველი ექსპერტი აღნიშნავდა, საქართველოს უშუალო მეზობლები დაელოდნენ უფრო მკაფიო ცვლილებებს იმის გასაანალიზებლად, თუ რის მომტანი იქნება ეს ცვლილებები საკუთრივ მათთვის - პოზიტივისა თუ ახალი რისკების.
XS
SM
MD
LG